[:ka]ფიქრი სწორხაზოვნად და არა ვერტიკალურად და ბრუნვადად[:]

0
760

[:ka]

დაახლოებით მეათე კლასიდან მოყოლებული მაინტერესებდა სოციალური მეცნიერებები და პროფესიის არჩევაზე რომ მიდგა საქმე, გადაწყვეტილებაც მათ სასარგებლოდ მივიღე. პირველ კურსზე სწავლის დროს აღმოვაჩინე რომ ევროპაში სწავლა ჩვეულებრივი მოკვდავებისათვისაც იყო შესაძლებელი, მაგრამ სასწავლებლად წასვლის სურვილი არ გამჩენია. თუმცა, ეს იყო მანამ, სანამ მეგობრის გაზიარებული ინფორმაციისა და ოდნავი მონდომების შედეგად თავი საფრანგეთში არ ამოვყავი და თავად არ დავრწმუნდი, რას ნიშნავს ევროპაში სწავლა და ინტერნაციონალური გარემო. დაბრუნების შემდეგ ახალი გამოწვევა დამხვდა უნივერსიტეტში, რომელიც შეეხებოდა სტიპენდიასა და სტიპენდიანტობას, რაც ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ ჩემი კურსელების თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შემხედვარემ მეც მეტად შევიწუხე თავი და სტიპენდიანტობას სამჯერ ვეზიარე. მესამე ყველაზე რთული ჩემთვის მაინორის არჩევა აღმოჩნდა. დიდხანს ვყოყმანობდი არაბულსა და ჩინურს შორის და საბოლოოდ არჩევანი ჩინურის სასარგებლოდ გავაკეთე (უფრო შთამაგონეს და ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება). პირველივე ლექციაზე მივხვდი რომ ძალიან ბევრი მოვინდომე და ჩინურის სწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმთცოდნეობის მიმართულებაზე მიღებული ცოდნითა  და ლიტერატურის გაცნობით მოხდა ჩემი და ჩინეთის დაახლოება. ეს იყო კომპლექსური პროგრამა რომელიც მოიცავდა ენას, კულტურას, ისტორიას, ეკონომიკას და ზოგადად ყველაფერს არა მხოლოდ ჩინეთზე, არამედ იაპონიაზე, ინდოეთსა და სხვა შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებზე. სწორედ აქ შევიტყვე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის შეახებ, რომელიც გულისხმობდა ჩინეთში ერთი წლით ენისა და კულტურის შესწავლას. გასულ წელს, როდესაც ვუყურებდი ჩემი რამდენიმე ჯგუფელი როგორ ემზადებოდა ჩინეთში წასასვლელად ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომდევნო წელს მეც მათ გზას დავადგებოდი. ასეც მოხდა, ვიქტორიანული არქიტექტურის სიყვარული ჩინური პაგოდებში გავცვალე, ერიხ მარია რემარკი მო იენზე, სორბონის უნივერსიტეტი ჭეძიანის უნივერსიტეტზე, პარიზი ხანჭოუზე და რაც მთავარია სოციალური მეცნიერებები ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე.   ახლა აქ ვარ და ევროპული სტუდენტობის ნაცვლად აზიური სტუდენტობა მაქვს, რომელიც არამც თუ ჩამოუვარდება ევროპულს არამედ შესაძლოა უსწრებს კიდეც მას.

 წინასწარი წარმოდგენები ყოველთვის მქონდა ჩინეთში ცხოვრებაზე, რომელიც ია- ვარდით მოფენილი არ წარმომედგინა. ეს ყველაფერი იმ სტერეოტიპებით იყო გამოწვეული, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია დამკვიდრებული ჩინელ ერსა და კულტურაზე. რატომღაც მეგონა რომ ერთი ჩერნობილიდან მომიწევდა მეორეში გადაბარგება  და სტუდენტობაც არ იქნებოდა ხალისიანი, განსხვავებული და რაც მთავარია ველოსიპედიანი, რომელიც ჩემს წარმოდგენებში იდეალური სტუდენტობის საწინდარია. სამწუხაროდ საქართველოში არც თუ ისე მრავლად მოიპოვებიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პასუხი გაგცენ კითხვაზე, თუ როგორ იცხოვრება ჩინეთში, განსხვავებით ევროპისაგან და ამერიკისაგან. შესაბამისად მეც არ მყავდა ასეთი ადამიანი, რომელიც ჩემს დასმულ კითხვებს გასცემდა პასუხებს , ამიტომაც 8 სექტემბერს, ჩამოვედი ჭეძიანის პროვინციის ქალაქ ხანჭოუში სიახლეებისათვის, იმ კულტურის შესაცნობად და აღმოსაჩენად , რომელიც უცხო ხილია ჩვენთვის, რომელშიც არ ვიცით დაახლოებით როგორ იცხოვრება და რომელიც 8000 კილომეტრითა ჩვენგან დაშორებული.   

ამიტომაც გამიჩნდა ბლოგის ( ალბათ უფრო საჯარო დღიურის) გაკეთების იდეა, რომელიც მთლიანად ჩინეთში ცხოვრებას, სწავლასა და კულტურულ თავისებურებებს დაეთმობა.  ის მთლიანად მოემსახურება ადამიანების ინფორმირებულობას ჩინეთის შესახებ, გასცემს პრაქტიკულ რჩევებსა და მოგითხრობთ ჩინეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ. 

თეონა გელაშვილი.

#სინომედიაბლოგი #სინომედიაბლოგერი

[:]