[:ka]კულტურა: ჩინეთის დიდი მთები[:]

[:ka]

ჩინეთის ხუთი დიდი მთა ეწოდება ყველაზე ცნობილ ტაოსისტურ მთებს და ისინი ქვეყნის ხუთ მხარეს არის “გაფანტული”. ეს მთები დღეს მრავალ ტურისტს იზიდავს და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს სტუმრებს.

შანტუნგის პროვინციაში მდებარე აღმოსავლეთის  თაიშანის (თაის მთის) საერთო ფართობი  24 200 ჰექტარია. ძირითადი მწვერვალის, იუხუანგის, სიმაღლეა 1545 მ.  ცისქვეშეთის პირველ მთად წოდებული თაი არის მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი და ქვეყნის უმაღლესი დონის ტურისტული ძეგლია. თაის მთა არამხოლოდ უბრალო ხალხისთვის იყო სათაყვანებელი, არამედ ცინ შიხუანტიდან ცინგის დინასტიის ჩათვლით 13 მმართველი თავად ავიდა ამ მთაზე რიტუალებისათვის, ხოლო 24-მა მმართველმა წარავლინა ათეულობით წარჩინებული მთაზე რიტუალების აღსასრულებლად. შემორჩენილია 20-ზე მეტი ისტორიული კომპლექსი და 2 200-ზე მეტი სტელა.

დასავლეთის მთად წოდებული ხუაშანი (ხუას მთა) მდებარეობს შაანსის პროვინციის მთავარი ქალაქიდან, სიანიდან, აღმოსავლეთით 120 კილომეტრში ზღვის დონიდან 2155 მ. სიმაღლეზე. მასაც აქვს ცისქვეშეთის პირველი მთის საპატიო წოდება და ტურისტებისათვისაც განსაკუთრებით საინტერესოა.  ხუას მთაზე ტაოსისტური ტაძრების რაოდენობა 20-ზე მეტია, მათ შორის რამდენიმე ტაძარი მიჩნეულია მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ტაოსისტურ ძეგლად. გარდა ისტორიული და სასულიერო დანიშნულებისა, ხუამდე ალტერნატიული ასავლელი გზა აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე საშიშად. მიუხედავად ამისა, ტურისტების ინტერესი სახიფათო ბილიკებისადმი მაინც დიდია.

სამხრეთის მთა ანუ ხენგშანი (ხენგის მთა) არის ხუნანის პროვინციის ტაოსისტური მთა, რომლის სახელიც განაპირობა მეომარი ქვეყნების პერიოდის ისტორიულ ჩანაწერებში არსებულმა ინფორმაციამ მისი მდებარეობის შესახებ. ხენგის მთაზე 200-ზე მეტი ტაძარია შემორჩენილიი, უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე 1300მ-ია. 1982 წლიდან ხენგის მთა სახელმწიფო დონის ღირსშესანიშნაობად არის აღიარებული.

ასევე ხენგშანად ანუ ხენგის მთად (სხვა იეროგლიფით იწერება) წოდებული ჩრდილოეთის მთის უმაღლესი ნაწილი 2016 მეტრს აღწევს. მას მეორენაირად თაიხენგიც ჰქვია. იგი მდებარეობს შანსის პროვინციაში და 1982 წელს გახდა სახელმწიფო დონის ღირსშესანიშნაობა. ცინგის დინასტიის დროს აქ განსაკუთრებით მრავლად იყო ტაძრები, მაგრამ შემდგომ დაზიანდა და რაოდენობა შემცირდა. ცინგის დინასტიამდეც იზიდავდა ეს მთა მრავალ ადამიანს, მათ შორის იყო მინის დინასტიის მოგზაური სუ სიაქ’ი, რომელმაც შემდგომ თავისი შთაბეჭდილებები ჩაწერა წიგნში “სუ სიაქ’ის მოგზაურობის დღიური”. ხენგის მთაზე არამხოლოდ საინტერესო და ისტორული ძეგლებია საინტერესო, არამედ ულამაზესი ბუნების ხედიც მრავლადაა, მათ შორის ატმის აყვავილობა.

შუა ანუ სუნგშანი (სუნგის მთა) მდებარეობს ხენანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში. შუა მთად იწოდება თავისი მდებარეობის გამო. იგი განლაგებულია დანარჩენი დიდი მთების ცენტრში. 30–ზე მეტი მეფე  და 150–ზე მეტი ცნობილი ადამიანი ეწვია ამ ადგილს პირადად. მთის სახელი უძველეს “სიმღერათა წიგნშიც” კი არის აღნიშნული. სუნგის მთა არამხოლოდ ტაოსიზმისათვის არის წმინდა მთა, არამედ ჩინეთის კულტურაზეც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.  2004 წლის თებერვალში სუნგის მთა იუნესკომ შეიყვანა გლობალური გეოპარკის სიაში.

[:]

კომენტარის დატოვება