სიანგცი – ჩინური ჭადრაკი

ჩინური ჭადრაკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშია ჩინეთში. ჩინეთის ნებისმიერ ქალაქში შეხვდებით სკვერებში შეკრებილ ხალხს სიანგცის სათამაშოდ. სიანგცი სამაგიდო თამაშების იმავე კლასს მიეკუთვნება, რომელსაც ჩვეულებრივი ჭადრაკი და ინდური ჭადრაკი. გარდა ჩინეთისა, ჩინური ჭადრაკი ასევე პოპულარობით სარგებლობს ვიეტნამშიც.

სიანგცის შესახებ ყველაზე ადრეული ჩანაწერები ჩინურ წყაროებში მეომარ სამეფოთა ეპოქაში ( ძვ.წ. 475-221 ) ჩნდება. მაგრამ, წყაროების სიმცირის გამო არ ვიცით მაშინდელი სიანგცი ენათესავებოდა თუ არა თანამედროვე  ვერსიას. მხოლოდ თანგის დინასტიიდან ( 618-907 ) შემორჩა სიანგცის სახელმძღვანელოები და წესების კრებულები, რაც საშუალებას გვაძლევს დაზუსტებით ვთქვათ, რომ ჩინურ ჭადრაკს თანგის დინასტიის დროს უკვე თამაშობდნენ. მაგრამ სიანგცის ნამდვილი აღმავლობა ცინგის დინასტიის ( 1644-1911 ) დროს დაიწყო, როცა ხელისუფლებამ მნიშნელოვანი სახსრები გამოყო მისი განვითარებისათვის.

სიანგცის თამაშობს ორი მოწინააღმდეგე თეთრი და შავი ( ან წითელი და შავი ) ქვებით დაფაზე 9 ვერტიკალური და 10 ჰორიზონტალური ხაზით. დაფის შუაში არის ე.წ. „ჩუს მდინარე“ ( ასევე უწოდებენ „ხანის საზღვარს“ ), რომელიც არის საზღვარი მოწინააღმდეგეების ტერიტორიებს შორის. დაფის ცენტრში 1-3 და 8-10-ე ჰორიზონტალურ ხაზებზე განლაგებულია ციხესიმაგრე, რომელშიც სარდალი თავის ორ მრჩეველთან ერთად დგას. ქვები იდება ვერტიკალებისა და ჰორიზონტალების გადაკვეთაზე და არა უჯრაში.

თითოეული მოთამაშე თამაშს 16 ქვით იწყებს. საწყისი პოზიცია წესებით მკაცრადაა განსაზღვრული. პირველი და მეათე ჰორიზონტალის ცენტრში დგას სარდალი, რომელიც თამაშის მთავარი ფიგურაა. მას შეუძლია სიმაგრის შიგნით ერთი ნაბიჯით მოძრაობა წინ, უკან და გვერდზე. მის ორივე მხარეს არის მრჩეველი, რომლებიც სიმაგრის შიგნით ერთი ნაბიჯით დიაგონალზე გადაადგილდებიან. არც სარდალს და არც მრჩევლებს სიმაგრის დატოვება არ შეუძლიათ.

მრჩევლების გვერდზე უდგას სპილო. სპილო ორი ნაბიჯით გადაადგილდება დიაგონალზე, თუმცა, მას „ჩუს მდინარის“ გადალახვა არ შეუძლია, ანუ მხოლოდ თავის ნახევარზე მოძრაობს. გარდა ამისა, თუ მის სამოძრაო ბილიკზე სხვა ქვა დევს, მას ნახტომის გაკეთება არ შეუძლია. სპილოს შემდეგ მოდის ცხენი. სიანგცის ცხენი ზუსტად ისევე გადაადგილდება, როგორც ჩვეულებრივ ჭადრაკში. არის მხოლოდ ერთი განსხვავება- თუ მას გვერდით სხვა ქვა უდგას, მაშინ იგი ამ მხარეს ვერ გადაადგილდება. დაფის კიდეში კი არის ორი ეტლი, რომელიც თამაშში ყველაზე ძლიერ ფიგურად მიიჩნევა. იგი შეუზღუდავი მანძილით გადაადგილდება ვერტიკალსა და დიაგონალზე. თუმცა, მას არ შეუძლია სხვა ქვას გადაახტეს. 

მე-3 და მე-8 ჰორიზონტალის და მე-2 და მე-8 ვერტიკალის გადაკვეთაზე განლაგებულია ზარბაზანი. იგი საკმაოდ განსაკუთრებული ქვაა- იმისათვის, რომ მან იმოძრაოს ან მოკლას, იგი უნდა გადაახტეს მის წინ არსებულ ერთ ქვას. თუ ზარბაზანსა და მოწინააღმდეგის ქვას შორის არცერთი სხვა ქვა არ დევს, მაშინ მას მოძრაობა არ შეუძლია. და ბოლოს, თითო მოთამაშეს ყავს ხუთი მეომარი. მეომრები ყველაზე სუსტ ქვებს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ მათ მხოლოდ წინ ერთი ნაბიჯით გადაადგილება შეუძლიათ, მაგრამ როცა „ჩუს მდინარეს“ გადალახავენ, ჰორიზონტალზე მოძრაობის უფლებაც ეძლევათ.

ქვების დადება შესაძლებელია თავისუფალ გადაკვეთასა ან მეტოქის ქვაზე თუ მისი მოკვლა გსურს. თამაში სრულდება მაშინ, როცა მეტოქის სარდალს ჩიხში მოაქცევ, ანუ როცა მას უსაფრთხო სვლა აღარ დარჩება. სარდალს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს უფლება სიმაგრე დატოვოს- თუკი მასა და მოწინააღმდეგის სარდალს შორის სხვა ქვა არ დევს. ამ შემთხვევაში მას შეუძლია მთელ დაფაზე გადახტომა და მეტოქის სარდალის მოკვლა.

კომენტარის დატოვება