აპრილი17 , 2024
ინტერვიუინტერვიუ ქართველ სინოლოგ მარინე ჯიბლაძესთან

ინტერვიუ ქართველ სინოლოგ მარინე ჯიბლაძესთან

-

- Advertisment -spot_img

ბოლო პერიოდში ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ქართულ საზოგადოებაში ჩინელების მიმართ აგრესია გამოიწვია, ჩინელებს ჭამის კულტურის გამო აკრიტიკებდნენ და ამ მიზეზით ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ, რაც საბოლოოდ ქსენოფობიაში გადაიზარდა.
ჩინეთი და ჩინელი ხალხი, შეძლებს თუ არა ჩინეთი გაუმკალვდეს კორონავირუსს და, ზოგადად, ჩინეთის მნიშვნელობა მსოფლიოსა და საქართველოში. სინომედია ამ თემებზე გაესაუბრა ქართველ სინოლოგს, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს, მარინე ჯიბლაძეს.

ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოება მოიცვა პანიკამ, რა იყო თქვენი რეაქცია?

უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტური ეთიკა ეწინააღმდეგება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. გასაგებია,  რომ რეიტინგი მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პროფესიონალიზმი არ გულისხმობს მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეს, არამედ ასევე მოიაზრებს ინფორმაციის სისწორესა და ხარისხს. 

ამგვარი პანიკის საფუძველი არ არსებობდა და ზუსტად  ეს იყო არასწორად მოწოდებული ინფორმაციის შედეგი. არასწორად მოწოდებული ინფორმაციის მიზეზი კი არის სხვადასხვა მიზნით გავრცელებული არასარწმუნო წყაროების გამოყენება, ამ შემთხვევაში: დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდილი ციფრი,  ვირუსის წარმოშობის შესახებ დაუდასტურებელი ვერსიები, ყველა სიცხიანი ადამიანის, როგორც კორონავირუსით დაინფიცირებულთა გამოცხადება და გაშუქება და ასე შემდეგ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხში უკიდურესი შიში და გაღიზიანება.

თქვენ როგორ შეხვდით ეპიდემიის ამბავს

რასაკვირველია, ყოველი ეპიდემიის აფეთქება იწვევს შიშს, მაგრამ, იქედან გამომდინარე, რომ უკვე მქონდა 2003 წელს ჩინეთში სარსის დროს ცხოვრების გამოცდილება (იმ პერიოდში იქ ვსწავლობდი სადოქოტორო პროგრამაზე), ჯერ კიდევ 17 წლის წინ, ჩინეთმა მოკლე ვადებში და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით მოახერხა პრობლემის დაძლევა. მაგალითად, მახსოვს, უნივერსიტეტებში გამოცხადდა კარანტინი და დაახლოებით 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო ჩვენი საუნივერსიტეტო კამპუსიც, გვაწვდიდნენ პირბადეებს, აუდიტორიებში გაიხსნა მარკეტები, კამპუსიდან გასვლის ნებართვას მხოლოდ რექტორი გასცემდა. უნივერსიტეტის გარეთ კი, ყველა პირბადეებში გადაადგილდებოდა, სავაჭრო ობიექტების შესასვლელებში ყველას ტემერატურას უმოწმებდნენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აქტიურად ტარდებოდა დეზინფექცია. მართალია, სარსი კორონავირუსთან შედარებით უფრო ლეტალური იყო, მაგრამ მალევე მჟღავნდებოდა, კორონავირუსი კი უფრო სწრაფად ვრცელდება, რადგან გვიან ვლინდება. თუმცაღა დღეს, ახალი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას უფრო ხარისხიანად და დაჩქარებული ტემპებით, გაუმკლავდეს პრობლემას. ჩინეთს კი ნამდვილად გააჩნია ამის რესურსი და წარსული გამოცდილება. 

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ქსენოფობიური კომენტარები ჩინელების მისამართით, როგორ გამოეხმაურებით ამ ამბავს და რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩინელებს ამ მძიმე პერიოდში ლანძღავს 

პირველ რიგში, როგორც ვიცი და როგორც თავად ჩინელები აღნიშავენ, უმცირესობაშია ჩინეთში ის ადამიანები, რომლებიც იკვებებიან მთელი რიგი უცნაური საკვებით და ეს ჩინელებისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის და ეს ნამდვილად არ არის ჩინური კვების კულტურის ნაწილი. წლებია ვცხოვრობდი ჩინეთში, მაგრამ მენიუში არასდროს შემხვედრია ასეთი სახის კერძები. 

ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთი-ორი ვიდეოს გამო, მთელი ერის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება და მაშინ, როდესაც ჩვენს ჩინელ მეგობრებს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანამდგომა და გამხნევება, ამ ნიშნით მათი გაკრიტიკება წაქცეულზე წიხლის დარტყმის ტოლფასია. 

საქართველო დიდი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყანაა თავისი კაცთმოყვარე და ტოლერანტი ხალხით. მე მჯერა ჩვენი ხალხის ღირსების, დიდსულოვნებისა და სულგრძელების, ვირუსს ეროვნება არ გააჩნია და უნდა შევძლოთ ჩინეთის მხარში დადგომა, როცა იქ ახლა განსაცდელშია დიდი თუ პატარა. 

ჩინეთი, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ქვეყანა, რა მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და როგორი მოკავშირეა ის?

ჩინეთი ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა და მისი მნიშვნელობა მსოფლიოში სულ უფრო იზრდება; მას აქვს თვალსაჩინო ეკონომიკური მიღწევები და ბევრს მუშაობს,  რათა გაუთანაბრდეს ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს. ჩინეთი ადგას მშვიდობიანი განვითარების გზას და ესწრაფვის თანასწორობასა და ურთიერთსარგებლიანობას. პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და დაუღალავად აცხადებს ყველგან და ყოვლეთვის, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული და საიმედო პარტნიორია, განახორციელა დიდი ინვესტიციები და შემოწირულობები ჩვენთან, ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივას აქტიურად ეხმაურება, საქართველო ჩინეთისათვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის. 

საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი დერეფანია, რის გამოც საუკეთესოდ გამოდგება ჩინური კომპანიებისათვის სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშნველოვანია, რადგან ჩვენ გვსურს ვიყოთ სრულფასოვნად თავისუფალი და განვითარებული ქვეყანა, რომელიც თავისი მომხიბვლავი პირობებით  შეძლებს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები. ამიტომ, არ უნდა მივცეთ არავის საშუალება ნებითა და უნებლიეთ საქართველოს დააკარგვინოს სტაბილური განვითარების საშუალება. 

როგორი ხალხია ჩინელები და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ უცხოელების მიმართ?

ჩინელი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე, ტრადიციული და მეგობრულია. მე წლები ვცხოვრობდი ჩინეთში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას და დადებითის გარდა, არაფერი მახსოვს ჩინელი ხალხისგან. ჩვენი სტუდენტები ჩინეთში ერთხელ გამზაგავრების შემდეგ, გული ისევ ჩინეთისკენ მიუწევთ.

სინოლოგები ანუ ჩინეთმცოდნეები, ჩინური ენის სპეციალისტები, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, მედიაპლატფორმა „სინომედია“ და სხვანი აქტიურად ვმუშაობენ იმაზე, რომ მეტი გაიგოს ჩვენმა ხალხმა ჩინეთზე და ჩინელ ხალხზე. ამ მიმართულებით იქმნება შესაბამისი ლიტერატურა, ხშირად ეწყობა სხვადასვა სახის აქტივობები: კონკურსები, ოლიმპიადები, ფორუმები, შეხვედრები, ლექციები, პრეზენტაციები, საზაფხულო სკოლა ჩინეთში და ა.შ საზოგადოებაც დიდი სიამოვნებით ერთვება ყველაფერში. გარდა ამისა, საქართველოში ჩინურ ენას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეუფლება, ისინი გადიან სტაჟირებას ჩინეთში და წარმატებით საქმდებიან კერძო კომპანიებსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში. ამასთან ერთად, ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციასაც აქტიურად ვეწევით. დიდი წვლილი შეაქვთ ამ საქმეებში ჩინეთისა და საქართველოს საელჩოებს, ორი ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლობებს, საპარტნიორო ფონდსა და სხვა ორგანიზაციებს.

ჩინელებსაც აქვთ ანდაზა “患难见真情”, რაც ნიშნავს „ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობა“. მინდა ვუსურვო ქართველ და ჩინელ ხალხს მშვიდობა და ბედნიერება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინელი ხალხი მალევე გადალახავს ამ სიძნელეს. მსოფლიო, მათ შორის ჩინეთის მეგობარი ქვეყანა – საქართველო თანამდგომას უცხადებს და უდიდეს წარამატებებს უსურვებს მათ!   

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები