პეკინის street food

ნინა მარღანია

0

ჩინეთში პირველად ჩასულს, კერძების მრავალფეროვნება სკეპტიკურად განგაწყობთ, მითუმეტეს, როდესაც მრავალი „უცნაური“ საჭმლით სავსე დახლებთან მოხვდებით. 

პეკინი ჩინეთის თითქმის ყველა პროვინციის სამზარეულოს მიქსს წარმოადგენს და ამას თავისი ისტორიული ახსნა მოეძებნება. საუკუნეების განმავლობაში, პეკინი ჩინეთის დედაქალაქის სტატუსს არ თმობდა, იქ სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანები იყრიდნენ თავს, რამაც ქალაქის ყოფა-ცხოვრების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. ამასთან ერთად, „საიმპერატორო საკვებმაც“ დიდი გავლენა იქონია. აკრძალულ ქალაქში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული საუკეთესო მზარეულები, იმპერატორის ოჯახისთვის თავის მოწონებას და საკუთარი ოსტატობის წარმოჩენას ცდილობდნენ. პეკინურ სამზარეულოში სხვადასხვა პროვინციისთვის დამახასიათებელმა კერძებმა ნელ-ნელა დაიმკვიდრეს ადგილი. 

დღეს პეკინის სამზარეულო, ძირითად კერძებზე მეტად, წასახემსებლებით არის ცნობილი, რასაც დახლებზე, ქუჩებში შეხვდებით. რომელიმე snack street-ზე მისულს, კულტურული შოკიც შეიძლება დაგემართოთ. დაღამებასთან ერთად, ქუჩები ფერად-ფერადი ნათურებით ინთება და გურმანები პეკინის snack street-ებზე ინაცვლებენ. პეკინში ათამდე ე.წ. snack street-ია, სადაც უამრავი ტრადიციული კერძის დაგემოვნება შეგიძლიათ. მაგალითად, ერთ-ერთ ქუჩაზე მხოლოდ ბაყაყის ხორცისგან დამზადებულ კერძებს მოგართმევენ. ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობს კიბორჩხალას რესტორნები, სადაც მოსახვედრად, გრძელ რიგში დგომაც კი მოგიწევთ.

ამ ქუჩებიდან ვანგფუძინგს (Wangfujing) გამოვყოფდი. აქ პეკინის თითქმის ყველა საჭმელია თავმოყრილი. აქაურობას მეტ ეგზოტიკას, მცირე ზომის შამფურებზე აცმული, საკვებად გამზადებული მორიელები და მწერები მატებს. ვანგფვუძინგის Snack street-ზე ცენტრალური ქუჩიდან, საფეხმავლო ბილიკით მოხვდებით.

ეს ძველი სავაჭრო უბანია, ამიტომ აქაურობა განათებული და აჭრელებულია. ქუჩაზე ფეხის შედგმისთანავე, გამყიდველების შეძახილები და დახლებიდან წამოსული ოხშივარი შეგხვდებათ. როგორც წესი, ამ ქუჩის დათვალიერება შემწვარი კალიების, სენტიპიდებისა და გველების განყოფილებიდან იწყება. დამფლინგებით დაწყებული და მთვარის ნამცხვრებით დამთავრებული, აქ ყველაფრის გასინჯვას შეძლებთ. 

მე შევეცადე თქვენთვის პეკინური, აუცილებლად დასაგემოვნებელი საკვები წარმომედგინა. მაშ ასე: 

პეკინური კრეპი (ძიენპინგ 煎饼), რომელიც საუზმის საუკეთესო ვარიანტია. დილით პეკინის ქუჩებში გამოსული, ძიენპინგის დახლებთან აუცილებლად ნახავთ გრძელ რიგებს. ჩინურის არცოდნის მიუხედავად, მისი შეკვეთა ძალიან მარტივია. ძიენპინგის ფოტოებდართულ ვარიანტებს, ყველა დახლთან იპოვნით. მისი დაგემოვნება, როგორც ბოსტნეულით, ასევე სტაფილოსა და ძროხის ხორცის შიგთავსით შეგიძლიათ.

ძიენპინგის მომზადების ყურებაც არანაკლებ საინტერესოა. ზოგიერთ მზარეულს ხელი ისე აქვს გაწაფული, რომ 2-3 წუთში მოგიმზადებენ. მისი ფასი საშუალოდ 1 დოლარია.

იხვი პეკინურად (北京烤鸭)  პეკინის სამზარეულო იხვის დაგემოვნების გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია. მას პეკინის უამრავი რესტორნის მენიუში იპოვნით, თუმცა უმჯობესია მაინც ისეთი ადგილი აარჩიოთ, სადაც მხოლოდ იხვის მომზადებაზე არიან კონცენტრირებულები.

როგორც წესი, იხვი მაგიდასთან მთლიანად მოაქვთ და მას თქვენს თვალწინ ჭრიან. მზარეული გულდასმით ანაწევრებს იხვის თხელ ნაჭრებს. დარჩენილი ძვლებისგან კი სუპის მომზადებას გთავაზობენ.

იხვის ხორცთან ერთად, კრეპები, სიგრძეზე დაჭრილი კიტრი, შაქარი, ახალი ხახვი და ლობიოს მოტკბო სოუსი მოაქვთ, სასურველ რაოდენობას, იხვის ხორცთან ერთად, კრეპში მოათავსებთ და Bon apptit! 

დამფლინგი (ძიაოწი 饺子) პეკინის სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარი კერძია. ქალაქის რესტორნებში ათეულობით სახის დამფლინგს შეხვდებით. ხორცის, ბოსტნეულისა თუ კრევეტის დამფლინგები, პეკინელების საყვარელი საკვებია და თითქმის ყოველ მეორე დღეს მიირთევენ. სტაფილოს შიგთავსიანი ვარიანტი, ამ კერძის წინაპრად ითვლება.

დამფლინგს, უმეტეს შემთხვევაში, მოხარშულს ამჯობინებენ, თუმცა შემწვარიც უგემრიელესია. გირჩევთ, ორივე ვარიანტი თავად დააგემოვნოთ.

მონღოლური ჰოთ ფოთი(ხუო კუო 蒙古火锅), რომელიც პეკინურ ცივ დღეებში გათბობის საუკეთესო საშუალებაა. მონღოლურის გარდა, სიჩუანური ჰოთ ფოთიც ძალიან პოპულარულია, თუმცა უფრო ცხარეა. ეს უკანასკნელი კი ნაკლები სიცხარით გამოირჩევა. უბრალოდ აარჩიეთ საყვარელი ინგრედიენტები, როგორც ბოსტნეულიდან, ასევე ხორცეულიდან, რამდენიმე წუთი თქვენს წინ მოთუხთუხე ქვაბში მოხარშეთ და მიირთვით.

მალათანგი(麻辣烫), ისევე როგორც ჰოთ ფოთი, სხვადასხვა ინგრედიენტებისგან თქვენ უნდა დააკომპლექტოთ. შედიხართ, იღებთ კალათს და მასში სხვადასხვა პროდუქტს ათავსებთ. მალათანგის შემთხვევაში მას მოხარშვა არ სჭირდება, მზარეული მას უბრალოდ საჭირო სოუსებით შეკაზმავს და მისი სიცხარის დონეს თქვენთან გადაამოწმებს.

მალათანგში მხოლოდ კიბორჩხალას ჩხირებსა და თევზის მითბოლებს იყენებენ. ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, წითელი კომბოსტო, ლოტოსის ფესვი და მწყერის კვერცი, ის პოპულარული ინგრედიენტებია, რასაც ხშირად იყენებენ. მზარეული ბოლოს სეზამის სოუსის დამატებას შემოგთავაზებთ, რაზეც აუცილებლად უნდა დათანხმდეთ. 

ჩინური პურ-ფუნთუშა (მანთოუ 馒头), რაც პეკინურ პურს წარმოადგენს. ჯერ თუ არ გსმენიათ, გეტყვით, რომ ჩინელები პურს არ მიირთმევენ, ამიტომ რთულია სადმე ჩვენი მსგავსი, დროჟიანი პურის პოვნა. პეკინური მანთოუ კი საუკეთესო საშუალებაა, პურის ჭამის სურვილი დავიკმაყოფილოთ. მითუმეტეს, რომ მას ყველა მენიუსა და მარკეტში იპოვით.

პეკინური იოგურტი (სუანნაი 北京酸奶) აუცილებლად დასაგემოვნებელი პროდუქტია, რომელიც პეკინში სტუმრობისას უნდა ცადოთ. თაფლიანი იოგურტი, ბერძნულ იოგურტს ძალიან ჰგავს და ეს პეკინელებს ძალიან უყვართ. ქუჩაში იოგურტით მოსეირნე ადგილობრივებს ხშირად ნახავთ.

ეს კი პეკინში ფართოდ გავრცელებული პეკინური ბარბექიუა (ჩუარ  串儿). მის გარეშე ადგილობრივი ქუჩები წარმოუდგენელია. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეს ნიშანი „串“ რომელიც აბრაზე საახალწლო ნაძვის ხესავით განათებული ციმციმებს და თქვენც დააგემოვნეთ „პეკინური მწვადი“.

როგორც წესი, ჩუარს ძველ, ისტორიულ უბნებში, პირდაპირ ქუჩებში შეხვდებით. დაბალ მაგიდებთან შეკრებილი   ადგილობრივები, მადინად შეექცევიან ჩუანარებს და ლუდს აყოლებენ.

ხის მომცრო ზომის შამფურებზე, ხორცის გარდა ბოსტნეულის ბარბექიუსაც შეხვდბით. აქაც შეგიძლიათ თქვენვე აარჩიოთ ჩუანარის შამფური და მზარეული სახელდახელოდ მოწყობილ ნახშირის ან ელექტრო მაყალზე მალევე მოგიმზადებთ.  ჩუანარის მთავარი ინგრედიენტი რამდენიმე სახის სუნელია, რასაც ცხარე სოუსთან ერთად ბოლოს გიმატებენ. 

ტურისტებს ე.წ. stinky tofu-ს სუნი აფრთხობთ. ეს არის შემწვარი ტოუფუ, რომელიც შეკმაზულია ცხარე სოუსითა და ქინძით. ეს სნექი პოპულარულობით არ სარგებლობს, თუმცა დაგემოვნების შემთხვევაში გაგაოცებთ მისი სუნისგან რადიკალურად განსხვავებული და საინტრესო გემო. მის სურნლს პეკინის ქუჩებში ადვილად ამოიცნობთ.

ქუჩის ტკბილეულიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებული თანგხულუ (糖葫芦). ჩვენებურად კი ხილის შიგთავსიანი მამალო, რომელიც როგორც პატარების, ისე დიდების საყვარელი ტკბილეულია. პეკინური საჭმელებისა და მწერების დაგემოვნებას ამ გემრიელი დესერტით ნამდვილად დააგვირგვინებთ.

LEAVE A REPLY