მარტი25 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ვეიცი - ჩინური სტრატეგიული თამაში

ვეიცი – ჩინური სტრატეგიული თამაში

ოთარ ჭიღლაძე

-

- Advertisment -spot_img

ვეიცი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და მრავალთა მიერ აღიარებული, როგორც ყველაზე რთული სამაგიდო თამაშია.

დღესდღეობით თამაშის საერთაშორისო სახელია გო, რაც მოდის მისი იაპონური სახელწოდების – იგო-ს გამარტივებისაგან. ჩინეთში მას უწოდებენ ვეიცის, კორეაში – ბადუკს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას დიდი წვლილი მიუძღვის მის განვითრებაში, ვეიცი ჩინური თამაშია. ლეგენდის მიხედვით ვეიცი შექმნა ნახევრად ლეგენდარულმა მეფე- იაომ, მეორე ვერსიით იაოს მემკვიდრე – შუნმა ( დაახ. ძვ.წ. 24-ე საუკუნე ). დღემდე დაუდგენელია ზუსტად როდის შეიქმნა ეს თამაში. უძველესი ცნობები მის შესახებ არის ჩინურ ტრაქტატებში- „წუო ჭუანი“ ( ძვ.წ.V-IV ს. ),  კონფუცის „ანალექტები“ ( ძვ.წ. V-IV ს. ) და „მენგ წი“ ( ძვ.წ. IV ს. ) . ამ წყაროებში მოხსენებულია თამაში „ი“, თუმცა მისი წესები ზუსტად არაა ახსნილი და შესაბამისად ვერ დავაზუსტებთ იყო თუ არა ამ დროს „ი“ ვეიცის სინონიმი.

ხანის დინასტიის ეპოქიდან ( ძვ.წ. 206- ახ.წ. 220 ) უკვე ჩნდება სპეციალური წიგნები, რომლებიც ეძღვნება თამაშ ი-ს წესების ახსნასა და სტრატეგიების ჩამოყალიბებას. ამ წყაროებიდან ჩანს, რომ ი არის იგივე ვეიცი და ტერმინი ვეიციც სწორედ ხანის დინასტიის დროიდან შემოდის ხმარებაში. ხანის ეპოქიდანვე შემორჩა ვეიცის უძველესი დაფების არქეოლოგიური ნიმუშები, რომლებიც ძვ.წ. II და ახ.წ. II საუკუნეებით თარიღდება. საინტერესო ფაქტია, რომ ეს დაფები 17 ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზისაგან შედგებოდა, მაშინ როცა თანამედროვე ვეიცის სათამაშო დაფები არის 9-9, 13-13 და 19-19. როგორც ჩანს, ანტიკურ და შუა საუკუნეების ჩინეთში 17-17-იანი დაფაც გავრცელებული იყო, თუმცა მოგვიანებით ხმარებიდან ამოიღეს.

ვეიცის თამაშობს ორი მოთამაშე შავი და თეთრი ქვებით 9-9, 13-13 ან 19-19 დაფაზე. 19-19 დაფა მიჩნეულია სტანდარტულ ზომად. ჩვეულებრივ თამაშს იწყებს შავი, ამიტომ თეთრებს ეძლევათ დამატებითი ქულა- ე.წ. კომი, დაახლოებით 6-7 ქულა.

მოთამაშეები თითო ჯერზე თითო ქვას დებენ ხაზების გადაკვეთის წერტილებზე. აკრძალულია უკვე დაკავებულ წერტილზე მეორე ქვის დადება. მოთამაშეს აქვს საკუთარი სვლის გამოტოვების- პასის უფლება, თუმცა თუ ორივე მოთამაშე გამოტოვებს სვლას თამაში სრულდება, ამიტომ მოთამაშეები თამაშის ბოლომდე არ იყენებენ ხოლმე ამ უფლებას. მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ დროზე ადრე დანებება.

თამაში იწყება ცარიელ დაფაზე, თითოეული ქვის ღირებულება თანაბარია და ქვის დადება შეიძლება ყველგან, სადაც ჯერ ქვა არ დევს ( გარდა თვითმკვლელობის შემთხვევისა ). თამაშის მიზანი არის მოწინააღმდეგეზე მეტი ტერიტორიის დაკავება და გამაგრება. ვეიციში ერთმანეთსაა შერწყმული თავდაცვა და თავდასხმა. თუ მეტი ტერიტორიის დაკავების მიზნით ქვებს გაფანტავ დაფის დიდ სივრცეზე, შესაძლოა ისინი ერთმანეთს ვეღარ დააკავშირო, ხოლო თუ პრიორიტეტად საკუთარი ქვების დაკავშირებას და კონკრეტული მცირე ტერიტორიის უსაფრთხოდ აღებას დაისახავ, დაფის დანარჩენი ნაწილის წაგების რისკის წინაშე აღმოჩნდები.

ვეიცის მოთამაშეების რანჟირების სისტემა ტოკუგავას პერიოდის ( 1603-1868 ) იაპონიიდან იღებს სათავეს. არსებობს ვეიცის მოთამაშის შეფასების ორი ძირითადი ტერმინი- კიუ და დანი. თანამედროვე რანჟირების სისტემის მიხედვით აბსოლუტური დამწყებს ენიჭება 30 კიუს წოდება. განვითარებასთან ერთად მოთამაშე მიიწევს 1 კიუსკენ. 1 კიუს შემდეგ არის 1 დანი. დანი ოსტატის წოდებაა ვეიციში. საკუთრივ დანი იყოფა სამოყვარულო და პროფესიონალურ დანად. სამოყვარულო დანი 1 დანიდან ადის 7 დანამდე, ხოლო პროფესიული დანი კი 1 დანიდან 9 დანამდე. 9 პროფესიული დანის მფლობელების რიცხვი ძალიან მცირეა. ძირითადად ამ ჯგუფში შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების- ჩინეთი, კორეა, იაპონიის წარმომადგენლები შედიან. ერთადერთი დასავლელი, ვინც შეძლო 9 პროფესიული დანის მოპოვება არის მაიკლ რედმონდი.

2015 წელს პირველად ისტორიაში ვეცის პროგრამამ- ალფაგომ დაამარცხა ევროპის ჩემპიონი 19-19 დაფაზე ჰანდიკაპის გარეშე. მომდევნო წელს გაუმჯობესებული ალფაგოს მატჩი მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონთან ვეიციში- კორეელ ლი სედოლთან. ხუთი თამაშიდან ალფაგომ ოთხი მოიგო და ერთი წააგო. 2017 წელს მსოფლიო ვეიცის რეიტინგის პირველ ნომერს- ჩინელ ქე ძიეს სამიდან სამი ხელი მოუგო ალფაგომ და როგორც ვეიცის, ისე კომპიუტერული ტექნიკის განვითარების ისტორიაში ახალი სიტყვა თქვა. 

ალფაგო ლი სედოლის წინააღმდეგ

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები