[:ka]

დაწყებით კლასში, როდესაც ჩინეთის ისტორიას ვკითხულობდი, მომინდა საკუთარი თვალით მენახა მთელი ის საოცარი სამყარო, რასაც ისტორიკოსები აღწერდნენ, რასაც ფოტოებში ვხედავდი და რაც ჩინეთზე მესმოდა. საკუთარი თვალით მენახა ის კულტურა და მიღწევები, რაც მსოფლიოში ასე სწრაფად გავრცელდა. მოგვიანებით, დამოუკიდებლად ვეცნობოდი ჩინეთის ისტორიასა და კულტურას. ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიცხოვრებდი იქ და ქვეყანას ახლოდან გავიცნობდი.

მახსოვს პეკინში ჩემი პირველი დღეები. სრულიად განსხვავებული გარემო, ქუჩებში მრავალფეროვანი ჩინური საჭმლის სურნელი, წითლად განათებული ბანერები, გადატვირთული მოძრაობა და ჰაერის დაბინძურების ინდექსი 300-ზე მაღალი (რომელიც თავიდან მხოლოდ ნისლი მეგონა).

იმხელა ეიფორიაში ვიყავი, მინდოდა ყველაფერი ერთ დღეში მენახა და ჩემ შედგენილ სანახაობების გრძელ სიას სულ თან დავატარებდი. პეკინში ჩამოსვლის პირველივე წუთებში მივხვდი, რომ მისი ნაწილი გავხვდებოდი და დიდი ხანი მომიწევდა აქ დარჩენა, ასეც მოხდა. აქაურ სწრაფ ტემპს ისე მალე ავუღე ალღო, რომ რამდენიმე თვეში მეტროშიც კი რიგითი პეკინელივით გადავაადგილდებოდი. გავიჩინე უამრავი მეგობარი და პეკინის კულტურული ცხოვრებას მათთან ერთად ვეცნობოდი.

კულტურული შოკი ნებისმიერი ჩამომსვლელისთვის, იმის მიუხედავად, ხარ თუ არა აზიის რომელიმე ქვეყანაში ნამყოფი, თვალშისაცემია. რა თქმა უნდა ყველას საკუთარი პეკინი აქვს და ჩემი პეკინი ხუთონგებით დაიწყო, სადაც ნამდვილი პეკინის ნახვაა შესაძლებელი, ამიტომ ყველას, ვინც პეკინში ჩამოდის, პირველად ხუთონგების ნახვას ვურჩევ ხოლმე. ვიწრო ქუჩებში გვერდიგვერდ მიმავალი ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედი, მოპედი, რიქშა, მანქანაც  და ამას დამატებული ხუთონგების მოსახლეობა, რომელიც ძირითადად სულ ქუჩაშია გამოფენილი – ეს არის ხუთონგის ერთი ჩვეულებრივი დღე. აქ ცხოვრება ისე ადრე იწყება, რომ ვერც კი ხვდები როდის მთავრდება ერთი დღე და იწყება ახალი. მუდმივად შრომაში ჩაბმული ხუთონგელები, გართობას და მაჯონგის თამაშსაც ახერხებენ.

ამ რიტმს აყოლილი, ბუნებრივად გეცვლება ბიოლოგიური საათი და შესაბამისად, მეტი დრო გრჩება ახალი აღმოჩენებისა და სიახლეების სანახავად. პეკინიდან თბილისში ჩასულს ახალი კულტურული შოკი დამემართა, რადგან დრო ძალიან ნელა გადიოდა, დღე გვიან იწყებოდა, ხალხს არსად ეჩქარებოდა და საუბრებიც მხოლოდ საუბრებად რჩებოდა. იქ არავის აინტერესებდა ის, რაც ჩინეთში შენი რეალობაა. არავის აინტერესებს რა ხდება ამ პლანეტაზე, ამიტომ საკუთარ ქალაქს ვეღარ შევეგუე და პეკინის რიტმში დაბრუნება ორმაგად მომინდა. სახლში არაფერი იცვლება, მაგრამ უკვე აღარ იცი როგორ გახდე იმ ყველაფერის ნაწილი.

პეკინი უცხოელების საყვარელი ქალაქია. მათ სწორედ ის ინდივიდუალიზმი იზიდავთ, რასაც ხუთონგებში ვხვდებით. ერთი შეხედვით ცივი და ქაოსური მეგაპოლისი, ქალაქის შუა გულში, ძველ ხუთონგებში ცოცხლდება. ამ ღია ცის ქვეშა მუზეუმის გვერდიგვერდ კი თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები გხვდება, რაც ამ ქალაქს უფრო მეტ მრავალფეროვნებას სძენს.

ამიტომ არის, რომ პეკინში ყველანაირი საქმიანობისა და ინტერესების მქონე ადამიანს შეხვდებით. აქ ადგილი ყველასთვის მოიძებნება და რაც უფრო ახლოდან გაიცნობ პეკინს, მით მეტ სიახლეს გპირდება.

[:]