ახალი წლის აღნიშვნის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ნათესავებისა და მეგობრების მონახულება და მათთვის დღესასწაულის მილოცვაა, რომელსაც  ჩინურად პაინიენი[1] ეწოდება და ჩინური ახალი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წეს-ჩვეულებაა.  ის ერთმანეთისადმი კეთილი სურვილების გამოხატვის მეთოდია, ადამიანები ნათესავებსა და მეგობრებს სტუმრობენ, მათ დღესასწაულს ულოცავენ და ხშირად ისეთ ფრაზებს გამოიყენებენ, როგორიცაა, მაგალითად, „გისურვებთ გამდიდრებას“, „გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს“ და სხვ.

საახალწლო სტუმრობა/მილოცვა, ერთი მხრივ, მოხუცების პატივისცემისა და მეგობრებისა და ნათესავებისადმი სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობა.

ტრადიციის მიხედვით, ითვლება, რომ საყვარელ ადამიანს ახალ წელს რაც უფრო ადრე მიულოცავთ, თქვენი სურვილები მით უფრო გულწრფელი იქნება. უმცროსებმა, პირველ რიგში, უფროსებს უნდა მიულოცონ და ჯანმრთელობა უსურვონ, სანაცვლოდ კი უფროსებისგან დასაჩუქრდებიან.

ახალი წლის პირველ დღეს, ჩვეულებისამებრ, აღმნიშვნელები ახალ ტანსაცმელს იცვამენ, ფოიერვერკებს ისვრიან და ამის შემდეგ ახალი წლის მისალოცად ნათესავებს სტუმრობენ. ტრადიციის თანახმად, პაინიენის  მიმდევრობა შემდეგნაირად განისაზღვრება: პირველ რიგში, ზეცასა და მიწას უნდა სცე პატივი, შემდეგ წინაპრებსა და მშობლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ესტუმრო ნათესავებსა და მეგობრებს.

პაინიენი მთვარის კალენდრის პირველი თვის მე-15 დღემდე გრძელდება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დღესასწაული მისალოც ბარათებს მოიცავს. სუნგის დინასტიაში[2] ხალხი ახალი წლის მისალოც ბარათებს აგზავნიდა, რომლებიც თანამედროვე მისალოცი ბარათების ადრეულ ვერსიას წარმოადგენდა. მინგის დინასტიაში[3] საახალწლო ბარათებს უფრო დახვეწილი ფორმა მიეცა, რომელზეც კეთილი სურვილების გარდა, გამგზავნის სახელი და მისამართიც იყო დაწერილი.

[1] 拜年

[2] სუნგის დინასტია — ჩინეთის საიმპერატორო დინასტია  (960-1279 წწ.).

[3] მინგის დინასტია — ჩინეთის საიმპერატორო დინასტია (1368-1644 წწ.).