“我爱你中国’’ – არც ჩინური სიმღერის სათაურს ვგულისხმობ და არც შაბლონურად ვწერ, ეს ის სიტყვებია, რაც გულიდან ამომდის.  ხშირად მითქვამს და გამომიხატავს ჩინეთისადმი სიყვარული, მაგრამ ახლა ალბათ მას ამ სიტყვების გაგონება ყველაზე მეტად სჭირდება.

 ჩინეთი კორონა ვირუსს რამდენიმე ათეული დღეა ებრძვის, ებრძვის იმ ყველა ეფექტური რესურსითა და საშუალებით, რაც ჭეშმარიტად გააჩნია. ამ გასაჭირის ჟამს, მე და ჩემი მეუღლე ჩინეთის სამხრეთში, ქალაქ კუანგჭოუში (იგივე გუანჭოუში) ვიმყოფებით, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, ჩვენს სამშობლოში – საქართველოში ატეხილი პანიკისა, არ ვთვლით საჭიროდ ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას.

ჩვენ ჩინეთმა მიგვიღო, დაგვაფასა, მოგვცა განათლება, შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა – საქართველო მთელს ჩინეთს გავაცნოთ ყველა თავისი დადებითი რესურსით, ვასწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, შევაყვაროთ საქართველოში მოგზაურობა, ქართველი ერი. ამისთვის კი ჩინეთის სახელმწიფო მხარში გვიდგას და გულწრფელად მხარს გვიჭერს, ჩვენთან ერთად დიდი სიამოვნებით ერთვება ყველა იმ ჩატარებულ ღონისძიებაში, რაც საქართველოს პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.  

ჩინეთი ის სახალხო რესპუბლიკაა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 200 მილიონამდე აშშ. დოლარის ღირებულების პროდუქციაა ექსპორტირებული. ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უამრავი სასტიპენდიო პროგრამა ცხადდება საქართველოში, რაც ჩინური ენითა და ჩინეთით დაინტერესებულ ქართველ სტუდენტებს აძლევს ჩინეთში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას. ამ ყველაფრის ფონზე კი ჩვენ ქართველებს რა შეგვიძლია, მხოლოდ ის რომ მორალურად დავუდგეთ ჩინელებს მხარში და თბილი სიტყვებით გავამხნევოთ, რაც მათთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთვის კი ყველაზე ადვილი.

ქალაქ უხანში 10 დღეში აშენებული საავადმყოფო, რომლის გასამართად 24 საათიან რეჟიმში  4000-ზე მეტი მუშახელი იყო მობილიზებული,  რომელიც 3 თებერვალს მზად იქნება ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად და სამკურნალოდ – ეს  მწირი მაგალითია იმის ნათელსაყოფად, რომ ჩინეთი უძლიერესი ქვეყანაა, უზარმაზარი რესურსით, შესაძლებლობითა და უნარით.

ეჭვი არავის გვეპრება შენს შესაძლებლობებში ჩინეთო, შენ შეძლებ,  დაძლევ, დაამარცხებ და გადალახავ!