Home "სარტყელი და გზა" ჩინეთის ექსპერტი 2019 სოციალური კრედიტის სისტემა

სოციალური კრედიტის სისტემა

თამარ ქვლივიძე

0
72

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ სამყაროს სხვადასხვა სფეროში მრავალი ცვლილება მოუტანა. კამერების რაოდენობისა და ხარისხის განვითარებასთან ერთად სულ უფრო იოლი ხდება ადამიანების იდენტიფიცირება.

სოციალური კრედიტის სისტემა (ჩინ.: “社会信用体系” „შეხუი სინიონგ თისი“) არის რეპუტაციის ეროვნული სისტემა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გეგმით, 2020 წლისთვის დასრულებული იქნება მოქალაქეებისა და ბიზნესების ეკონომიკური თუ სოციალური რეპუტაციის შეფასების სტანდარტიზებული სისტემა – ე.წ. „სოციალური კრედიტი“.

სოციალური კრედიტის სისტემაში, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი პროფილი აქვს და ქულები აკლდება/ემატება მისი ყოველღიური ქცევების მიხედვით: დაუთმო თუ არა ადგილი მოხუცს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გადაკვეთა თუ არა გზა წითელზე, რა სახის პოსტი გამოქვეყნა სოციალურ მედიაში და ა.შ. რა თქმა უნდა, უფრო რთული შემთხვევებიც (ქურდობა, ძალადობა და სხვა დანაშაული) ისახება კრედიტის სისტემაში.

დაბალი ქულის მფლობელებისთვის სხვადასხვა სახის ჯარიმა არსებობს, როგორებიცაა: მატარებლისა და თვითმფრინავის ბილეთებზე წვდომის შეზღუდვა, სამსახურიდან გათავისუფლება, მაღალი ხარისხის სკოლებზე/სასტუმროებზე წვდომის შეზღუდვა, საზოგადოებაში „ცუდი მოქალაქის“ სახელის დამკვიდრება და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკლებული ქულების აღდგენა კარგი ქცევით, საზოგადოებისთვის სასარგებლო, სხვისთვის სასიკეთო საქმის ჩადენით არის შესაძლებელი.

სოციალური კრედიტის სისტემას უცხოურ მედიაში დიდი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ჩინეთის მთავრობის აზრით, ეს აღმოფხვრის უსამართლობას საზოგადოებაში და რესურსები უფრო სამართლიანად – დამსახურების მიხედვით იქნება განაწილებული. ეს აგრეთვე წაახალისებს ადამიანებს, რომ მეტი სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას.

NO COMMENTS