„სიაო ნიენ[1]“ ტრადიციული ჩინური ფესტივალია, „სიაონიენიეს“[2] ასევე უწოდებენ „კუო სიაონიენ“[3]. ჩრდილოეთ ჩინეთის მოსახლეობა მთვარის კალენდრით მეთორმეტე თვის 23-ე დღეს უწოდებს „პატარა წელს“, ხოლო სამხრეთელები – იმავე თვის 24-ე დღეს.

„ძი წაო“ (祭灶[4]) ძალიან გავრცელებული და ჩინელი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა. წარსულში „სამზარეულოს ღმერთის“ სალოცავს ან მის კერპს ყოველი ოჯახის სამზარეულოში იხილავდით.

„სამზარეულოს ღმერთი“ ახალი წლის წინა დღის შემდეგ იმავე ოჯახში რჩება, მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვის 23 რიცხვში კი გაემგზავრება ცაში, რომ იმპერატორ იუ ხუას[5] ამ ოჯახის ავკარგიანობაზე მოუთხროს. მისი მონაყოლის მიხედვით, იმპერატორი ოჯახს ან დაასაჩუქრებს, ან დასჯის. შესაბამისად, „სამზარეულოს ღმერთის“ მონათხრობი ძალიან მნიშვნელოვანია.

   ადამიანები ღმერთის გულის მოსაგებად მას ნესვს, ტკბილეულს და ახალი წლის ნამცხვარს სწირავენ და იმედოვნებენ, რომ მისგან კურთხევას მიიღებენ.

   ჩინეთში ასევე გავრცელებულია ტრადიციაა, რომ მამაკაცები თაყვანს არ სცემენ მთვარეს, ხოლო ქალები – სამზარეულოს. სწორედ ამიტომ, „სამზარეულოს ღმერთისთვის“ შესაწირის მირთმევის რიტუალში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ.

„სამზარეულოს ღმერთისთვის“ შესაწირის მირთმევისას ჩინელები კუანგტუნგის(广东)კანფეტებს[6] ადნობენ და ღმერთის კერპს პირზე უსვამენ – შეწებებული ტუჩებით რომ ვეღარ შეძლოს იუ ხუანგისთვის ადამიანების ცუდი ქმედებების შესახებ მოყოლა.

ახალი წლის წინა დღეს „სამზარეულოს ღმერთი“ სხვა ღმერთებთან ერთად ბრუნდება დედამიწაზე გაზაფხულის ფესტივალის აღსანიშნავად, სწორედ ამ დროს იმართება „სამზარეულოს ღმერთის დახვედრის“ ცერემონია. ამ დღისთვის ჩინელები მთვარის კალენდრით მეთორმეტე თვის მერვე დღიდან ემზადებიან: იწყებენ სახლის დალაგებას, დაგვას, რისი დანიშნულებაც უიღბლობისგან გათავისუფლებაა. დასუფთავება სრულდება მეთორმეტე თვის ოცდამეოთხე დღეს, სწორედ ამიტომ, ამ დღეს პეკინში „სახლის დალაგების დღეს“ უწოდებენ.

„სახლის დალაგების დღეს“ დიასახლისები, პირველ რიგში, საწოლებსა და ავეჯს გადასაფარებლებს აფარებენ, შემდეგ კი იწყებენ კედლების, მაგიდების, იატაკის, ფანჯრებისა და სახურავის წმენდას. ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ოჯახის წევრები ჩათვლიან, რომ სახლი თავიდან ბოლომდე დალაგებულია და ახალივით გამოიყურება, ისინი მზად არიან „სამზარეულოს ღმერთის“  დასახვედრად.

[1] 小年 – „პატარა წელი“. წელიწადი მთვარის კალენდრით, რომლის ბოლო თვეში 29 დღეა.

[2] 小年夜(სიაონიენიე)- მთვარის კალენდრით ახალი წლის წინა დღე

[3] 过小年 – მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის აღნიშვნა.

[4] 祭灶 (ძიწაო) – სამზარეულოს ღმერთისთვის შესაწირის მირთმევა.

[5] 玉皇大帝- უმაღლესი ღვთაება ტაოიზმში.

[6] ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთიდან გავრცელებული ტკბილეული.