[:ka]

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე: “დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება სხვადახვა თვალსაზრისით, მათ შორის, უშუალოდ ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საკუთრივ ბიბლიოთეკისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დანაკლისს ვანაზღაურებთ, ვხსნით ჩინური ლიტერატურის კუთხეს, ვფიქრობ ამ ტიპის კულტურის და ამ მასშტაბის ტრადიციების მქონე ქვეყნის ლიტერატურის კუთხე აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც ასევე აქვს სერიოზული პრეტენზია კულტურაზე.”

“ვგეგმავთ, აქტიურად ვიმუშაოთ ლიტერატურული კავშირების გაცვლის მიმართულებით, გვინდა რომ ითარგმნოს რაც შეიძლება ბევრი ჩინელი ავტორი ქართულად და პირიქით,  თანამედროვე ქართველი ავტორები ჩინურად”.

“ამ ღონისძიების საპასუხოდ მიღწეულია შეთანხმება, რომ ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება პეკინში ჩინეთში ეროვნულ ბიბლიოთეკაში” – განაცხადა გიორგიმ.

ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ. ასევე სიტყვა წარმოთქვა განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ჩინეთმცოდნე (სინოლოგ) – პროფესორმა მარინე ჯიბლაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.

ძი იენჩი: “დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებში, მე ვიმედოვნებ, რომ ჩინური ლიტერატურის კუთხე კიდევ გაფართოვდება. ამ ორ ქვეყანას ხომ უძველესი ენები და კულტურა გააჩნია და მათი შერწყმით დიდი სინათლე წარმოიქმნება.”

“საქართველო ჩინეთთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ უძველესი ისტორიითა და კულტურით ჩინეთი და საქართველო თანაბარია” განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინეთის, ჩინურ ენის და კულტურის შესახებ დაცული მასალა წარმოდგენილია ქართულ, ჩინურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. ჩინეთის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა და სამომავლოდ ჩინური ლიტერატურის კუთხის გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია” და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო”.

[:]