[:ka]საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება[:]

[:ka]

ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, წელს, 13 მაისს კი მათ სიას საქართველოც დაემატა. შვეიცარიის შემდეგ, საქართველო მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (FTA) ხელშეკრულება გააფორმა. მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის 2015 წლის მარტში დაიწყო და ბოლო, 7 თვიანი ინტენსიური დიალოგის შემდეგ, საბოლოო შეთანხმება პეკინში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩინეთს საქართველოსთვის ტარიფების განულებისთვის არ დაუწესებია გარდამავალი პერიოდი, რაც ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში 5-10 წლამდე გრძელდება. ხელშეკრულების ფარგლებში, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. ჯამში ამ ბაზრების მოცულობა 2 მილიარდ მომხმარებელს შეადგენს.

 [:]

კომენტარის დატოვება