ქართულ-ჩინური სოფლის მეურნეობის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის 2015 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას სასათბურე მეურნეობების პროექტის თაობაზე. ორ წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა 2017 წელს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენდა სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი.  პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ხუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი წარმოების პოტენციალის ზრდას. 

აღსანიშნავია, რომ ხუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე და სხვა. 

ასევე იგეგმება პროექტის მეორე ფაზის განხორციელება, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაიწყება. თანამშრომლობის ფარგლებში მზის სითბური მოწყობის სათბურები იმერეთის რეგიონში არსებულ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე განთავსდება.

კომენტარის დატოვება