გაზაფხულის ფესტივალი, იგივე ჩინური ახალი წელი (ჩინ.: 春节 ჩუნძიე) ჩინელი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღესასწაულია. ის ყოველ წელს სხვადასხვა დროს იმართება, მისი აღნიშვნის თარიღი კი დამოკიდებულია მთვარის კალენდარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ანტიკური ჩინეთიდან მომდინარეობს ახალი წლის ჩატარების წეს–ჩვეულებები, მას თავიდანვე ჩუნძიეს, ანუ გაზაფხულის ფესტივალს, როდი უწოდებდნენ. თავდაპირველად, გაზაფხულის ფესტივალს ოცდაოთხი მზის ტერმინით – ლიჩუნის (ჩინ: 立春 ) სახელწოდებით მოიხსენიებდნენ, რაც გაზაფხულის დაწყებას ნიშნავს.
მთვარის ახალი წლის ამჟამინდელი ოფიციალური სახელწლოდება, ჩუნძიე, იგივე გაზაფხულის ფესტივალი, თანამედროვე ეპოქიდან გამომდინარეობს. აღნიშნული პერიოდიდან გრიგორიანული კალენდარი გამოიყენება, რომლის მიხედვითაც ახალ წელს 1-ლ იანვარს აღნიშნავენ. იმისათვის, რომ გაერჩიათ მთვარის კალენდრით ახალი წელი და გრიგორიანული კალენდრით არსებული ახალი წელი, მთვარის ახალი წლის პირველი თვის პირველ დღეს დაერქვა ჩუნძიე, ამასთან, ხშირად იწოდება, როგორც კუონიენ (ჩინ: 过年), რაც ერთ–ერთ ჩინურ ლეგენდას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ჩინური ახალი წელი სათავეს იღებს ძვ.წ 2000 წელს, როდესაც ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ურჩხული სახელად ნიენი (ჩინ: 年). ურჩხული ხშირად ჭამდა სოფლის მაცხოვრებლებს, რის გამოც მოსახლეობა ძალიან შეშინებული იყო. ერთ დღესაც, ერთ–ერთ მოხუცს დაებადა იდეა და ნიენს უთხრა: „გავიგე, რომ შენ ერთი ლუკმით შეგიძლია ნებისმიერი ადამიანის გადაყლაპვა, მაგრამ განა შეგიძლია სხვა ურჩხულების ჭამა, ვინც რეალურად შენი ძალის შესაფერისია?!“ ნიენმა დაიწყო სხვა ურჩხულების განადგურება, რითაც სოფლის მაცხოვრებლებმა იხეირეს. ერთ დღესაც ნიენი საერთოდ აღარ გამოჩენილა, აღმოჩნდა, რომ მოხუც კაცს არემარე მოურთავს წითელი ფერით და ფეიერვერკები უსვრია, რამაც ურჩხული დააფრთხო, ვინაიდან მას აშინებდა ფოიერვერკების ხმა და წითელი ფერი. სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინი „კუონიენ”, რაც სიტყვა–სიტყვით „ნიენისაგან გადარჩენას” ნიშნავს, დღეს კი გაიგივებულია ახალი წლის აღნიშვნასთან.
ჩინური ახალი წელი არის ჩინეთის უძველესი ტრადიციის მქონე გრანდიოზული დღესასწაული, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი, აღტაცებით აღსავსე ჩინური ხალხური ისტორია. აღნიშნული დღესასწაული ასევე საერთოა ხანის ეთნიკური წარმომავლობისა და ათზე მეტი ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფისთვის, მაგალითად, როგორიცაა მანჯურები, მონღოლები, იაოს ეთნიკური ჯგუფი, კუანგსის ავტონომიური რეგიონში მცხოვრები ჭუანგის ეთნიკური ჯგუფი და ა.შ.
ხანის ეთნიკური წარმომადგენლები გაზაფხულის ფესტივალს შედარებით დიდხანს აღნიშნავენ, როგორც წესი იწყებენ მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვის მერვე დღიდან და ასრულებენ პირველი თვის მე-15 დღეს – ფარნების დღესასწაულზე.
ჩინური ახალი წელი დაკავშირებულია რამდენიმე მითთან და წეს–ჩვეულებასთან. დღესასწაული ტრადიციულად ღვთაებათა და წინაპართა პატივსაცემად იმართებოდა. ახალი წლის წინა ღამეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, როგორც წესი, ისინი სხვადასხვა ქალაქებიდან ბრუნდებიან სახლში და ოჯახებთან ერთად იკრიბებიან, რის შემდეგაც მართავენ ყოველწლიურ ვახშამს, რასაც თან ახლავს უდიდესი სიხარული და ბედნიერება. ყოველწლიურ სადილზე აუცილებლად მიირთმვენ ქათმისა და თევზის ხორცს, ჩინურ პელმენს სახელად ძიაოწი (ჩინ: 饺子).
გაზაფხულის ფესტივალს ასევე თან ახლავს სახლის წინასწარ ზედმიწევნით დალაგება, რაც დაახლოებით 1 თვით ადრე იწყება, მიზანი კი უიღბლობისა და წარუმატებლობის განადგურებაა. ჩინელები აღნიშნულ დღესასწაულზე სახლის კარებსა და ფანჯრებს წითელი ქაღალდის ნაჭრებითა და სხვადასხვა საგნებით აფორმებენ. ტრადიციისამებრ, ეს მათთვის დღეგრძელობისა და წარმატების მომტანი უნდა იყოს. ახალი წლის ღამეს ისინი ფოიერვერკებს უშვებენ და საყვარელ ადამიანებს წითელ კონვერტებში მოთავსებულ ფულს ჩუქნიან.
ახალი წლის მისალოცი სიმღერა ჰგავს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ საახალწლო სიმღერებს და იგი შემდეგნაირად ჟღერს:
„ბედნიერი ახალი წელი! ბედნიერი ახალი წელი!
(新年好呀!新年好呀!; სინ ნიენ ხაო ა! სინ ნიენ ხაო ა!)
გისურვებთ ყველას ბედნიერ ახალ წელს!
( 祝賀大家新年好!; ჭუხე ტაძია სინ ნიენ ხაო)
ჩვენ ვმღერით, ჩვენ ვცეკვავთ
(我们唱歌,我们跳舞。; ვომენ ჩანგ კე, ვომენ თიაო უ)
გისურვებთ ყველას ბედნიერ ახალ წელს!“
(祝賀大家新年好!; ჭუხე ტაძია სინ ნიენ ხაო)
ჩინელებს ძალიან უყვართ ახალ წელს წითელი ფერის ტანსაცმელი. ტრადიციული რწმენის თანახმად, წითელ ტანსაცმელს შეუძლია, შეაშინოს ბოროტი სული და ადამიანს თავიდან აარიდოს ცუდი ბედი. ახალი ტანსაცმლის ტარება ფესტივალის განმავლობაში კიდევ ერთი ჩინური ტრადიციაა, ვინაიდან ახალი ტანსაცმელი სიმბოლოა ახალი, სასიამოვნო სიახლეების დასაწყისისა, ისევე როგორც თმის ახალი ვარცნილობა, რასაც ჩინელები ახალი წლის წინ აუცილებლად მიმართავენ.
ჩინურ ახალ წელს ჩინეთი განსაკუთრებულად ლამაზია, ქუჩები თვალისმომჭრელად არის მორთული, გაფორმებულია მაღაზიისა თუ სხვადასხვა დაწესებულების ვიტრინებიც. იმართება სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც მნახველს მთელი ცხოვრების განმავლობაში წარუშლელ მოგონებად დარჩება.