მარტი24 , 2024
Home Blog

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ფილიპინების პრეზიდენტის შეხვედრა

0
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან შეხვედრაზე. მანილა, ფილიპინები, 25 ივლისი, 2017 წელი. [ფოტო/Xinhua]

სამშაბათს, 25 ივლისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მანილაში შეხვდა. დუტერტეს განცხადებით, მისი ქვეყანა გააღრმავებს ორმხრივ ურთიერთობას ჩინეთთან.

“ფილიპინებისათვის ჩინეთის სტატუსსა და გავლენას მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, ჩინეთთან ურთიერთობა გავამყაროთ,”- განაცხადა დუტერტემ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან შეხვედრისას.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი ფილიპინების სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში. ფილიპინები მზად არის ხელი შეუწყოს ორქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას  ყველა სექტორში, რათა ჩინეთ- ფილიპინების თანამშრომლობის შედეგად, ორივე ქვეყანამ და ხალხმა ნახოს სარგებელი.

ვანგის განცხადებით, ჩინეთი მტკიცედ განაგრძობს ფილიპინების დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ამასთანავე, ჩინეთ-ფილიპინების ორმხრივი ურთიერთობა გაუმჯობესდა ორი ქვეყნის ახლანდელი ლიდერის ხელმძღვანელობით, ამან კი საგრძნობი სარგებელი მოუტანა ორივე სახელმწიფოს.

“ფაქტები საუბრობენ ხმამაღლა. მეზობლებისათვის, დიალოგი დაპირისპირებაზე უკეთესია, ურთიერთობა კი კონფლიქტზე მნიშვნელოვანი. ისტორია გვაჩვენებს, რომ ჩვენ კარგი არჩევანი გავაკეთეთ,”- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ხინკლიდან პაოწ’მდე

0

ქართველებს ჭამის მიმართ რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, ეს დასამალი არ არის. ხინკალი ჩვენი სამზარეულოს სიამაყედ და ღირსებად რომ მიგვაჩნია, ამაზეც ერთხმად ვთანხმდებით. მეც, როგორც ხინკლისმოყვარულმა ქართველმა, პირველად მისი ჩინური ანალოგი 2009 წელს კაიროში სწავლისას (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს) დავაგემოვნე, როდესაც ჩემმა ჩინელმა კურსელებმა ერთ-ერთ ჩინურ დღესასწაულზე დამპატიჟეს. მაშინ ორთქლზე მოხარშულმა ხინკლის ორეულმა ძალიან მომხიბლა. მანამდე ჩვენი ეს უნიკალური კერძი, არც თუ ისე უნიკალურად მომეჩვენა და მეტიც, მის წარმომავლობაშიც დავეჭვდი.

ჩინეთში ჩემი პირველი კვირაც ე.წ ხინკლის ბიძაშვილ პაოწ’სთან ასოცირდება. ვაგემოვნებდი უამრავ საჭმელს და ბოლოს მაინც პაოწ’მდე მივდიოდი. შემდეგ დაიწყო ქართული საჭმლის მონატრება. პაოწ’ს უკვე ხინკლის გემოთი მივირთმევდი. აი, პური და ყველი კი ვერაფრით ჩავანაცვლე (მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ბაზარზე არაერთი ევროპული ქვეყნის იმპორტული ყველია წარმოდგენილი). ქართული საჭმელებიდან ერთბაშად ჩინურზე გადასვლა არ გამძნელებია. ტკბილ-ცხარე სოუსები და კერძების ნაირსახეობა ძალიან მხიბლავდა. ქუჩის მრავალფეროვანი საჭმელიც კი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ამ ყველაფერმა მშობლიური კერძების გემო მალე ჩაანაცვლა.

პეკინში დღეს ათამდე ე.წ. snack street-ია, სადაც უამრავი ტრადიციული კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ქუჩაზე მხოლოდ ბაყაყის ხორცისგან დამზადებული კერძები შეიძლება დააგემოვნოთ.

აღნიშნული ქუჩებიდან, მე პირადად ვანგფვუძინგს (Wangfujing) გამოვყოფდი. აქ პეკინის ყველა ქუჩის საჭმელია თავმოყრილი. ამასთანავე, აქაურობა განსაკუთრებით ეგზოტიკურად მცირე ზომის შამფურებზე აცმული მორიელებითა და უამრავი მწერით გამოიყურება. ე.წ. Snack street-ზე ცენტრალური ქუჩიდან, საფეხმავლო ბილიკით მოხვდებით. ვანგფვუძინგი ძველი სავაჭრო უბანია, ამიტომ აქ ყველაფერი განათებული და გადაჭრელებულია. ხალხმრავლობით ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს სად მდებარეობს ეს უძველესი ე.წ. snack street. ქუჩაზე ფეხის შედგმისთანავე, გამყიდველების შეძახილები და ქვაბებიდან თუ ტაფებიდან წამოსული ოხშივარი გხვდება. როგორც წესი, ამ ქუჩის დათვალიერება შემწვარი კალიების, სენტიპიდებისა და გველების განყოფილებიდან იწყება.

[Photo/FPB]

ძიენპინგ (Jianbing; 煎饼) ანუ პეკინური კრეპი,  როგორც ბოსტნეულით, ასევე სტაფილოსა და ძროხის ხორცის შიგთავსით შეგხვდებათ. ეს ჩინურ საუზმედაც ითვლება და დილით პეკინში გამოსული, ძიენპინგის დახლებთან გრძელ რიგებს აუცილებლად გადააწყდებით.

ესეც პეკინში ფართოდ გავრცელებული ჩუანარ (Chuan’r; 串儿), რომელიც პეკინელებისთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთზე სასურველ საჭმელს წარმოადგენს. მის პუნქტებს თითქმის ყველა უბანში შეხვდებით. ხის მომცრო ზომის შამფურებზე, ხორცის გარდა ბოსტნეულსაც გთავაზობენ.   ჩუანარის მთავარი ინგრედიენტი რამდენიმე სახის სუნელია, რასაც ცხარე სოუსთან ერთად ბოლოს ამატებენ.


პეკინური შემწვარი დამფლინგი პეკინის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათადაც შეიძლება ჩაითვალოს. ქალაქის რესტორნებში ათეულობით სახის დამფლინგს შეხვდებით და ამ მხრივ ვანგფვუძინგიც არ ჩამორჩება. აქ პირდაპირ დახლებზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხორცის, ბოსტნეულისა თუ კრევეტის დამფლინგები. პირადად ჩემი ფავოტირი სოკოს დამფლინგია, რომელსაც სოიოს სოუსთან ერთად გეახლებით ხოლმე.

ბევრ ადამიანს აფრთხობს ე.წ. stinky tofu-ს სუნი. ეს არის შემწვარი ტოფვუ, რომელის ცხარე სოუსითა და ქინძით არის შეკმაზული.  ეს კერძი პოპულარულობით არ სარგებლობს, თუმცა დაგემოვნების შემთხვევაში გულგრილს არავის ტოვებს (ასეა უმეტესობა ჩინური საჭმლის შემთხვევაში).

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადგილი ადგილობრივების გარდა მოგზაურებშიც ძალიან პოპულარულია, აქ უამრავ ტურისტს შეხვდებით. ისინი სწორედ მწერების  დასაგემოვნებლად მოდიან. მეც გადავწყვიტე რომელიმე მათგანი გამესინჯა.

არჩევანი ძალიან დიდი იყო: კალია, სენტიპიდი, მორიელი, გველი, ხვლიკი, ზღვის ზღარბი, ზღვის ცხენი და ხოჭო. ამჯერად მორიელზე შევჩერდი. მირჩიეს ჭამა კუდით დამეწყო, თუმცა შეხებისთანავე მივხვდი, ეს არც ისე ადვილი საქმე იქნებოდა… შემდეგ თავზე გადავედი… ვერც ამ შემთხვევაში შევძელი, მეჭამა. საბოლოოდ, მორიელების შამფური მთელ ე.წ. snack street-ზე მოვატარე, ბოლოს კი სახლში წამოვიღე იმ იმედით, რომ გავბედავდი და გავსინჯავდი… თუმცა ეს დროც არ დადგა და მეორე დილით ჩემმა მორიელებმა ნაგვის ურნაში ამოჰყვეს თავი.


ვანგფვუძინგზე, მწერებთან ერთად, დესერტის უამრავ დახლსაც შეხვდებით. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია თანგხულუ (Tanghulu; 糖葫芦). ჩვენებურად,  ბამბუკის ჯოხზე ჩამოცმული ხილისშიგთავსიანი მამალო.  პეკინური საჭმელებისა და მწერების დაგემოვნებას ამ გემრიელი დესერტით ნამდვილად დააგვირგვინებთ.

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

0

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025).

პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ- მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის სრულად დაფინანსებას.

წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე https://shorturl.at/jyDX2

სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 970 197 და ელექტრონული ფოსტის [email protected] მეშვეობით.

ჩინური კულტურის დრაკონი

0

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია აქვთ, აკონტროლებენ ქარსა და წვიმას, მდინარეებსა და ზღვას, ანათებენ ცას, კეთილდღეობა მოაქვთ სამყაროსთვის.  სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში დრაკონები ძლევამოსილ თილისმებად ითვლებიან, რომლებიც უხვი მოსავლისა და აყვავების მიზნით, ხელს უწყობენ ცას, დედამიწასა და ადამიანებს შორის კარგი ამინდის შექმნას.

 ძველ დროში იმპერატორები ნამდვილ დრაკონებად და ზეცის შვილებად ითვლებოდნენ, ხოლო ჩინელები – დრაკონების შთამომავლებად. დრაკონების ღირსებისა და ღვთაებრიობის თაყვანისცემის მიზნით, ჩინელებმა დრაკონი ჩინურ ზოდიაქოში შეიყვანეს და ის დიდი ხანია ჩინეთში ყველაზე პოპულარული ზოდიაქოს ნიშანია. ბევრი ჩინელი წყვილი ბავშვის გაჩენას სწორედ რომ დრაკონის წელში გეგმავს. ხის დრაკონის წელი ოფიციალურად 2024 წლის 10 თებერვალს შემოდის. როგორც აღვნიშნეთ, დრაკონი ჩინურ კულტურაში დაკავშირებულია წარმატებასთან, ინტელექტთან და ღირსებასთან, ხოლო ხის დრაკონები სავსე არიან ენერგიით და ოცნებობენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე, ამიტომ ითვლება რომ 2024 იქნება  განვითარების, პროგრესის, სიუხვისა და გაძლიერების წელი.

 თუ გადავავლებთ თვალს განვლილი წლების ისტორიას, 2012 წელი წყლის დრაკონის წელი იყო,  2036 წელი ცეცხლოვანი დრაკონის წელი იქნება. ზოდიაქოს თითოეული  ცხოველის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ პიროვნული თვისებების უნიკალური ნაკრები, რაც განსხვავებით დასავლური ზოდიაქოს ნიშნების კონცეფციისგან, გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. ხე წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანობას და კრეატიულობას, ხოლო დრაკონი დაკავშირებულია წარმატებასთან, ინტელექტუალურობასთან და ღირსებასთან ჩინურ კულტურაში. მოცემული კომბინაცია ხის დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებს ენერგიითა და ლტოლვით ავსებს, ისინი ოცნებობენ სამყაროს შეცვლაზე და კარგად ეხერხებათ ინოვაციური იდეების მოფიქრება და მათი განხორციელება. ისინი პერფექციონისტები არიან და ადვილად არ იტყვიან უარს მიზნებზე.ხის დრაკონის ბოლო წელი 60 წლის წინ, 1964 წელს იყო. ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს კითხვა თუ რა დატვირთვა აქვს დრაკონის წელს?  მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წლის მნიშვნელობის გასაგებად აუცილებელია ვიცოდეთ როგორც ელემენტის, ისევე ცხოველის ატრიბუტები. ხისგან, როგორც 2024 წლის ჩინური ახალი წლის ელემენტისგან, ჩვენ ვიღებთ ზრდას, წარმატებასა და განვითარების საწყის ეტაპს. ხე სიმბოლოა კაცობრიობის მისწრაფების მიაღწიოს, პროგრესს, გაიზარდოს და განვითარდეს. დრაკონის წელი წარმოადგენს ჯანმრთელობას, ძალას და კეთილდღეობას. ითვლება, რომ ამ წელს დაბადებულები განასახიერებენ დრაკონებთან დაკავშირებულ თვისებებს – ბუნებრივ ლიდერობას, ქარიზმასა და უსაზღვრო ენთუზიაზმს.

მოგილოცავთ ხის დრაკონის წელს და როგორც ჩინელები უსურვებენ ერთმანეთს, “龙年大吉 (Lóng nián dàjí)”,“龙马精神 (Lóng mǎ jīngshén)”, “龙飞凤舞 (Lóng fēi fèng wǔ)” , მეც გისურვებთ წარმატებულ წელს, დღეგრძელობას, კეთლდღეობასა და ჰარმონიას.

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

0

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.

ჩინეთის ელჩი სიტყვით გამოვიდა, სადაც ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში მიმდინარე წლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მან ისაუბრა ორ ერს შორის პოლიტიკური ნდობის, პრაგმატული თანამშრომლობისა და ურთიერთობის ზრდაზე. ელჩმა პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს კულტურულ გაცვლას ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მდგრადი საფუძვლის გასაძლიერებლად.

სიტყვით ასევე გამოვიდნენ მინისტრი ამილახვარი და საქართველოს წარმომადგენლები. მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და მათი ურთიერთობების დადებითი ტრაექტორია.

საახალწლო ლატარია ღონისძიებაზე

ჩინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა გასულ წელს მიღწეულ ისტორიულ პროგრესს, განსაკუთრებით ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში. მის ფარგლებში, პრეზიდენტი სი ძინფინგი და პრემიერი ლი ციანგი შეხვდნენ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რის შედეგადაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე მივიდა.

გაძლიერებული პოლიტიკური ნდობის შედეგები თვალსაჩინო იყო ორმხრივი თანამშრომლობის არსებით ზრდაში. ჩინეთის სტატისტიკამ გამოავლინა შესამჩნევი 61,6%-იანი ზრდა ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობაში იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, რომელმაც მიაღწია $1,77 მილიარდს. ქართულმა პროდუქტებმა უპრეცედენტო ყურადღება მიიპყრეს შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის გაღრმავებულ თანამშრომლობას.

ელჩმა თავისი გამოსვლა დაასრულა ჩინური ანდაზით, რომელშიც ნათქვამია: „მეგობრებს სჭირდებათ გაცვლა, მეგობრობა უნდა დამკვიდრდეს“. მან დამსწრეებს მოუწოდა თანამშრომლობისკენ და ჩინეთსა და საქართველოს შორის გრძელვადიანი მეგობრობა ღვინის დაძველებას შეადარა. ელჩმა დამსწრეებს მიულოცა დამდეგი ახალი წელი და ყველას ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

0

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი 5,4 პროცენტამდე გაიზარდა.

გიტა გოპინათმა, ფონდის დირექტორის პირველმა მოადგილემ, სამშაბათს გამოაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკა მზად არის 5.4 პროცენტიანი გაფართოებისთვის. ეს ზრდა გამოწვეულია COVID-19 პანდემიის შემდეგ პროდუქციის მოხმარებაზე შიდა მოთხოვნის ზრდით. მან ეს კორექტირება ასევე მიაწერა დამატებითი სახაზინო ობლიგაციების ბოლო გამოშვებას, რომელმაც საერთო ჯამში 1 ტრილიონი იუანი (137,3 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

2024 წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 4,6 პროცენტი იქნება. თუმცა, გოპინათმა აღნიშნა, რომ შეიმჩნევა უძრავი ქონების ბაზრის სისუსტე და მასზე გარე მოთხოვნის შემცირება. ამ ფაქტორს, მისი თქმით, შესაძლოა ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდაზე.

ეს განცხადება პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა, რომელიც ჩინეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა. ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი ჩაერთო დისკუსიებში მაღალჩინოსნებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და აკადემიკოსებთან. დისკუსიებზე განიხილეს ეკონომიკური პერსპექტივები, პოტენციური რისკები, პროგრესი, ეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების საშუალებები.

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

0

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე.

ფორუმის პირველ დღეს გაიმართა დისკუსია სახელმწოდებით „შუა დერეფანი ყურადღების ცენტრში“. დისკუსიაზე განიხილეს შუა დერეფნის გამოწვევები, პოტენციალი და მეტი სატრანსპორტო ნაკადების მოზიდვის შესაძლებლობები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინსტრუმენტები, შუა დერეფნის როლი მწვანე დღის წესრიგში, სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების პროცესი და სამომავლო გეგმები.

„ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის.“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დისკუსიაზე განიხილა დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი და სახელმწიფოების კოორდინაციის მნიშვნელობა. მისი თქმით, პროექტის ძირითადი პრიორიტეტებია გაციფრულება, ინფრასტრუქტურული დაფინანსებისა და სხვა მარშრუტებთან კონკურენტუნარიანობის ზრდა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის ტრანსფორმაციას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

პანელურ დისკუსიაში ლევან დავითაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი – რაშად ნაბიევი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ილხამ მახმადოვი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი. დისკუსიაზე ასევე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივნები კიტაკ ლიმი და უმბერტო დე პრეტო.

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

0

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა.

გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები.

“აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო რანგის ექპერტები და ჟურნალისტები.

შეგახსენებთ რომ ფორუმი ორდღიანია და 26-27 ოქტომბერს იმართება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა.

პეკინში ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა

0

14 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group”-ის მხარდაჭერით, პეკინის “Solana Cinema”- ში, გაიმართა ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით, რეზო გიგინეიშვილის ფილმის “მძევლების”-ს ჩვენება.

საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია

ფილმის დაწყებამდე, დამსწრე აუდიტორიას, სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ. ასევე, საელჩოს თანამშრომლებმა, ნატალია კვაჭაძემ და თამარ ქვლივიძემ, წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პრეზენტაცია, ქართული კინემატოგრაფიის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ.

ფილმის ჩვენების შემდეგ, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

 

წელს აღინიშნება ინიციატივა „სარტყელი და გზა“ 10 წლის იუბილე

0

წელს 10 წელი უსრულდება ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „სარტყელი და გზა“ (BRI).

პროექტი „სარტყელი და გზა“ არის თანამშრომლობის გზა, რომელიც ყოველ წელს აფართოვებს თავის გეოგრაფიას. დღეის მდგომარეობით, ჩინეთმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ 200-ზე მეტ დოკუმენტს 150-ზე მეტ ქვეყანასთან და 30 საერთაშორისო ორგანიზაციასთან, განახორციელა ინიციატივის ფარგლებში სამ ათასზე მეტი ერთობლივი პროექტი ევრაზიიდან აფრიკამდე, ლათინური ამერიკიდან დასავლეთ ევროპამდე.

ათი წლის განმავლობაში ინიციატივის ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა ერთი ტრილიონი დოლარი, ხოლო „სარტყელის და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის საშუალო წლიურმა ზრდამ მიაღწია 8%-ს. შეიქმნა 421 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი, სიღარიბიდან გამოვიდა თითქმის 40 მლნ. ადამიანი. ზოგადად, საკუთარი გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ფონზე, ჩინეთის წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაში უკვე წლებია აღემატება 30%-ს.

21 საუკუნის აბრეშუმის გზა მიმართულია ახალი სავაჭრო დერეფნების შექმნასა და უკვე არსებული დერეფნების გაუმჯობესებაზე ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპის საფუძველზე. ისტორიულად საქართველო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს აბრეშუმის გზის განვითარებაში. დღევანდელი ეკონომიკური ინტეგრაციის და გლობალიზაციის კონტექსტში, მონაწილეობა ახალ აბრეშუმის გზაში საქართველოსთვის არის პრიორიტეტული.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რეაგირება მოახდინა ჩსრ-ს თავმჯდომარის სი ძინპინის ინიციატივაზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომლის მიზანია ახალი სავაჭრო დერეფნების  შექმნა და უკვე არსებული დერეფნების გაუმჯობესება.

საქართველომ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და 2015 წელს ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ჩინურ მხარესთან, რომელმაც მისცა ახალი ბიძგი ჩინურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, და უკვე მოიტანა შედეგი, – გაფორმდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩსრ-ს შორის.

„სარტყელი და გზა“ – ასე შემოკლებით ეძახიან ორ ინციატივას: „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ (აგეს) და „21 საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“, რომელიც წარმოდგენილი იქნა ჩსრ-ს თავმჯდომარის სი ძინპინის მიერ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი აზიის ქვეყნებში ვიზიტების დროს. ინიციატივა შედგება ძირითადად ხუთი პუნქტისგან: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის ურთიერთკავშირი, უწყვეტი ვაჭრობა, კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა  და ურთიერთობების გაძლიერება ქვეყნებს შორის.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, „ სარტყელი და გზა“ ვრცელდება ევრაზიის დიდ ნაწილზე, და აერთიანებს განვითარებად ქვეყნებს, მეგაპროექტის ტერიტორიაზე ცხოვრობს მსოფლიოს დაახლოებით 63%, ხოლო სავარაუდო ეკონომიკური მასშტაბი შეადგენს 21 ტრლნ. აშშ დოლარს.

„შუა დერეფანი“

თანამედროვე  მსოფლიოში აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება არის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ საჭიროება საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის.

ბოლო წლებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური ფუნქციების სამომავლო გაუმჯობესებისთვის ინფრასტრუქტურის გამართვის, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში მისი ინტეგრაციის მიმართულებით. ინიციატივის ფარგლებში უმნიშვნელოვანესია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ე.წ. „საშუალო დერეფნის“) განვითარება, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება ჩინეთიდან ევროპაში.

შუა  დერეფანი“ – არის საერთაშირისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც კვეთს ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპის ქვეყნებს. ბოლო წლის განმავლობაში „შუა დერეფანი“ განიხილება, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტების სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის დროს  აღნიშნა, „შუა დერეფანი“ საქართველოს გავლით აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან, ტვირთების მიწოდებას ჩინეთის საზღვრებიდან ევროკავშირის ბაზრამდე ესაჭიროება 15 დღემდე.

„წინა წელს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, ხელი მოვაწერეთ კომპლექსურ გზამკვლევს, რომელიც აღწერს 2022-2027 წწ. პერიოდში „„შუა დერეფნის“ განვითარებაზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე მიმართულ სტრატეგიულ ზომებს. აღნიშნულ გზამკვლევში საუბარია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის დიგიტალიზაციასთან და ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებასთან. საქართველო ახორციელებს მსხვილ კაპიტალურ დაბანდებებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში უახლოეს პერიოდში საკმარისი გამტარიანობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ „სარტყელი და გზა“ მიმართულია ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტზე განლაგებული ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. შესაბამისად, ამ ინიციატივის ფარგლებში პრიორიტეტი კეთდება სატრანსპორტო პროექტებზე – ეს არის ახალი სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობა და ჩინეთიდან  სხვა ქვეყნებში და რეგიონებში მიმავალი დერეფნების გამტარიანობის გაზრდა, ჩინური კომპანიების საქმიანობის გეოგრაფიის გაფართოვება, მრავალრიცხოვანი ერთობლივი ეკონომიკური პროექტების შექმნა.

საერთაშორისო გადაზიდვების გაზრდის და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში ხორციელდება ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და ხდება ინვესტიციების დაბანდება  ჩქაროსნულ საგზაო ინფრასტრუქტურაში.

2022 წელს ტვირთების გადაზიდვების მოცულობები ამ მარშრუტით გაიზარდა 2,5 ჯერ 2021 წელთან შედარებით და მიაღწია 1,5 მლნ. ტონას. 2022 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე, რომელიც არის „შუა დერეფნის“ სარკინიგზო გაგრძელება, თურქეთის გავლით გადაზიდულ იქნა 432 ათას ტონაზე მეტი ტვირთი. 

საქართველოს და „შუა დერეფნის“ სატრანზიტო როლის განვითარებისთვის მთავარ როლს თამაშობს ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია მსხვილი გემების მისაღებად.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ეკონომიკის და მენეჯმენტის დეკანის, პროფესორის ვახტანგ ჭარაიას აზრით, ჩინეთის როლი ამ პროცესში იქნება გადამწყვეტი. ამ პროექტის სრულყოფილი ფუნქციონირება ჩინეთის გარეშე დადგება დიდი კითხვის ქვეშ.

„შესაბამისად, მე ვთვლი, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი ამ პროექტში ჩინელი პარტნიორების ჩასართავად. შესაძლოა, ჩინური მხარე არ იყოს  ერთადერთი პარტნიორი ამ პროექტში, თუმცა ჩინური მხარის მონაწილეობის ფაქტი, თავის მხრივ, უკვე გახდება გარანტი, ვინაიდან ამ ქვეყანას აქვს ინტერესი საქართველოს გავლით ტვირთების მიწოდებაში და ასევე ფინანსური შესაძლებლობები აღნიშნულის განსახორციელებლად. თუ ჩვენ გვსურს განვავითაროთ წარმოება, გავიტანოთ პროდუქცია ჩინეთში და ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენ გვჭირდება მსხვილი პორტი, უფრო მსხვილი,  ვიდრე დღეს არსებული ბათუმის და ფოთის პორტები. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია ამ პორტის მშენებლობა. ჩვენ უნდა გადავდგათ ეფექტური ნაბიჯები ანაკლიის პროექტის სიცოცხლისუნარიანობისთვის“, – აღნიშნავს ეკონომისტი.

საქართველო ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ინიციატივებში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შემუშავებასთან დაკავშირებით. იგი არის სატრანსპორტო დერეფნის ТРАСЕКА-ს და ცენტრალურ აზიური რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი და აქტიურად თანამშრომლობს მის წევრ-ქვეყნებთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა არის მთავარი ნაბიჯი ეკონომიკური განვითარების გზაზე. მხარეებს შორის ვაჭრობის გაფართოებას მხარს უჭერს ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ბარიერების მცირე რაოდენობა.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან. 2018 წლის 1 იანვრიდან შეთანხმება შევიდა ძალაში, რამაც განაპირობა ქართული პროდუქციის და მომსახურებების 94%-ის ექსპორტი ჩინურ ბაზარზე, საბაჟო გადასახადების გარეშე, ნულოვანი ტარიფით.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი გადაწყდა 2015 წლის სექტემბერს,  ჩინეთის ქალაქ დალიანში ჩატარებულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრაზე. იმავე წლის დეკემბერში, ჩინეთის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, დაიწყო ხელშეკრულების მომზადების პროცესი.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც გააფორმა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ფაქტორი ინვესტორების მოსაზიდად, მათ შორის ჩსრ-დან.

სტრატეგიული პარტნიორობა

ჩინეთმა და საქართველომ გადადგეს კიდევ ერთი ნაბიჯი დაახლოებისკენ და განაცხადეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების დამკვიდრებაზე. მხარეებმა გადაწყვიტეს ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის  გაფართოვება, საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერება, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონალური და გლობალური სიმშვიდის, სტაბილურობის და განვითარების ერთობლივი უზრუნველყოფა.

გადაწყვეტილება იყო მიღებული ჩსრ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შედგა ჩინეთში  მიმდინარე წლის 26 ივლისიდან – 1 აგვისტომდე პერიოდში, პრემიერმა ასევე მიიღო მონაწილეობა XXXI მსოფლიო სტუდენტური თამაშების FISU გახსნის ცერემონიაში ქალაქ ჩენდუში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ძინპინს. შეხვედრაზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩსრ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების შესახებ.

როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი ამკვიდრებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც  ორმხრივ ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.

„ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებიდან გავიდა 31 წელი. ჩინეთს და საქართველოს შორის ურთიერთობები ვითარდება ჯანმრთელად და სტაბილურად. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა სტაბილურია, თანამშრომლობის შედეგები შესამჩნევია სხვადასხვა სფეროებში. საქართველო არის ჩინეთის კარგი მეგობარი და პარტნიორი. საერთაშორისო არენაზე მოვლენების განვითარების მიუხედავად, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი არ შეცვლილა. ჩინეთი და საქართველო იმუშავებენ ერთად და მისცემენ იმპულს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა დარგების განვითარებას და კაცობრიობის  კეთილდღეობას,“ – აღნიშნა ჩსრ-ის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას ჩსრ-სთან. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჩსრ-ს თავმჯდომარეს სი ძინპინს გლობალური ინიციატივისთვის „სარტყელი და გზა“.

როგორც აღნიშნულია დოკუმენტში „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, პარტნიორობა ითვალისწინებს შემდეგ ოთხ მიმართულებას: პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშირისო და კულტურული ურთიერთობები.

რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტს, მხარეები მიესალმებიან ბოლო წლების ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას  და გამოხატავენ მზაობას მისი სამომავლო გაზრდისთვის, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის, სავაჭრო ნომენკლატურის გაფართოებისთვის, საქონლის და მომსახურებების  ექსპორტის გაზრდისთვის საქართველოდან ჩინეთში. კერძოდ, საქართველო მიესალმება ინიციატივას „სარტყელი და გზა“ და მზადაა ხელი შეუწყოს ორმხრივ ინვესტიციებს და ვაჭრობას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, კომუნიკაციის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, „საშუალო დერეფნის“ განვითარების და გაძლიერების დარგებში.

მხარეები მზად არიან განავითარონ ურთიერთობები სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით, განაახლონ 1993 წელს ჩსრ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი მეცნიერების და ტექნიკის დარგში თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედება. ასევე მხარეები აქცევენ დიდ ყურადღბას გაცვლის პროგრამებს და თანამშრომლობას ენების შესწავლის კუთხით, მზად არიან დანერგონ უცხო ენების მასწავლებლების გაცვლის და გადამზადების პროგრამები; ხელს უწყობენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას.

თავის მხრივ, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ გააძლიერონ ურთიერთობები და თანამშრომლობა ამ ინიციატივის ფარგლებში და გამოიყენებენ ერთობლივ ძალისხმევას მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშირისო გარემოს შესაქმნელად უსაფრთხოების დარგში, და ამით დაიცავენ რეგიონის ქვეყნების ერთობლივ განვითარებას და აქტიურად ითანამშრომლებენ ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში.

თსუ-ს პროფესორი, ვახტანგ ჭარაია, თვლის, რომ ჩსრ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ნაწილში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული ნაბიჯი საქართველოს მხრიდან.

„ჩინეთის და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე შეუძლებელია სატრანზიტო როლის განხორცილება, რაზეც წლებია ლაპარაკობენ საქართველოში. თუ არ იქნება სტრატეგიული ინტერესები ჩინეთის მხრიდან საქართველოში, არ იქნება სატრანზიტო ჰაბი, არ იარსებებს ანაკლიის პორტის მშენებლობის, რკინიგზის მოდერნიზაციის და გაფართოების და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საჭიროება.  საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ჩინური ინვესტიციები და მოხდეს ჩინეთის მიერ მისი საწარმოების ნაწილის გადმოტანა, რაც მოგვიტანს დამატებით შემოსავლებს.

დღეს, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მდგრადი და სტაბილური პარტნიორობა, რაც, რასაკვირველია,  ნახევარი საქმეა თანამშრომლობაში. გარდა ამისა, საქართველოში მიმზიდველი ბიზნეს-გარემოა, შესანიშნავი პოტენციალი ზრდისთვის, კარგი კავშირები, აქ იგულისხმება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მოქმედება. ასევე, საქართველოს აქვს გასასვლელი ევროკავშირის ბაზარზე, ანუ არსებობს იაპონიასთან, აშშ-სთან, ინდოეთთან და ისრაელთან უფრო აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივა. შესაბამისად, საქართველო წარმოადგენს ძალიან კარგ პლატფორმას ბიზნესის წარმოებისთვის და სტრატეგიული პოლიტიკის განხორციელებისთვის.

არსებობს საუბრები, რომ ჩსრ-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არასახარბიელოა, ჩვენ გვესმოდა ასეთი განცხადებები აშშ-ს პირველი პირებისგან., მაგრამ, ფაქტია, რომ როდესაც ჩვენი სხვა სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, არ გამოდიან ასეთი მასშტაბური ინიციატივით, რომელიც სჭირდება საქართველოს, აქ უკვე ჩნდება სხვა მოსაზრებები. დღეის მდგომარეობით, აშშ-ს და ევროკავშირის წილი ჯამურ ინვესტიციებში არ არის საკმარისი და არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც არსებობენ საქართველოში ჩვენი ქვეყნის სწრაფად განვითარებისთვის.

ამიტომ, საჭიროა დამატებითი რესურსები, დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები და ზოგადად დამატებითი ეკონომიკური აქტივობა. და, ჩინეთი, ამ მხრივ, არის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი. დავამატებდი, რომ თუ ეს პარტნიორობა კატეგორიულად მიუღებელია აშშ-სა და ევროკავშირისთვის, ჩვენ ამას გავიგებდით, თუმცა ასეთი განცხადებები მათი მხრიდან არ მოგვისმენია. შესაბამისად, მათ ესმით საქართველოს საჭიროებები და არ ასაჩივრებენ ასეთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება გლობალურ დონეზე პროექტის „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ განხორციელებას, მას აქვს დიდი რესურსები და ეს დაკავშირებულია ჩინეთის მხრიდან ინვესტიციებთან. რასაკვირველია, ეს არის გრანდიოზული პროექტი, რომელსაც გააჩნია ბევრი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისში გაიმართება მეოთხე ფორუმი „აბრეშუმის გზა“, რომელიც გახდა ტრადიციული. ამჟამინდელი ფორუმის თემაა – „ჩართულობის თანამედროვე შესაძლებლობები, ვალი მდგრადობის სანაცვლოდ“. ფორუმი გაიმართება 2023 წლის 26-27 ოქტომბერს.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი

პროექტის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობაში არსებობს ფართო შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მომდევნო განვითარებისთვის, მათ შორის ტურიზმის სფეროში.

11 სექტემბრიდან საქართველომ დააწესა უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაემგზავრონ საქართველოში და დარჩნენ 30 დღე.

თსუ-ს პროფესორი იოსებ არჩვაძე თვლის, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს საქართველოს ტურისტული სექტორის განვითარებაზე. მისი აზრით, ჩინელები ძალიან ფრთხილობენ მოგზაურობის მარშრუტების არჩევაში. „ისინი მოგზაურობენ აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში და ლათინურ ამერიკაში, სხვა დანარჩენ ქვეყნებში. მათი გარკვეული ნაწილი ეწვევა საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ მათ ჩვენი ისტორია, არქიტექტურული მიღწევები. ჩვენ გვაქვს რაღაცა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს ბოლო წლებში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები და გავაძლიეროთ ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჩინეთთან, – უდიდეს ქვეყანასთან, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი გეოპოლიტიკური ზემოქმედება. მეგობრული ურთიერთობების განვითარება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ზრდას და საქართველოს უფრო მდგრად ჩართულობას სამეურნეო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მსოფლიოში,“ – თვლის იოსებ არჩვაძე.

იოსებ არჩვაძის თქმით, ამჟამად საქართველო აწარმოებს ეკონომიკურ ურთიერთობებს 140 -ზე მეტ ქვეყანასთან და ამ ურთიერთობების გეოგრაფია ფართოვდება.

 ბოლო წლებში იზრდება საქართველოს როლი. ჩინეთი უკვე წლებია არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წელს გაიზარდა 25.8%-ით 2021 წელთან შედარებით და შეადგინა 1,8 მლრდ. დოლარი. ამ წლის პირველ ნახევარში ტვირთბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის შეადგინა 795 მლნ. აშშ დოლარი, თუმცა წლის ბოლოს მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა. ზოგადად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტვირთბრუნვა საქართველოსა და ჩინეთს შორის გასამმაგდა. თუ 2012 წელს ბრუნვა შეადგენდა 640 მლნ. დოლარს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2 მლრდ. დოლარამდე. თუ შევხედავთ პირდაპირი ინვესტიციების დაბანდების ტენდენციებს, ინვესტიციები ჩინეთიდან შემოვიდა საქართველოში 2002 წელს და შეადგინა 2,5 მლნ. დოლარი, უმაღლეს დონეს  – 220 მლნ. დოლარის ოდენობით მიაღწიეს 2014 წელს; ეს არის 12% ინვესტიციების საერთო მოცულობიდან. ჩინეთის კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 200-მდე კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში და დღემდე ინარჩუნებს აქტიურ სტატუსს.

 

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

0

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ჭოუ ციენმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს 31 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მიღწევებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს.

„მჯერა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს „სარტყლისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ კონცეფციებს შორის სტრატეგიული თავსებადობის გაზრდას.“

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩინეთთან ტრადიციულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მან დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა კეთილდღეობასა და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციისა და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონის“ კულტურული ნომრები.

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

0

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ სტუმრებს ქალაქ სინგის ექსკურსია ჩაუტარეს, რომელიც ციენსი’ნან პუი და მიაოს ავტონომიური პრეფექტურის ცენტრია კუეიჭოუს პროვინციაში. China Storyteller Partnerships დაფუძნდა ჩინეთის ინტერნეტმედიის ფორუმის დროს, აპრილში, და ემსახურება ახალი ინტერნეტ პლატფორმის შექმნას, რათა საერთაშორისო კონტენტის შემქმნელებმა უკეთ მოახერხონ ჩინეთის მიღწევებისა და პროგრესის წარმოჩენა.

მარათონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10000-ზე მეტმა მორბენალმა მთელი მსოფლიოდან, მიეძღვნა ვანფენგლინს, ათიათასი მწვერვალის ტყეს. ეს ტერიტორია ცნობილია თავისი უნიკალური ფორმის კარსტული მწვერვალებით, რომლებიც გადაჭიმულია ასობით კილომეტრზე და დამთვალიერებლებისთვის ქალაქის თვალწარმტაც პანორამებსა და ვრცელ კანიონებს ქმნის.

ვანფენგლინი, „ათასი მწვერვალის ტყე“

ვანფენგლინი ასევე ცნობილია თავისი კულტურული სიმდიდრით. აქ ცხოვრობს ჩინეთის ფუის ეთნიკური ჯგუფი. ფუის ხალხი გამოირჩევა მუსიკალური ინსტრუმენტების სიმრავლით. მათი რვა უნიკალური საკრავი, სიმღერის ადგილობრივ სტილთან ერთად, ჩინეთის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება. ფუის სტილის ორნამენტები 2023 წლის პეკინი მოდის კვირეულზეც გამოჩნდა.

ფუის ეთნიკური ჯგუფი უნიკალური საკრავებითა და ტანისამოსით

ქალაქ სინგში, პრეფექტურის დედაქალაქში, გვხვდება ვანფენგის ტბა, რომელიც ჩინეთის უდიდესი ხელოვნური რეზერვუარია. ტბის ფართობი 176 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ტბა დაგუბებულია თიენშენგციაო I ჰიდროელექტროსადგურის კაშხლით.

ვანფენგის პოპულარობა უკანასკნელ წლებში აქტიურად იზრდება, რადგან ტბაზე წყლის სპორტის მოყვარულთათვის მიმზიდველი ატმოსფეროა შექმნილი. ტბას სტუმრობენ მეთევზეები, მენავეები, კაიაკერები და სხვა სპორტების ენთუზიასტები.

სინგი სამთო ტურიზმისა და სპორტის საერთაშორისო კონფერენციების ხანგრძლივი მასპინძელია.

სპორტული აქტივობები ვანფენგის ტბაზე