ორენოვანი საინვესტიციო ჟურნალი საქართველოს შესახებ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გამომცემლობა „Victwo“-ს თანამშრომლობის შედეგად, 2019 წლის მაისში გამოიცა ორენოვანი (ინგლისურ-ჩინური), სპეციალური გამოშვება „Invest in Georgia“. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ჯამში დაბეჭდილ იქნა 2000 ეგზემპლარი, რომელსაც კომპანია გაავრცელებს სახელმწიფო სტრუქტურებში, პარტნიორ კომპანიებში და ჩინეთის პროვინციების მთავრობებში.

საქართველოს შესახებ საინვესტიციო ჟურნალში განთავსებულია მრავალფეროვანი ინფორმაცია, ხოლო თავად ჟურნალი 93 გვერდს მოიცავს. ჟურნალის პირველი გვერდები მკითხველს საქართველოს შესახებ ზოგად გეოგრაფიულ ინფორმაციას აწვდის. ასევე დასაწყისშივე შეხვდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ კალანდიას მისასალმებელ სიტყვას, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე. ორმხრივი ურთიერთობების სადემონსტაციოდ კი საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის და მაღალი რანგის ვიზიტების აღმბეჭდავი ფოტო და საინფორმაციო მასალაა გამოსახული. დიდი ყურადღება ეთმობა ასევე ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლებს, საერთაშორისო რეიტინგებს, ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას, ძირითად საინვესტიციო სექტორებს, ჩინურ საინვესტიციო პროექტებს და საქართველოში მოქმედი დიდი ჩინური კომპანიებისა და ასევე ჩინეთის ბაზარზე მოქმედი ქართული კომპანიების შესახებ ინფორმაციას.
საინვესტიციო ჟურნალი მკითხველს ასევე აცნობს ქართული კულტურისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს, საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს,  ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილების ფოტო და წერილობით მასალას და გამორჩეულ ტურისტულ მარშრუტებს. ჟურნალის ბოლოს კი შეხვდებით კონსულის რჩევებს საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის.

აღნიშნული საინვესტიციო ჟურნალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გასაზრდელად და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის.

კომენტარის დატოვება