შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგმა იაპონიაში გამართულ G20-ის სამიტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ტრამპის განცხადებით, ის ნებას დართავს ამერიკულ კომპანიებს, რათა მათ მიყიდონ სხვადასხვა პროდუქცია ტექნოლოგიურ გიგანტ ჰუავეის. ასევე, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დააწესებს დამატებით $300 მილიარდის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე დამატებით ტარიფებს.
ვაშინგტონის განცხადებით, ჰუავეის პროდუქცია წარმოადგენს საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამის გათვალისწინებით, ტრამპის განცხადება ბევრმა შეერთებული შტატების მხრიდან უკან დახევად აღიქვა. რაც არ უნდა ვუწოდოთ ამ სვლას, მოლაპარაკებების განახლება და ტარიფების დროებით შეჩერება პოზიტიური სიგნალია ამერიკული და ჩინური ბიზნესებისთვის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დამატებითი ტარიფების შემთხვევაში ფასები იმდენად გაიზრდებოდა, რომ ამერიკელ მომხმარებლებს მოუწევდათ $12 მილიარდით მეტის გადახდა.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით ჩინური ბიზნესებიც დაზარალდა. ზიანი მიადგა საინვესტიციო გეგმებს, ბიზნესის თავდაჯერებულობას და ზოგადად ჩინეთის ექსპორტს. დამატებითი ტარიფების დროებით შეჩერება არ ნიშნავს, რომ სავაჭრო ომი დასრულდა. ასობით მილიარდის ღირებულების პროდუქციაზე აქამდე დაწესებული ტარიფები კვლავ ძალაშია. ორ მხარეს კი კვლავაც ბევრი რამ დარჩა შესათანხმებელი.
ვაშინგტონის სურვილია, რომ ფუნდამენტურად შეიცვალოს ის გზები, რომლითაც ჩინეთის ეკონომიკა ბოლო 40 წლის მანძილზე იზრდება – გაუქმდეს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიების სუბსიდირება, გაიხსნას ადგილობრივი ბაზარი. ეს მოლაპარაკებები ნამდვილად დიდი გამოცდაა ორივე ქვეყნისთვის. ის, რომ მათ განაახლეს მოლაპარაკებები, პოზიტიურ ნაბიჯად შეგვიძლია, აღვიქვათ.
როგორ გამძაფრდა ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო დაპირისპირება?
პრეზიდენტების კომენტარები
არასწორი იქნება, რომ დროებითი დაზავება აღვიქვათ როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, თუმცა ის ნამდვილად შეამცირებს მოსალოდნელ ზარალს. პრეზიენტმა ტრამპა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სი-სტან შეხვედრა იყო “არაჩვეულებრივი, უკეთესი არც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი და დავბრუნდით მოლაპარაკებების ეტაპზე. ვნახოთ, რა მოხდება”.
ჩინურმა მედია საშუალება სინჰუამ გაავრცელა პრეზიდენტი სი ძინფინგის განცხადება: “ჩინეთსა და ამერიკას ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ინტერესები და თანამშრომლობის სფეროები აქვთ. ეს ინტერესები კი არ უნდა შეეწირონ კონფლიქტისა და დაპირისპირების მახეებს”.