[:ka]ჩემი თვალით დანახული სიცოცხლეზე შეყვარებული ერი[:]

[:ka]

მოგზაურობის ერთ-ერთი საინტერესო მხარე ისიც არის, რომ ხშირად ისეთ  აღმოჩენებს ვაკეთებთ, რომლებიც თავად იმ ქვეყნის წარმომადგენელს შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს. პირადად მე მომეცა შანსი, ერთი წელი ჩინეთში,  ამქვეყნიურ სამოთხედ წოდებულ ქალაქში, ულამაზეს ხანჭოუში, მეცხოვრა და  ამასთან ათზე მეტ ქალაქში მემოგზაურა.  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის  ის, რომ ჩინელი ხალხი უზომოდ არის შეყვარებული სიცოცხლეზე. ისინი აფასებენ სიცოცხლეს და მრავალგვარ საშუალებას პოულობენ იმისათვის, რომ მათი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს.

ერთი წლის განმავლობაში უამრავი მოგონება დამიგროვდა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც, ალბათ, არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან არის შემდეგი სურათი: ულამაზესი ტბის სანაპიროსთან მოხუცი ქალბატონი იჯდა ეტლში, მის კალთაში ჩვილი  თამაშობდა, ხოლო ამ ქალბატონის უკან იდგა შუახნის მამაკაცი.  ყველანი უყურებდნენ მათ წინ მდგომ შუახნის ქალბატონს, რომელიც მათ სურათს უღებდა, ყოველი მათგანის სახეზე ბედნიერება იყო აღბეჭდილი, ამ ადამიანებისათვის სიხარულის მომტანი ოჯახთან ერთად ყოფნა იყო.  ეს ოჯახი არ არის იშვიათი შემთხვევა. პარკებში, ტბის სანაპიროზე თუ უბრალოდ ქუჩებში მრავლად შეხვდებით დასასვენებლად ერთად წასულ ოჯახებს. მთებში სიარული ერთ-ერთი გამორჩეული დასვენების საშუალებაა ჩინეთში, რაც კიბეებით მწერვალამდე აღწევას გულისხმობს. გარდა ამისა, დასვენების მეორე გზაა ქალაქგარეთ კარვების გაშლა და იქ ოჯახთან ერთად მთელი დღის გატარება…ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, კონკურენცია გაცილებით ძლიერია, ადამიანებს მცირედი წარატებისთვის დიდი და ხანგრძლივი შრომის გაწევა უწევთ, საზრუნავიც საკმაოდ ბევრია. მიუხედავად ამგვარი დაძაბულობისა, ადამიანები მაინც ახერხებენ დროის გამონახვას და ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად დასვენებას. ისინი თავიანთი ცხოვრებას ლამაზი მომენტებით ამრავალფეროვნებენ და უფრო საინტერესოს ხდიან მას, მათი ცხოვრება ლამაზი მოგონებებით სავსე ხდება, რაც დაძაბული რეჟიმის მიერ მოტანილ უსიამოვნებებს გარკვეულწილად აქარწყლებს.

განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინელი ხალხის ფოტოგრაფიისა და მოგზაურობის სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა წვიმიანი ამინდია თუ დარია, მათ წინ ბუნების პეიზაჟია გადაშლილი თუ სულ მაღალი შენობებით არიან გარშემორტყმულნი, ისინი ყოველთვის ახერხებენ ლამაზი მომენტებისა და ადგილების  შერჩევას სურათის გადასაღებად.  ფოტოების გადაღება უყვარს ყველას განურჩევლად ასაკისა, რაც უსვამსა ხაზს იმას, რომ ეს ადამიანები მათ ირგვლივ არსებულ მცირე დეტალებსაც კი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და აფასებენ არსებულ მშვენიერებას. მოგზაურობაც ერთ-ერთი საშუალებაა  აქამდე ჯერ კიდევ უცნობი ადგილების აღმოსაჩენად და მისი სილამაზის შესაფასებლად.  ჩინეთში მოგზაურობენ ძალიან ბევრს, შეხვდებით ბევრ ხანშიშესულ ტურისტსაც, რომლებიც  ახალგაზრდებთან ერთად ფერდობებზე ასვლასაც არ ერიდებიან და მონდომებით განაგრძობენ ახალი გამოცდილების მიღებას.

ხანშიშესულ ადამიანებში განსაკუთრებით შესამჩნევია სიცოცოხლის სიყვარული.  დილის შვიდ ან რვა საათზე პარკებში გავლის შემთხვევაში, მრავლად ნახავთ მოხუცებს. ზოგი მათგანს მარაოები უჭირავს ხელში და  თაიძის ვარჯიშითაა დაკავებული, ზოგიც მხიარულიად ცეკვავს, ზოგი მათგანი დილის გადაცემებს უსმენს რადიოთი, ზოგიერთი კი მუსიკალურ საკრავზე ასრულებს ჩინურ მელოდიებს და ა.შ.  ამ ყველაფერს ისინი ჯგუფურად აკეთებენ და ერთმანეთს უზიარებენ სიხარულს.  მოხუცებს გამორჩეულად უყვართ ე.წ „მოედნის ცეკვები“, რაც გულისხმობს შედარებით ჩქარი ტემპის მელოდიაზე ჯგუფურ ცეკვას. მოძრაობები საკმაოდ მარტივია, მაგრამ  უფრო მნიშვნელოვანი შემსრულებლების განწყობაა- მათ სახეზე სიხარული და ბედნიერებაა აღბეჭდილი, მათ უხარიათ ცხოვრება. თუმცა, პირადად ჩემში ყველაზე მეტად  გაოცებას იწვევდნენ  ის მოხუცები, რომლებიც ადრეული დილიდანვე ვარჯიშობდნენ და ბევრჯერ მათი შესაძლებლობები ახალგაზრდების შესაძლებლობასაც კი აღემატებოდა. მათი შემხედვარე რწმუნდები, რომ არასოდეს უნდა დანებდე და ბოლომდე გამოიყენო ცხოვრების მიერ ბოძებული ყოველი შესაძლებლობა.

ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ ხვდები, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა  ცხოვრებას პოზიტიურად უნდა შეხედო, დააფასო სიცოცხლე და მაქსიმალურად შეეცადო, იგი უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდეს.

________________________________

მარიამ ჩახაია, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი

[:]

კომენტარის დატოვება