ფარნების ფესტივალი

Mariam Gegetchkori

0
68

   ფარნების ფესტივალი, იგივე იუენსიაოძიე[1] ან ტენგძიე[2] მთვარის კალენდრის პირველი თვის მე-15 დღეს აღინიშნება და გაზაფხულის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ჩვეულებრივ, ფერადი ფარნების ჰაერში გაშვებით, ნავების შეჯიბრის ჩატარებითა და სადღესასწაულო ფოიერვერკებით აღინიშნება.

ფარნების ფესტივალი შერიგების, მშვიდობისა და მიტევების სიმბოლოა. ფერად ფარნებზე ხშირად გამოცანებსაც წერენ, რომლის ამოხსნის შემთხვევაში გამომცნობი საჩუქრდება. ვინაიდან გამოცანების გამოცნობა ცოდნასა და ბედნიერებასთანაა დაკავშირებული, ის ფარნების ფესტივალზე საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული გართობის საშუალებაა. ფესტივალი მოიცავს ლომისა[3] და დრაკონის[4], „იანგკესა“[5] და „თაიფინგკუს“[6] ცეკვებს.

    დღესასწაულის პერიოდში  მიირთმევენ თანგიუენსა[7]და იუენსიაოს[8], რომლებიც წებოვანი ბრინჯის ბურთულებია. ბრინჯის ბურთლებს იუენსიაოს ჩრდილოელები ეძახიან, ხოლო სამხრეთ ჩინეთში მას თანგიუენს უწოდებენ. ჩრდილოელები შიგთავსად სეზამს, ტკბილი ლობიოს მარცვლებსა და თხილს იყენებენ, ხოლო სამხრეთელები ტკბილ და მარილიან შიგთავსს ანიჭებენ უპირატესობას. ბურთულების მრგვალი ფორმა ოჯახური ერთობისა და მთლიანობის სიმბოლოა.

ფარნების დღესასწაულის ტრადიცია ხანის დინასტიას[9] უკავშირდება, როდესაც ბუდისტი ბერები ბუდასადმი პატივისცემას ფარნების ანთებით გამოხატავდნენ. მოგვიანებით, აღნიშნული რიტუალი ადგილობრივ მოსახლეობაშიც გავრცელდა როგორც ჩინეთში, ასევე, აზიის სხვა ნაწილებშიც. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ზეციდან ულამაზესი წერო ჩამოფრინდა, რომელიც სოფლის მოსახლეობამ მოკლა. ამან ღვთაება უ ტის[10] განრისხება გამოიწვია და მან მთვარის კალენდრის პირველი თვის მე-15 დღეს სოფლის ცეცხლით განადგურება გადაწყვიტა. ეს სასტიკი ჩანაფიქრი მისმა გულკეთილმა ქალიშვილმა შეაჩერა, რომელმაც მოსახლეობას მამის მიზნები გაუმხილა. ერთმა ბრძენმა კაცმა სოფლის მოსახლეობას მთელი სოფლის მასშტაბით წითელი ფარნების ანთებისკენ მოუწოდა, რაც ქალაქის აალების იმიტაციას შექმნიდა.

   ღვთაებამ ფარნების დანახვისას ივარაუდა, რომ ქალაქი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული. შესაბამისად,  ფარნების დამსახურებით ქალაქი განადგურებას გადაურჩა და მადლიერების ნიშნად ხალხმა ამ მოვლენის ყოველწლიურად ფარნების ჰაერში გაშვებით აღნიშვნა დაიწყო.

[1] 元宵节

[2] 灯节

[3] 舞獅 (უში) – ტრადიციული ჩინური ცეკვა, რომელიც განასახიერებს მოცეკვავე ლომს.

[4] 舞龙 (ულუნგ) – ტრადიციული ჩინური ცეკვა, რომელიც განასახიერებს მოცეკვავე დრაკონს.

[5] 秧歌(იანგკე) – ჩინური ხალხური ცეკვა, რომელიც სუნგის დინასტიის (960-1279 წწ.) გავრცელდა.

[6] 太平鼓 (თაიფინგკუ) – ჩინური ცეკვის სახეობა, რომელიც დოლის დაკვრას მოიცავს.

[7] 湯圓 (თანგიუენი)

[8] 元宵 (იუენსიაო)

[9] ხანის დინასტია — საიმპერატორო დინასტია ჩინეთში ძვ.წ. 206 წლიდან ახ.წ. 220 წლამდე.

[10] 玉帝 (იუტი) – ღვთაება ჩინურ კულტურაში.