საახალწლო ფულს (压岁钱 ია სუეიციენ) უფროსი თაობის წარმომადგენლები გადასცემენ უმცროსი თაობის წარმომადგენლებს. ვახშმის შემდეგ, რომელიც ახალი წლის წინა ღამეს იმართება, უფროსებმა წინასწარ მომზადებული ფული წითელი ქაღალდის კონვერტში უნდა ჩადონ და ბავშვებს ამ ფორმით გადასცენ. ამბობენ, რომ ასე ხდება ბოროტი სულების დათრგუნვა და განდევნა, რაც თავის მხრივ, ბავშვებისთვის მშვიდი და უსაფრთხო წლის გარანტიას იძლევა.

წითელი კონვერტის (红包 ხუნგპაო) საჩუქრად გადაცემა ჩინური ახალი წლის თანმხლები ერთგვარი ტრადიციაა. ამ ტრადიციის თანახმად, წითელი კონვერტის გადაცემა ბავშვებისთვის, მათთვის კეთილი სურვილებისა და იღბლის გადაცემას ნიშნავს. კონვერტში ჩადებული ფული რეალურად მხოლოდ ბავშვების გახარებას ემსახურება, ტრადიციის ძირითადი არსი კი თავად წითელ კონვერტში მდებარეობს, რადგან სწორედ ის განასახიერებს იღბალს.

压岁钱 (ია სუეიციენ) სიტყვა სიტყვით ითარგმნება, როგორც „ფული, რომელიც გამოიყენება ბოროტი სულების დასათრგუნად ან განსადევნად“. ზოგადად, დაქორწინებულ ადამიანს არ შეუძლია უარით უპასუხოს ბავშვის თხოვნას წითელი კონვერტით საახალწლო ფულის გადაცემის შესახებ, რადგან ამ შემთხვევაში მისთვის მომავალი წელი უიღბლო იქნება.

ფულის რაოდენობა წითელ კონვერტში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა თანხის რაოდენობა აუცილებლად ლუწი უნდა იყოს, რადგან კენტი რაოდენობის თანხა პანაშვიდის დროს გადაცემულ თანხასთან ასოცირდება.