Home კულტურა ისტორია ცინ შიხუანგტი – ჩინეთის პირველი იმპერატორი

ცინ შიხუანგტი – ჩინეთის პირველი იმპერატორი

0
78

ჩინეთის პირველი იმპერატორი ცინ შიხუანგტი ძვ.წ. 259 წელს ჭაოს სამეფოში დაიბადა. ცინის სამეფოს ახალდაბადებულ პრინცს ჭაო ჭენგი დაარქვეს. მომავალმა იმპერატორმა პირველი რამდენიმე წელი სამშობლოდან შორს გაატარა. მისი დაბადების დროს ჩინეთი ჯერ კიდევ „მეომარ სამეფოთა“ ეპოქაში იმყოფებოდა. ჯერ კიდევ არ არსებობდა ერთიანი ჩინეთი, ჩამოყალიბებული იყო მრავალი სამეფო სამთავრო, რომლებიდანაც ძვ.წ. მე-3 საუკუნის დასაწყისში მხოლოდ 7 დარჩა: ცინი, ჩუ, ხანი, ჭაო, ვეი, იენი, ცი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცინის  სამეფო იყო.

ძვ.წ. 246 წელს ჭაო ჭენგის მამა, ცინის მეფე გარდაიცვალა და სულ რაღაც 13 წლის ჭაოს მოუწია მეფის პასუხისმგებლობის აღება. თავდაპირველად რეალური ძალაუფლება ჭაოს დედის ხელში იყო, როდესაც ჭაო ჭენგი წამოიზარდა, მის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება ჩაახშო, ხელისუფლების სადავეები თვითონ დაიჭირა და ერთპიროვნულ მმართველობას შეუდგა. 

ჭაო ჭენგი ძალიან ამბიციური პიროვნება იყო. ის მხოლოდ ცინის მეფობას არ დაკმაყოფილდა და მიზნად დაისახა ყველა ჩინური სამეფოს დაპყრობა და ჩინეთის გაერთიანება. ძვ.წ. 230-221 წლებში მან მიყოლებით მოაწყო სამხედრო ექსპედიციები მეზობელ სამეფოებში და ყველა მათგანი ცინის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. მიზნის მიღწევის შემდეგ, მან უარყო ტრადიციული მეფის ტიტული და ახალი წოდება- „ხუანგტი“ ანუ იმპერატორი შექმნა. რამდენადაც გაერთიანებული ჩინეთის პირველი იმპერატორი იყო, დაირქვა ცინ შიხუანგტი – ჩინეთის პირველი იმპერატორი.

იმპერიის ჩამოყალიბებიდან მალევე ცინ შიხუანგტიმ, მთავარი ვეზირის- ლი სის დახმარებით, დაიწყო მთელი რიგი რეფორმების გატარება. უპირველეს ყოვლისა მოშალა საზღვრები ძველ სამეფოებს შორის, გააერთიანა ზომა-წონის ერთეულები, შემოიღო საერთო ვალუტა და საერთო დამწერლობის სტილი, ასევე შექმნა ახალი კოდექსი მთლიანი იმპერიისათვის. ახალი კანონები საშინელი სიმკაცრით გამოირჩეოდა. მცირე ქურდობაც კისიკვდილით ისჯებოდა. დააარსა ახალი დედაქალაქი – სიანგიანგი (თანამედროვე სიანი). რაც მთავარია, ცინ შიხუანგტიმ დაასრულა ფეოდალიზმი, რაც გულსხმობდა იმას რომ თანამდებობები აღარ გადაეცემოდა მემკვიდრეობით.

ცინ შიხუანგტი ზოგადად განდიდებით შეპყრობილი პიროვნება იყო. მის სახელს უკავშირდება მსოფლიოში რამდენიმე ცნობილი პროექტი, როგორიცაა ჩინეთის დიდი კედელი. რეალურად თავდაცვითი კედლები სამეფოებს შორის გაცილებით ადრე არსებობდა. ცინ შიხუანგტიმ უბრალოდ ჩრდილოეთით არსებული კედლები ერთმანეთს დააკავშირა და შექმნა ერთიანი თავდაცვითი სისტემა ჩრდილოელი მომთაბარეების – სიონგნუს წინააღმდეგ.

სიცოცხლის ბოლო წლებში იმპერატორი სიკვდილის შიშმა შეიპრყო. იგი გამალებით ეძებდა უკვდავების ელექსირს. გარდა იმისა, რომ სასახლის სწავლულებს მსგავსი ელექსირის შექმნა დაავალა, არაერთი ექსპედიცია გაგზავნა მის საძიებლად. საბოლოოდ, ძვ.წ. 210 წელს სწორედ ერთ-ერთი ასეთი „უკვდავების ელექსირის“ მიღების შეეწირა კიდეც. სავარაუდოდ ელექსირი ვერცხლისწყლის დიდ დოზას შეიცავდა. პირველი იმპერატორი სიკვდილის შემდეგაც კი გრანდიოზული იყო. მისი სამარხი დღემდე აოცებს მნახველებს. რვა ათასი ტერაკოტას ჯარისკაცით დაცული აკლდამა უთალავ სიმდიდრეს ინახავს, მაგრამ დღემდე დალუქულია და შესაბამის დროს ელოდება.

NO COMMENTS