Facebook-მა რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დააანონსა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნა. ამის საპასუხოდ, ჩინეთის ცენტრალური ბანკი უფრო აქტიურად აგრძელებს საკუთარ კვლევას, რათა საბოლოოდ შექმნას საკუთარი ციფრული ვალუტა, რადგან Libra-მ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მონეტარულ პოლიტიკას და ფინანსურ დამოუკიდებლობასაც,- ნათქვამია ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებაში.
“თუ ლიბრა ფართოდ გავრცელდება გადახდებისთვის, კონკრეტულად კი საზღვარგარეთ განხორციელებული ტრანზაქციებისთვის, ის იფუნქციონირებს როგორც დღეს არსებული ფული და ექნება დიდი ზეგავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე, ფისკალურ სტაბილურობაზე და ზოგადად საერთაშორისო მონეტარულ სისტემაზე” – აცხადებს ჩინეთის სახალხო ბანკის კვლევის ბიუროს დირექტორი, ვანგ სინი.
ვანგის გაცხადებით, ჩინეთის სახალხო ბანკი დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ოფიციალურად გამოსცა ე.წ. white paper, სადაც წერია, რომ ისინი ქმნიან საკუთარ კრიპტოვალუტას, რომელსაც ხალხი დიდი ხანი ელოდა.
“ჩვენ კვლევა საკმაოდ ადრე დავიწყეთ, თუმცა ჯერაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა დამაჯერებელი ლიდერობა შევინარჩუნოთ”,- დაამატა ვანგმა.
ჩინეთის სახალხო ბანკი გახდა პირველი მსხვილი ბანკი, რომელმაც დაიწყო ციფრული ვალუტების შესწავლა 2014 წელს. მას შემდეგ ჩინეთმა კრიპტოვალუტების დიდ ნაწილზე ქვეყნის საზღვრებში მკაცრი შეზღუდვები დაააწესა. ამის მიუხედავად, ჩინეთის ცენტრალური ბანკი რამდენიმე წელია, რაც დამოუკიდებელი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს, რომელსაც თავად გააკონტროლებს.
ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ Libra საერთაშორისო ვალუტებს შორის კონკურენციას გაამწვავებს. Facebook-ის white paper-ის მიხედვით, Libra მიბმული იქნება წამყვანი ვალუტების კალათასთან და მას განაგებს შვეიცარული არაკომერციული კონსორციუმი – Libra Association, რომელიც გააერთიანებს 24 მსხვილ კომპანიას. მათ შორისაა : Visa, Mastercard, PayPal, Stripe, eBay, Uber და სხვა.
ჩინური მხარის დამატებით ინტერესს იწვევს ის, თუ რომელ ვალუტებთან იქნება მიბმული Libra და რა როლს ითამაშებს ამ ყველაფერში ამერიკული დოლარი.
“თუ კრიპტოვალუტა ასოცირებული იქნება ამერიკულ დოლართან, მივიღებთ სცენარს, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებული კრიპტოვალუტა იარსებებს ამერიკულ დოლართან ერთად. ამის მიუხედავად, იქნება ერთი “უფროსი” და ეს არის ამერიკული დოლარი და შეერთებული შტატები. თუ ეს ასე მოხდა, მივიღებთ შესაბამის ფინანსურ და საერთაშორისო პოლიტიკურ შედეგებსაც”,- ვანგ სინი.
Libra-სთან გასამკლავებლად, ბევრი ქვეყანა იძულებული იქნება, გამოუშვან საკუთარი ცენეტრალური ბანკის ციფრული ვალუტა და განავითარონ Libra-ს მსგავსი პროდუქტები ციფრული ვალუტების საერთაშორისო ბაზარზე. სახელმწიფო საბჭოსგან მიღებული თანხმობის შემდეგ, ჩინეთის სახალხო ბანკი მუშაობს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნაზე, თუმცა არ კეთდება ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ამჟამად მიმდინარე სამუშაოები.