გაზაფხულის ხვეულა, იგივე ჩუნძიუენ[1], სხვაგვარად გაზაფხულის ნამცხვრის, გაზაფხულის ფირფიტის ან ბლინების სახელწოდებით მოიხსენიება. კერძის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, თუმცა იგი სამხრეთ აზიისა და ევროპის მრავალ ქვეყანაშიც ფართოდ გავრცელებულია. ისტორიული ცნობების მიხედვით, გაზაფხულის ხვეულას მსგავსი კერძი პირველად ძინის დინასტიაში (266–420 წწ.) გვხვდება. ცომის თხელ ფირფიტაზე დალაგებული ხილი და ბოსტნეული „ჩუნფან“-ის (გაზაფხულის თეფში) სახელით მოიხსენიებოდა, აღნიშნავდა გაზაფხულის დასაწყისს და ხალხი მას საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებს საჩუქრად გადასცემდა.

ცომის თხელმა ფირფიტამ დღევანდელი ფორმა მინგის დინასტიის (1368-1644 წწ.) პერიოდში მიიღო და თანაბრად გავრცელდა როგორც ჩვეულებრივ მოსახლეობაში, აგრეთვე საიმპერატორო კარზეც.

დღესდღეობით, გაზაფხულის ხვეულას დამზადება, ჩინეთში გაზაფხულის დადგომის სიმბოლოდ მიიჩნევა. კერძის შიგთავსი, შესახვევი მასალა და მომზადების წესი განსხვავდება რეგიონების მიხედვით, თუმცა გაზაფხულის ხვეულა ძირითადად ბოსტნეულის ან ხორცის თხელ ცომში შეხვევით მზადდება. არსებობოს კერძის ტკბილი და მომჟავო ვარიაციები. სამხრეთ ჩინეთში, გაზაფხულის ფესტივალის დროს, ტრადიციული ძიაოწი[2] გაზაფხულის ხვეულათი არის ჩანაცვლებული. მას ჩინელები შავი სეზამის მარცვლების შიგთავსის ბრინჯის ბურთულებთან, იგივე თანგიუენთან, ერთად მიირთმევენ და ხშირად სტუმრებსაც უმასპინძლდებიან.

[1] 春卷

[2] 饺子 – გაზაფხულის ფესტივალის ტარდიციული კერძი