ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიური ქვეყანაა. თქვენს სახლში არსებული კონდიცირების სისტემა, დიდი ალბათობით, ჩინეთშია დამზადებული. ისევე, როგორც თქვენი კომპიუტერი და, შესაძლოა, ფეხსაცმელიც.

თუმცა, არსებობს უფრო საინტერესო ფაქტებიც ჩინეთის ეკონომიკაზე, ვიდრე ჩინეთიდან იმპორტირებული ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ჩინეთის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში საგრძნობლად გაზარდა მილიარდერების რიცხვი. ერთ დროს მხოლოდ ტრადიციის ნაწილი დღესასწაულები დღეს უკვე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითისთვის, ჩინური ახალი წელი უკვე წლებია აზიის კონტინენტზე უდიდესი საშოპინგო კვირაა.

გთავაზობთ 9 ფაქტს ჩინეთის ეკონომიკაზე, რომლებზეც, შეიძლება, აქამდე არაფერი გსმენიათ:

ჩინეთი აშშ-სგან ყიდულობს იმაზე მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ვიდრე კანადა და მექსიკა

ჩინეთი აშშ-ს ყველაზე დიდი საექსპორტო პარტნიორია, როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. აშშ-მ 2018 წელს $9,2 მილიარდის სოიოს მარცვლები გაიტანა ექსპორტზე. აქედან ნახევარზე მეტი კი ჩინეთმა შეისყიდა და აჯობა შეერთებული შტატების ორ უახლოეს მეზობელს, კანადასა და მექსიკას.

ჩინეთში არსებობს Walmart-ზე და Amazon-ზე დიდი სავაჭრო კომპანია

თუ თქვენ თვლით, რომ Walmart-ი ან Amazon-ი ყველაზე დიდი კომპანიებია, რომლებიც სხვადსხვა პროდუქციით ვაჭრობენ, თავიდან დაფიქრდით. როგორც უშუალოდ გაყიდვებით, ასევე ონლაინ გაყიდვებით ამ მხრივ მსოფლიოში ლიდერი Alibaba გახლავთ. ჩინური ონლაინ გაყიდვების გიგანტი ამაზონზე სამჯერ მეტი საქონლით ვაჭრობს. ალიბაბა აქტიურად იმკვიდრებს ადგილს ამერიკულ ონლაინ-ვაჭრობის სივრცეშიც და უკვე მეექვსე კომპანიაა ამ კომპონენტით აშშ-ში.

ჩინეთი მილიარდერების რაოდენობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში შეერთებული შტატების შემდეგ

ბოლო მონაცემებით ჩინეთში 388 მილიარდერი ცხოვრობს. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში 680. ჯამურად, ამერიკელ მილიარდერებს სამჯერ მეტი ღირებულების ქონება აქვთ, ვიდრე მათ ჩინელ “კოლეგებს”. თუმცა, გასაოცარია ჩინეთში მილიარდერების ზრდის ტემპი. მხოლოდ 2017 წელს მათ 55 ახალი წევრი შეემატა. 2018 წელს კი – 49.

ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში ქონებით 21-ე ადგილზეა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონება $131 მილიარდს შეადგენს. ჯეკ მა, რომელიც ალიბაბას აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ, მხოლოდ 21-ე ადგილს იკავებს ფორდბსის მილიარდერების სიაში და ჩამოუვარდება ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი და მარკ ცუკერბერგი. მისი ქონების ჯამური ღირებულება $40 მილიარდს აღემატება.

ჩინელი მომხმარებლები ძვირადღირებულ ნივთებზე წლიურად $73 მილიარდს ხარჯავენ

McKinsey-ს მონაცემებით 2016 წელს ჩინეთში 7,6 მილიონი ოჯახი იყო, რომელსაც შეეძლო ძვირადღირებული ფუფუნების ნივთების შეძენა. ამ ტრენდს მილენიალები უდგანან სათავეში და ჯამში 2018 წელს ძვირადღირებულ საქონელზე ჩინეთში $73 მილიარდი დაიხარჯა. რაც ამ სეგმენტის საქონელზე მსოფლიო ვაჭრობის მესამედს შეადგენს.

1970-2010 წლებში ჩინეთის ექსპორტი 954%-ით გაიზარდა

წლების მანძილზე ჩინეთის ეკონომიკა ჩაკეტილი იყო და თითქმის არ ვაჭრობდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. მსოფლიოს ბანკის მონაცემების მიხედვით, 1970 წელს ექსპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 3%-ს უტოლდებოდა. 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26% გახდა. ისტორიულ მაქსიმუმს კი 2006 წელს მიაღწია, როცა ეს პარამეტრი 36% იყო.

საშუალო ჩინური ოჯახის შემოსავალი ბოლო 10 წლის მანძილზე 400%-ით გაიზარდა

ჩინეთის მზარდმა ეკონომიკას მხოლოდ მილიარდერების რიცხვი არ გაუზრდია ქვეყანაში. 2002-2012 წლებში, საშუალო ჩინური ოჯახის შემოსავალი წლიური $987-დან $4273-მდე გაიზარდა. ეს 400%-ზე მეტი ზრდაა. 2013 წელს ეს რიცხვი $4806 იყო, რაც 2002 წლის მონაცემზე თითქმის 5-ჯერ მეტია.

უზარმაზარი მოსახლეობის მიუხედავად, ჩინეთში უფრო ნაკლები ღარიბი ცხოვრობს, ვიდრე შეერთებულ შტატებში

მსოფლიო ბანკის მიხედვით, სიღარიბის ზღვარი განსაზღვრულია დღიური $1,90-ით. 2015 წელს, ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 0,7% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვევით. ეს კი დაახლოებით 9,9 მილიონი ადამიანია. ჩინეთის მოსახლეობა დაახლოებით 1,35 მილიარდი გახლავთ.

ჩინეთის ადგილობრივი სიღარიბის ზღვარი მსოფლიო ბანკისაზე უფრო მაღალია. ამ მონაცემებითაც კი, მოსახლეობის მხოლოდ 3,1%-ია სიღარიბის ზღვარს ქვევით. რაც 30,5 მილიონი ადამიანია.

შედარებისთვის, აშშ-ში ადგილობრივი სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი 12,3%-ია. ეს ზღვარი 48 შტატში წლიური $12,490-ია ინდივიდისთვის, ან ოჯახისთვის $25,750. ამ მაჩვენებლის მიხედვით კი შტატებში 39,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში.

ჩინური ახალი წელი ჩინეთის უდიდესი საშოპინგო კვირაა

ჩინური ახალი წელი, რომლის აღნიშვნაც მთელი კვირა გრძელდება თებერვალში, უდიდეს სავაჭრო დღესასწაულად იქცა. მილიონობით ადამიანი ამ დროს ბრუნდება საკუთარ ოჯახში, ყიდულობს საჩუქრებს და ხარჯავს დიდ ფულს. ამ კვირის მანძილზე, ბლუმბერგის მიხედვით, ჩინელებმმა $149 მილილიარდი დახარჯეს 2019 წელს. მაგალითისთვის, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 15 მილიარდი ამერიკული დოლარია.

LEAVE A REPLY