მარტი22 , 2024
კულტურადღესასწაულებიგაზაფხულის ფესტივალი ანუ ჩინური ახალი წელი

[:ka]გაზაფხულის ფესტივალი ანუ ჩინური ახალი წელი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

    გაზაფხულის ფესტივალი ანუ ჩინური ახალი წელი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ხანგრძლივი დღესასწაულია ჩინეთში. მას აქვს დიდი ისტორია, ღრმა სიმბოლური დატვირთვა, აერთიანებს ოჯახის წევრებს, ადამიანებს წინაპრებთან და ღმერთებთან აკავშირებს. ასეულობით და ათასობით წლის განმავლობაში ჩინელი ხალხი მოელის ამ დღის დადგომას ოჯახთან შესახვედრისათვის, ბოროტი სულების განდევნისა და იღბლის დაბედებისთვის.

     ჩინურს ვამბობთ, რადგან ეს ახალი წელი განსხვავდება გრიგორიანული კალენდრის ახალი წლისაგან. კერძოდ, ის დაფუძნებულია ტრადიციულ ჩინურ მთვარის კალენდარზე. შესაბამისად, გაზაფხულის ფესტივალის თარიღი ყოველ წელს იცვლება. ის აღინიშნება ზამთრის ნაბუნიობიდან მეორე ახალმთვარეს, რაც 21იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში მერყეობს. წელს გაზაფხულის დღესასწაული 5 თებერვალსაა. ყოველ წელს თავისი წმინდა ცხოველი ჰყავს. მაგალითად, წელს ღორის წელია. თუმცა, დასავლეთში ღორის წელი გრიგორიანულ ახალ წელს იწყება. რეალურად კი ღორის წელი გაზაფხულის ფესტივალიდან ანუ დღეიდან აითვლება.

    გაზაფხულის ფესტივალის დაფუძნებას თავისი ლეგენდა აქვს. დიდი ხნის წინ მთებსა და ზღვის ფსკერზე ცხოვრობდა საზარელი მონსტრი- ნიენი. ის აწიოკებდა სოფლებს, იტაცებდა ხალხს და მათი ხორცით იკვებებოდა. განსაკუთრებით კი ბავშვების გატაცება მოსწონდა. სოფლის მცხოვრებნი დაზაფრულნი იყვნენ, რადგან არ იცოდნენ როგორ ეშველათ თავისთვის. ერთ დღესაც სოფელში მოხუცი კაცი გამოჩნდა. მაშინ როცა სოფლის მცხოვრებნი სოფლიდან გასვლას და დამალვას აპირებდნენ, ეს კაცი სოფელში დარჩა და მათ პირობა მისცა, რომ ნიენს თვითონ მოუვლიდა. მან სახლებზე წითელი ლენტები ჩამოკიდა, შუშხუნები მოიმარაგა, წითელი სამოსი ჩაიცვა და ნიენს დაელოდა. როცა მონსტრი გამოჩნდა, მოხუცმა შუშხუნები დაანთო, ჭურჭელს არახუნებდა და თან გულიანად იცინოდა. ნიენს შეეშინდა და გაიქცა. სოფლის მცხოვრებლებბმა უვნებელი სახლები რომ დაინახეს, მიხვდნენ, ნიენს ხმაურისა და წითელი ფერის ეშინოდა. ამიტომაც, ყოველ წელს, როცა მისი დაბრუნების დრო დგება შუშხუნებს ანთებენ, სახლებს წითლად რთავენ და ხმაურიანად ერთობიან. სიმბოლურია, რომ ნიენის სახელის აღმნიშვნელი იეროგლიფი ( 年 ), ასევე წელიწადსაც აღნიშნავს.

ლომის ცეკვა ნიენის გამოსახულებით

     ჩინური ახალი წელი საკმაოდ ხანგრძლივი ფესტივალია. იგი მთვარის კალენდრის პირველი თვის პირველ რიცხვში იწყება და 15 დღე გრძელდება. შეიძლება ითქვას ეს დღესასწაულების კასკადი უფროა. მზადება ფესტივალისთვის რამდენიმე დღით ადრე იწყება. აუცილებელია ორი-სამი დღით ადრე სახლის დაგვა, ძველი უსარგებლო ნივთებისა და ნაგვის გატანა, ახალი ტანსაცმლის ყიდვა, თმის ვარცხნილობის შეცვლა. ეს ყველაფერი სიმბოლურად აღნიშნავს ძველი წლიდან ყველაფერი ცუდის მოშორებას და ახალი წლისთვის სიახლით შეხვედრას.

     ახალ წლამდე აუცილებელია სახლის შესაბამისად დეკორირება. როგორც წესი სახლს რთავენ წითელი ლენტებით, რადგან წითელი იღბლის, წარმატების, სიხარულისა და ბოროტებისაგან დაცვის ფერია. კარზე გარედან კიდებენ  ამოტრიალებულ ჩინურ იეროგლიფ “福”-ს, რაც ნიშნავს „სიმდიდრეს“, „ბარაქიანობას“. რატომაა იეროგლიფი ამოტრიალებული? ზოგადად ჩინელებს უყვართ სიტყვებით თამაში და აქაც ეს შემთხვევაა- ამოტრიალება, თავდაყირა დაყენება ჩინურად გამოითქმის როგორც „ტაო“ ( 倒 ), ზუსტად მსგავსად გამოითქმის „მოსვლა“ ( 到 ). შესაბამისად ბარაქიანობის იეროგლიფის ამოყირავებულად დაკიდება სიმბოლურად ნიშნავს ბაქარიანობის, სიმდიდრის მოსვლას.

     ახალი წლის წინა დღე ოჯახის გაერთიანების დღეა. წარსულშიც და ახლაც, მნიშველობა არ აქვს რამდენად შორს ხარ სახლიდან, ამ დღისთვის აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდე და ახალი წლის წინა ვახშამი ერთად ჭამოთ. ახალ წელს ფეიერვერკებითა და ასაფეთქებლებით ხვდებიან. ზოგადად ამ მონაკვეთში ასაფეთქელებს ხშირად იყენებენ- ეს ტრადიციისამებრ ბოროტი სულების განდევნას ნიშნავს. ქუჩებში იდგმება დრაკონისა და ლომის ცეკვები. ზოგის აზრით, ამ ცეკვებით ლეგენდარულ ურჩხულ ნიენს განასახიერებენ.

    საკუთრივ ახალი წლის პირველი დღე ზეცისა და მიწის ღმერთებს ეძღვნებათ. ეს სწორედ მათდამი მსხვერპლშეწირვა და რიტუალების ჩატარება იყო გაზაფხულის ფესტივალის თავდაპირველი მიზეზი, ახალი მოსავლიანი წლის მისაღებად.. ამ დღეს უმნიშვნელოვანესია ოჯახის უხუცესი წევრებისადმი პატივისცემის გამოხატვა, მათთან სტუმრობა. ახალი წლის მეორე დღეს, ტრადიციისამებრ ცოლის ოჯახს სტუმრობენ. ძველ ჩინეთში გათხოვილ ქალს ხშირად არ შეეძლო სახლში დაბრუნება, ამიტომ ამ დღეს მისდამი პატივისცემას გამოხატავენ და ოჯახში აბრუნებენ.

ოჯახთან დაბრუნება გაზაფხულის ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა

 

   მოყოლებული პირველი დღიდან ვიდრე მე-15 დღემდე, თითოეულ დღეს თავისი დანიშნულება აქვს. მე-15 დღეს იმართება ცნობილი „ფარნების ფესტივალი“. ამ დღეს ყოველი ოჯახი ცაში ფერად ფარნებს უშვებს. ლეგენდის მიხედვით ერთხელ ადამიანებმა ნეფრიტის იმპერატორის წერო მოკლეს. განრისხებულმა იმპერატორმა დედამიწის გადაწვა ითხოვა. მისმა მსახურებმა ადამიანებს ფარნების გაშვება ურჩიეს სანამ იმპერატორის წყრომა გადაივლიდა. მართლაც, ყველამ ასე გააკეთა, მიწის ზედაპირი ზეცაში აჭრილი ფარნებით გაივსო. ზემოდან მაცქერალ ნეფრიტის იმპერატორს კი ეგონა, რომ ქვემოთ ცეცხლი ენთო და დაკმაყოფილდა.

    ფესტივალი რაა საჭმლის გარეშე. ჩინელები ისედაც ჭამის მოყვარული ხალხია და ბუნებრივია ამ დიდ დღესასწაულსაც შესაბამისად აფორმებენ. არსებობს რამდენიმე, სპეციალურად ახალი წლისთვის გასაკეთებელი კერძი, რომელიც სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს: ბრინჯისაგან დამზადებული „ახალი წლის ნამცხვარი“, თევზი, ძიაო წ’ ( ჩინური პილმენი ). თითოეულ ამ კერძს აქვს თავისი მნიშვნელობა. მაგალითად, ახალი წლის ნამცხვარი ჩინურად გამოითქმის როგორც „ნიენკაო“, „კაო“ ნიშნავს ნამცხვარს და ასევე მაღალს. ამგვარად „ნიენკაო“ ასოცირდება უფრო მაღალი, უკეთესი წლის დადგომასთან. „ძიაო“ ნიშნავს გაცვლას, მიმოცვლას. შესაბამისად ძიაო წ’ ასოცირდება ახალი წლის პერიოდში ერთმანეთში საჩუქრებისა და ემოციების გაცვლასთან. ჩინურში არის ახალი წლის მისალოცი ასეთი გამოთქმა- ნიენ ნიენ იოუ იუ ( 年年有余)- გისურვებ ყოველ წელს მეტი ნამატი გქონოდეს. ნამატი და თევზი ზუსტად ერთნაირად გამოითქმის- იუ. ამიტომ ახალი წლის შესახვედრ ვახშამზე თევზს ბოლომდე არასოდეს ჭამენ. ნახევარს იტოვებენ და შემდეგ წელს ასრულებენ. ეს სიმბოლურად აღნიშნავს წინა წლის ნამატის ახალ წელიწადში გადასვლას.

 

გაზაფხულის ფესტივალის სუფლის ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი- ჯიაო წ’ და ნიენკაო

    გაზაფხულის დღესასწაულის პერიოდში უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. თუ ცოტა ახლოს არ იცნობთ ჩინურ კულტურას, შეიძლება დიდი შეცდომა დაუშვათ. მაგალითად, ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე დღის განმავლობაში დაგვა, დაბანა, ნაგვის გატანა, თმის შეჭრა არ შეიძლება, რადგან ასე შეიძლება ახალი წლის მოტანილი კარგი იღბალი ჩამოიშორო. მხოლოდ ახალი წლიდან მეექვსე დღეს შეიძლება სახლიდან ნაგვის გატანა. ამ ქმედებით სახლიდან სიღარიბეს აგდებენ. როგორც ვთქვით, მეორე დღეს შეიძლება ცოლის ოჯახს ესტუმრო, მაგრამ თუ ეს ამ ფესტივალის სხვა დღეს გააკეთე, შენი ქმედება ნიშნავს, რომ ცოლთან უთანხმოება მოგივიდა და მას უკან აბრუნებს.

  დიდი სიფრთხილე გმართებთ საჩუქრის ჩუქებისას. ახალი წლის პერიოდში არავითარ შემთხვევაში საჩუქარი არ უნდა იყოს ფეხსაცმელი, მაკრატელი ან სხვა მჭრელი ნივთი. ფეხსაცმელი ნიშნავს, რომ ურთიერთობის დატოვება გსურს. მჭრელი ნივთი კავშირების გაწყვეტას აღნიშნავს. დაუშვებელია საათის ან დროის სვლის აღმნიშნელი სხვა ნივთის ჩუქებაც. როგორც წესი, გაზაფხულის ფესტივალზე საჩუქრების სახით ხილს იყენებენ. ტრადიციულია ასევე ე.წ. „წითელი შეკვრის“ ( „ხონგპაო“ 红包 ) სახით ფულის ჩუქება.

დღესასწაულებზე, განსაკუთრებით კი გაზაფხულის ფესტივალის დროს “წითელი შეფუთვების” ჩუქება მნიშნელოვანი ტრადიციაა

   რადგანაც გაზაფხულის დღესასწაული ამდენად მნიშვნელოვანი ფესტივალია, ამ პერიოდში ჩინეთში საყოველთაო ერთკვირიანი დასვენებები ცხადდება. უზარმაზარი რაოდენობის ადამიანები გადაადგილდებიან მთელი ჩინეთის მასშტაბით. ამ ფენომენს „გაზაფხულის ფესტივალის მოძრაობას“ უწოდებენ- იწყება ფესტივალამდე 15 დღით ადრე და დღესასწაულიდან 25 დღის შემდეგ სრულდება. ამ 40 დღიან მონაკვეთში ჩინელებმა 2016 წელს 2.9 მილიარდი ერთჯერადი მოგზაურობა შეასრულეს.

მატარებლების სადგური „გაზაფხულის ფესტივალის მოძრაობის“ პერიოდში

    ჩინური ახალი წელი დიდი მონდომებით აღინიშნება. ის არამხოლოდ ცოცხალ ოჯახის წევრებს კრებს ერთად, არამედ ტრადიციები და გარდაცვლილებისადმი რიტუალები მათ აკავშირებს წინაპრებთანაც. ფაქტობრივად ესაა ფესტივალი, რომელიც ჩინეთის, ერთი დიდი ოჯახის, წარსულსა და აწმყოს დროებით აერთიანებს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები