Home სპორტი უშუს განვითარება საქართველოში – ინტერვიუ გიორგი ვერულიძესთან

უშუს განვითარება საქართველოში – ინტერვიუ გიორგი ვერულიძესთან

0
290
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე

 

ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ წარმოადგენს სოციალურ-კულტურულ ფენომენს, რომელიც წარმოიშვა ჩინური ცივილიზაციისაგან და რომელსაც სხვა კულტურაში ანალოგი არ ჰყავს. ჩინეთისთვის, საბრძოლო ხელოვნება ყოველთვის იყო მრავალფუნქციური და მასში ფილოსოფია და თავდაცვის მეთოდები არასოდეს იმიჯნებოდა. საბრძოლო ხელოვნება ყოველთვის წარმოადგენდა ერთდროულად სულიერ დისციპლინას, თვიდთაცვის ხელოვნებას, სოციალურ-კულტურული აღზრდის ხერხს და რიტუალური სპორტის სახეობას, ასევე ფსიქოფიზიკური სწავლების ხერხს და ადამიანის თვითრეალიზაციას.

ჩინეთის კულტურა, რომელიც ეფუძნება უძველეს სიწმინდეთა პატივისცემას, უშუს წარმოშობის პერიოდად ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათას წელს მიიჩნევს, იმ პერიოდს, როდესაც პრიმიტიულ საზოგადოებაში ადამიანები იბრძოდნენ თვითგადარჩენისათვის.

საქართველოში უშუს არსებობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ჩინური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების განვითარებაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ჩვენს კორესპონდენტს საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე ესაუბრა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია არის ევროპის უშუს ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი, მჭიდროდ თანამშრიმლობს უშუს საერთაშორისო ფედერაციასთან და აღიარებულია “სეოკ”-ის მიერ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე სპორტის ამ სახეობაში.

გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ვერულიძესთან

  1. პირველად როდის დაუკავშირდით ჩინურ ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებას, უშუს?

მე წარმოშობით ქუთაისიდან ვარ და პირველად იქ ვეზიარე ჩინურ ორთაბრძოლას, უშუს.  ჩემი პირველი მასწავლებელი იყო დავით ხარაიშვილი, შემდგომ სერგო აკოფიანი, რომლებსაც ჩემ სპორტსმენად და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

2. სპორტსმენად ყოფნის პერიოდში ითებდით თუ არა მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებში? რა წარმატებებს გაიხსენებდით?

შიდა შეჯიბრებებში ვღებულობდი მონაწილეობას, ქალაქის მასშტაბით და სულ გამარჯვებული გამოვდიოდი. სწორედ, ამ წარმატებიდან გამომდინარე, 18 წლის ასაკში უკვე მყავდა უშუს ჯგუფები და იმდენად დიდი დრო მიჰქონდა მოსწავლეების მომზადებას, რომ არჩევანის წინაშე დავდექი ან საკუთარი სპორტული კარიერა ან მოსწავლეების აღზრდა და მათი რესპუბლიკურ და საერთაშორისო სარბიელზე გაყვანა. მე მეორე ავირჩიე. მე ვხედავდი საკუთარ თავში პოტენციალს, რომ შემეძლო გამეზარდა მსოფლიო კლასის სპორტსმენები და მაშინდელ ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ.

2.1 თქვენი პასუხიდან გამომდინარე, იყო თუ არა შესაძლებელი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა? არსებობდა რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი?

ჩემი სპორტსმენობის პერიოდში არ არსებობდა დაფინანსება და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ძალიან დიდ თანხებთან. ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ წავსულიყავით საზღვარგარეთ. ძალაუნებურად ვვარჯიშობდით საქართველოში და გამოვდიოდით სხვადასხვა შეჯიბრებებზე.

  2.2 დღეს ფედერაციის ნებისმიერ სპორტსმენს ეძლევა თუ არა შანსი იმისა, რომ წარსდგეს საერთაშორისო ასპარეზზე?

ნებისმიერ სპორტსმენს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში თუკი ის არის ფედერაციის წევრი და თუ კი ის მიიღებს პირველ ადგილს და მოხვდება ნაკრებში, დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც მოიცავს საჩვენებელში სტილის კარგად ცოდნასა და მაღალი ქულის მიღებას, ასევე კონტაქტურში სტილის კარგი ცოდნა, მაშინ მას ეძლევა შანსი მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გამოსვლებში. ჩვენ ვაფინანსებთ მთლიანად თითოეულ სპორტსმენს(დაზღვევა, სასტუმრო, კვება, ტვინის ეცეფალოგრამა და გულის კარდიოგრამა) და მიგვყავს საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე. ამას კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

2.3 არსებობს რაიმე საერთაშორისო ფონდები, რაც გეხმარებათ სპორტსმენების საზღვარგარეთ გაყვანაში? თუ ეს მხოლოდ შიდა დაფინანსებით ხდება?

საერთაშორისო ფონდი არც წარსულში არსეობდა და არც დღეს არსებობს, არ გვყოლია არც სპონსორი. კარგი იქნებოდა ფედერაციას ყავდეს სპონსორი, რომელიც რეგულარულად გამოყოფს გარკვეულ თანხას და დამატებით იქნება შესაძლებელი სპორტსმენების წაყვანა, ინვენტარის შეძენა, წარმატებული სპორტსმენების წახალისება. თუმცა, სამწუხაროდ არ არის მსგავსი მიდგომა. სპონსორი იმ შემთხვევაში იქნება დაინტერესებული განავითაროს სპორტის ესა თუ ის სახეობა თუ სახელმწიფოსაგან გარკვეული საგადასახადო შეღავათები ექნება. „სპორტში დახარჯული ერთი ევრო მომავალში მედიცინაში დახარჯული 12 ევროს ექვივალენტია.“ თუკი წელს ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ჯანსაღ თაობაზე და ჩავდებთ ჯანსაღ მომავალში ჩვენს ბიუჯეტს, ეს ყველაფერი მომავალში მოგვცემს ეკონომიას ჯანდაცვაში.

3. თქვენი სპორტსმენობის პერიოდში რა მიდგომები არსებობდა საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობისადმი? რამდენად იყვნენ იმ პერიოდში დაინტერესებულნი და რამდენი სპორტსმენი შედიოდა მაშინ ფედერაციაში?

საბრძოლო ხელოვნებები 80-იან წლებში აკრძალული იყო, გვიწევდა ჩუმად ვარჯიში. აკრძალული ხილი მეტად გემრიელიაო და იმ ხანებში ათასობით ახალგაზრდა ვარჯიშობდა უშუს სახეობას. ქართველი კაცის ბუნებაში დევს ორთაბრძოლები და ძალიან ადვილად ახერხებენ ურთულესი ილეთების შესწავლას.

3.1 მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში იყო შესაძლებელი, როგორც უკვე ახსენეთ „უცხო ხილით“ დაკავებულიყვნენ მსურველები?

1989-90 წელი იყო, როდესაც საქართველოს უშუს ფედერაციამ მოიწვია ყველა მსურველი, ვინც დაინტერესებული იყო ჩინური საბრძოლო ხელოვნებით უშუთი და ჩვენ, რომ ჩამოვედით  პირველ შეკრებაზე, 70-80 ინსტრუქტორი იყო საქართველოს ყველა რეგიონიდან  მოწვეული. ამ ინსტრუქტორებიდან თითოეულს მინიმუმ 20-30 მოსწავლე ყავდა. მე ამ პერიოდში ქუთაისში 45 მოსწავლე მყავდა, მე-14 საჯარო სკოლაში ვავარჯიშებდი ბავშვებს.

4. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში უამრავი განსხვავებული მოსაზრება არსებობს უშუსა და კუნგ-ფუზე იქნებ აგვიხსნათ რა განსხვავებაა მათ შორის?

 გეთანხმებით, იეროგლიფი კუნგ-ფუ ნიშნავს პროფესიონალს ამა თუ იმ სფეროში. აი მაგალითად, კარგი კუნგფუისტი შეიძლება იყოს ექიმი, ჟრნალისტი, მზარეული, მშენებელი, მაგრამ მათ საერთოს არ ჰქონდეთ შეხება ორთაბრძოლასთან. თუმცა, სიტყვა კუნგ-ფუ აქტულაური გახდა მსოფლიოში და ასოცირდება უშუს სტილთან. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო უშუს ფედერაციამ 2015 წელს ინდონეზიაში ჩატარებულ მსოფლიო კონგრესზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბრძოლო ხელოვნების ტრადიციულ სტილებს დაერქმეოდა კუნგ-ფუ. ანუ განვმარტავ, კუნგ-ფუს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე სრულდება ტრადიციული უშუს სტილები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკითხი დააყენა ჰოლივუდის მსახიობმა, უშუისტმა ჯეტ ლიმ(ლი ლიანძი), რომელიც იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში. 2017 წლის 11-21 მაისს საქართველოში ჩვენმა ფედერაციამ უმასპინძლა ევროპის მე-2 ვინჩუნისა და მე-4 კუნგ-ფუს(ტრადიციული უშუ) ჩემპიონატს. ჩემპიონატში დიდი წვლილი შეიტანა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, თბილისის მერიამ და ჩინეთის საელჩომ. ჩემპიონატი ჩატარდა „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში. აგრეთვე, საშეჯიბრო ლეიტაი და ხალიჩა საჩუქრად გადმოგვცა უშუს საერთაშორისო ფედერაციამ და ჩინეთის უშუს ასოციაციამ.

5. ფედერაციის სათავეში მოსვლის დროს რა პრობლემები დაგხვდათ? რამენად იყო ჩართულობა ჩინეთის საელჩოს მხრიდან? ხომ არ გაიხსენებდით ზედმეტად აქტიურ პერიოდს?

 აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი ფედერაციის ლევან ბექაურის დამსახურება. ძირითადად უშუ,  როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობა სამინისტრომ მისი მმართველობის პერიოდში აღიარა. სტრუქტურულად ჩამოაყალიბა ფედერაცია, მწვრთნელთა და მსაჯთა კომიტეტი, საქართველოს ეროვნული ნაკრები და დაიწყო საქართველოს და საერთაშორისო შეჯიბრებათა ჩატარება თბილისში. მისი მმართველობის პერიოდში აღიარა ევროპის უშუ – კუნგ-ფუს ფედერაციამ საქართველო. ეს ახლა ადვილი სათქმელია, მაგრამ იმ ხანებში წლობით მუშაობა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ეს ეტაპი გაევლო ფედერაციას.

ჩემი მოსვლის დღიდან დავიწყე ფიქრი თუ როგორ ჩასმულიყო უშუს ეროვნული ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ კალენდარულ დაფინანსებაში. ამასთან დაკავშირებით ბევრ პროექტზე მომიწია მუშაობა, რომ კიდევ უფრო ცნობილი გამხდარიყო ეს სახეობა სამინისტროსათვის. 2015 წელს სამინისტრომ შეიმუშავა ფედერაციის აღიარებისა და დაფინანსების კრიტერიუმები და ამ თემასთან დაკავშირებითაც ჩემმა გუნდმა დიდი მუშაობა გასწია. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა სუმბულაშვილის თავდაუზოგავი მუშაობა ფედერაციის განვითარებაში, ყველა კალენდრული ადგილობრივი თუ საერთაშორისო უშუს შეჯიბრებები მისი ზედამხედველობით ხორციელდება და ძალიან კარგადაც ართმევს თავს. რაც შეეხება ჩინეთის საელჩოს, მან 2013 წელს შეგვიძინა სავარჯიშო ხალიჩა და წელს ევროპის კუნგ-ფუს ჩემპიონატისთვის გადმოგვცა 2 ძვირადღირებული ხალიჩა.

6. როგორ მოერგეთ პრეზიდენტის როლს? მოიცავს თუ არა თქვენი საქმიანობა სპორტსმენთა ვარჯიშებზე დასწრებას?

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი კაბინეტში არ უნდა იჯდეს, არამედ ის უნდა იყოს მის სამყაროში შემავალი წევრების მსახური, ფედერაციის მართვას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. ბევრჯერ მქონია შემთხვევა ვყოფილვარ მივლინებაში და სასწრაფო საბუთების მომზადება საზღვარგარეთიდან გამიკეთებია. ერთი წუთითაც არ შეიძლება მოდუნება, რადგან სამინისტროს ძალზედ მკაცრი მოთხოვნები აქვს და თუ რომელიმე დავალებას ფედერაცია არ ან ვერ შეასრულებს ეს ყველაფერი მომავალი წლის დაფინანსებაზე აისახება.

მე ყოველ წელს მიწევს რეგიონებში ჩასვლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა, რათა მათ რეგიონში უფრო პოპულარული გავხადოთ ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ. ჩვენი გუნდი უქმნის სივრცეს ინსტრუქტორებს რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტის ამ სახეობაში. ფედერაციის ინსტრუქტორები თითქმის ყველა რეგიონში მუშაობენ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში და ხელფასს იღებენ, ჰყავთ უფასო ჯგუფები, რითაც სოციალურ სამსახურს უწევენ ქალაქს. არის ისეთი რეგიონებიც, სადაც მიდის მოლაპარაკებები ჩვენი ინსტრუქტორების სპორტულ დაწესებულებებში შტატში აყვანასთან დაკავშირებით.

მე თვითონ ვარ უშუ ტაო ლუს ნაკრების მწვრთნელი და ყოველდღიურად მიწევს სპორტსმენებთან მუშაობა.  მყავს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ჯგუფები. ჩვენი გუნდის სწორი მუშაობის შედეგია ის, რომ წელს ფედერაციამ მოიპოვა 49 მედალი საერთაშორისო, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. აქედან, 14 ოქრო, 8 ვერცხლი და 24 ბრინჯაო.

 

6.1 თუ შეგიძლიათ ჩამოგვითვალეთ ის რეგიონები, სადაც დღეს ისწავლება ჩინური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება?

ბათუმი, ქობულეთი, მარტვილი, ფოთი, ქუთაისი, გეგუთი, ზესტაფონი, თერჯოლა, დედოფლისწყარო, თელავი, რუსთავი, საგარეჯო და თბილისი. დღეს ასევე ვმუშაობთ აბაშის რეგიონზე, უკვე გვყავს კანდიდატი შერჩეული და გადამზადების შემდეგ ჩვენ მივცემთ მას სერტიფიკატს რათა გახსნას სკოლა და ავარჯიშოს ბავშვები.

6.2 პოპულარიზაციაზეც რომ ვისაუბროთ ცოტა, რას აკეთებთ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისათვის? როგორ აცნობთ მას საზოგადოებას?

როდესაც გვპატიჟებს ჩინეთის საელჩო, სპორტის სამინისტრო, სადაც ტარდება საჩვენებელი გამოსვლები, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ მასში მონაწილეობას. ამ გამოსვლებს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან უბრალო ადამიანებიც, მოსახლეობაც და დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ ვანაწილებთ უშუს სკოლებში. ასევე პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება მედიაა, ამიტომ ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ მათთან. აგრეთვე, ყოველი წლის დეკემბრის თვეში ვატარებთ აღმოსავლური ორთაბრძოლების ფესტივალს, რომელიც პოპულარიცაზიის კიდევ ერთი საშუალებაა. წელს ფესტივალი მესამედ გაიმართა და მესამე წელია ჩვენ წარმატებულ სამეულში ვხვდებით.

6.3 ფედერაციის სტრუქტურა – ვგულისხმობ, რეგიონებში არსებული სკოლები თქვენს დაქვემდებარებაში არიან?

რეგიონებში არსებული კლუბები და სკოლები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ ფედერაციის განსაზღვრულ კრიტერიუმებს და უნდა შემოდიოდნენ ფედერაციის ფრთის ქვეშ, რომ შემდეგ მოხდეს ამ კლუბების მიერ აღზრდილი მოსწავლეების საქართველოს ჩემპიონატზე გამოსვლა. შემდეგ ხდება დაკომპლექტება გუნდის და მიგვყავს ბავშვები საზღვარგარეთ. წელს, თებერვლისთვის ვემზადებით მოსკოვში წასასვლელად, სადაც რეგიონის ბავშვების მიიღებენ მონაწილეობას. ეს ყველაფერი ხდება ფედერაციის, სამინისტროსა და თბილისის მერიის დაფინანსებით.

6.4 თქვენი აზრით, გაიზარდა თუ არა დღეს საზოგადოების ცნობიერება სპორტის ამ სეხეობისადმი? თუ ისევ ხვდებით ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ თუ რა არის უშუ?

თუ შევადარებთ გასულ წლებს, შეგვძლია ვთქვათ, რომ ყოველ წელს იზრდება ცნობადომა ამ სპორტისადმი. ადრე თუ სპორტის ამ სახეობის სახელს შეცდომით ამბობდნენ დღეს ეს აღარ ხდება. სამინისტროში როდესაც შევდივარ მათთვის აღარ არის უშუ უცხო. რთულია გავუტოლოთ ის ისეთ გრანდ სპორტის სახეობებს, როგორიცაა ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, თუმცა ცოდნა იმისა, რომ უშუ ეს ორთაბრძოლას ეხება ეს უკვე დიდ რამეს ნიშნავს.

7. დღეს რა სიტუაციაა დღეს ფედერაციაში? წინა წლებთან შედარებით გაიზარდა თუ არა სპორტით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი?

ყოველწლიურად შეინიშნება სპორტსმენთა მატება, წელს, სექტემბრის მონაცემებით გვყავს 695 სპორტსმენი.

 7.1 რამდენად ხშირად იმართება დღეს რეგიონალური ჩემპიონატები?

ყოველი წლის ბოლოს უკვე გაწერილია მომავალი წლის განრიგი. ვადგენთ კალენდარს, სადაც მითითებულია, თუ რომელი რეგიონი რომელ შეჯიბრებას უმასპინძლებს. წელს შეჯიბრება მხოლოდ ქუთაისმა და საგარეჯომ ჩაატარა. მომავალი წლისთვის კი დაგეგმილია ქუთაისში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში და თბილისში. ასევე მომავალ წელს თბილისში იგეგმება რიგით მე-10 საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება.

7.2 არის თუ არა დღეს ჩვენი სამშობლო მზად უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს? რა არის ამისთვის საჭირო?

მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას წინ უძღვის მინიმუმ 3 წლიანი მომზადება. სახელმწიფომ უნდა მოგცეს გარანტი იმისა, რომ ჩაატარებს ამა თუ იმ შეჯიბრებას. ეს გარანტი საჭიროა კონგრესზე წარსადგენად, როდესაც იქ წარსდგები, როგორც აპლიკანტი ქვეყანა. ქვეყანა უნდა წარადგინო პრეზენტაციით, პრეზენტაციის შემდეგ ხდება ხმის მიცემა.

გარდა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოყოფილი თანხებისა, საჭიროა ის ინვენტარი რომელითაც უნდა უმასპინძლო მსოფლიო დონის ჩემპიონატს. ეს არის ხალიჩები და ორთაბრძოლებისთვის ლეიტაი. თუ ეს არა გაქვს ვერ ჩაატარებ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი სერთიფიცირებული ინვენტარი საქართველოს აქვს, რომელიც საერთაშორისო უშუს ფედერაციამ გადმოსცა საქართველოს. ასევე, ჩინეთის საელჩომ გადმოგვცა ორი ძვირადღირებული ხალიჩა. ასე, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს ჩემპიონატს თუ რათქმაუნდა იქნება პოლიტიკური ნება და სახელმწიფო ზაობა.

7.3 როდესაც მოდის ადამიანი და სურს გაიგოს მეტი უშუს შესახებ, როგორი ხერხით აწვდით მას ამ პროდუქტს? ვიზუალურად თუ მხოლოდ გასაუბრების დონეზე? ხომ არ არის გაცნობის უკეთესი საშუალება?

ეს ხდება ძირითადად საუბრის დონეზე, თუმცა ვასწრებთ შეჯიბრებებსაც. უფრო მეტად კი ამაყები ვართ იმით, რომ ეს სპორტის სახეობა არის ხელოვნება, რაც გამოყენებულია უამრავ ფილმში. ვერცერთი სპორტის სახეობა ვერ დაიკვეხნის მსგავსი ოდენობის ფილმებით, რაშიც უშუ და კუნგ-ფუს სტილებია ნაჩვენები.  ასე, რომ დაინტერესებულ პირებს თამამდ ვურჩევთ ხოლმე გაეცნონ ამ ფილმებს.

7.4 რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე მოსახვედრად?

საკუთარი შედეგებიდან გამომდინარე ის უნდა მოხვდეს საქართველოს ნაკრებში. უნდა იყოს მონდომებული და ვარჯიშს უთმობდეს დიდ დროს.

8.რამდენად პოპულარული გახდა უშუ როგორც სპორტი?

 საქართველოში ამ სპორტთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაციაა, ჩვენი ძალებით ვცდილობთ მოსახლეობას გავაგებინოთ თუ რა შედეგები მოაქვს ადამიანისათვის უშუში ვარჯიშს. უშუში მოვარჯიშეს ასაკი არ აქვს. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ვარჯიში ბაღის ასაკიდან დაწყებული გვიანი სიბერით დამთავრებული. უშუში სამასზე მეტი სტილია და ყველა ადამიანი მოძებნის რაღაც ისეთს, რაც მას სჭირდება, ამაში კი გამოცდილი ინსტრუქტორები დაეხმარებიან. უშუ ძალიან პოლულარულია მსოფლიოში მარტო რად ღირს იმ ლეგენდარული მსახიობი უშუისტების გახსენება, როგორებიც არიან :ბრიუს ლი, ჯეკი ჩანი, ჯეტ ლი, ჯეკი ვუ, სამა ჰონგი, მიშელ იეო და სხვები. უშუს სახეობა კინოსა და ხელოვნებაში ძალზედ აქტიურადაა ჩართული.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ბატონი გიორგი მუსხელიშვილი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქართველოში ევროპის კუნგ-ფუს ჩემპიონატის ჩატარებაში. ბატონი გიორგი კუანგჭოუში 9 წელი ცხოვრობდა და ჩინური კულტურის და ამ სპორტის სიყვარული სწორედ იქედან აქვს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოსახლლეობის დაინტერესება საბრძოლო ხელოვნების ამსახეობისადმი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც დარბაზებში ბავსვების მატებაზე საგრძნობლად აისახება.

9. რა სიტუაციაა საერთაშორისო ასპარეზზე? რამდენად გამოვჩნდით?

უშუ აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, სპორტ აკორდისა და ანტი დოპინგური სააგენტოს მიერ და შედის იმ 8 სპორტის სახეობაში, რომლებიც ყველაზე ახლოა ზაფხულის ოლიმპიადაზე მოსახვედრად. ჩვენ ვასრულებთ ყველა იმ მითითებას, რასაც გვავალებს საერთაშორისო უშუს ფედერაციის კონსტიტუცია, რომლის პრეზიდენტია იუ ზაიქინგი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი იუ აგრეთვე არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოში უშუს განვითარებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და საერთაშორისო უშუს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, რუსეთის უშუს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ გლებ მუზრუკოვს. როდესაც საქართველო გახდა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების აპლიკანტი ქვეყანა პირველმა ბატონმა გლებმა დაგვიჭირა მხარი და ღიად გამოხატა თანადგომა, რამაც განაპირობა 2017 წელს თბილისში ევროპის მე-4 კუნგ-ფუს ჩემპიონატის ჩატარება.

ბოლო 4 წელი თბილისში ტარდება საერთაშორისო ტურნირები და ბატონი გლები შეჯიბრის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად მოავლენს საერთაშორისო დონის მსაჯებს, რადგან შეჯიბრის დონესა და რეიტინგს განსაზღვრავს თუ როგორი კვალიფიკაციის მსაჯები ჰყავს ამა თუ იმ ტურნირს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წელს ძალიან დიდ შედეგი გვქონდა. მაგალითისთვის, მობიყვან იმ ფაქტს, რომ მსოფლიო კუნგ-ფუს ჩემპიონატზე 57 ქვეყნის 900-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა და საქართველომ მედლების რაოდენობით 22 – ე ადგილი დაიკავა. ეს ჩვენთვის დიდი წარმატებაა, რამეთუ ასეთი დონის შეჯიბრზე პირველად ვიასპარეზეთ.

10. არსებობს თუ არა გაცვლითი პროგრამები? აქვთ თუ არა ქართველ სპორტსმენებს საშუალება მასტერკლასები გაიარონ უცხოელ მასწავლებლებთან?

გაცვლითი პროგრამები როგორც ასეთი არ გვაქვს, მაგრამ, შარშან ჩინეთის უშუს ასოციაციასთან დავამყარეთ ურთიერთობა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადგომით წელს ჩამოვიყვანეთ ჩინელი სპეციალისტები, რომლებმაც გადაამზადეს ჩვენი 60 ინსტრუქტორი.

11. გქონიათ თუ შემთხვევა, როდესაც სხვა ეროვნების სპორტსმენები ყოფილიყვნენ გუნდში?

კი გვქონია მსგავსი შემთხვევა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვუსალ შრიფოვი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა საქართველში და აქვს მოქალაქეობა. მას უნდა გამოვიდეს საქართველოს სახელით ევროპასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, მაგრამ ამის წინა პირობა საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებაა.

12. დღესრამდენი მსოფლიო და ოქროს მედალოსანი გვყავს?

თუ მარტო მსოფლიოსა და ევროპის ოქროს მედალოსნები გვაინტერესებს გვყავს 9 სპორტსმენი, ხოლო სხვადასხვა სინჯის მედლებს თუ აღვნიშნავთ ამ ცხრის გარდა კიდევ 18 მედალოსანი.

12.1 რაზეა დღეს საქართველოში დაფინანსება დამოკიდებული? რაც მეტად წარმატებული იქნება წელი თუ რაიმე სხვა ფაქტორსაც ითვალისწინებს?

2015 წელს სახელმწიფომ განსაზღვრა აღიარებისა და დაფინანსების კრიტერიუმები. აღიარებას საკუთარი კრიტერიუმები აქვს და მოიცავს აღიარებას საერთაშორისო ფედერაციის მიერ, უნდა იყო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული. ჩვენ ყოველწლიურად ვაბარებთ სამინისტროს ანგარიშს. ჩვენ წელს უკვე ჩაბარებული გვაქვს 2016-15-14 წლების ანგარიში იმისა, თუ რა გააკეთა ფედერაციამ ამ სტილის განსავითარებლად. მიხარია, რომ დღეს ფედერაცია მოიხნსენიება წარმატებულ ფედერაციათა გვერდით. ამაყი ვარ, რომ სპორტსმენს ერთი თეთრი არ უჯდება საზღვარგარეთ წასვლა, ჩვენთან შემოსული ნებისმიერი თანხა მორგებული და მოხმარებულია სპორტსმენის კეთილდღეობას. ამისათვის მადლობა თბილისის მერიასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომ გვაძლევს საშუალებას სპორტსმენები წავიყვანოთ საზღვარგარეთ და ასევე გვაძლევს სივრცეს, რომ ჩვენ შევუქმნათ კარგი სავარჯიშო პირობები ბავშვებს. სამინისტრო ასევე გვეხმარება, რომ თებერვლის თვეში ჩამოვიყვანოთ ჩინეთიდან საერთაშორისო დონის მწვრთნელები, რათა მოხდეს სპორტსმეთა გადამზადება.

 

13. როგორია საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი მიდგომა და დაინტერესება სპორტის ამ სახეობით?

როგორც აღვნიშნე, უშუს სახეობა აღიარებულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ამიტომ ჩვენი ადგილობრივი და გასვლითი შეჯიბრებები ჩასმულია სპორტულ ღონისძიებათა ყოველწლიურ კალენდარში, რომელიც ფინანსდება სამინისტროს მიერ. ჩვენ დაგვრჩა ერთი ბარიერი გადასალახი, რასაც საპრემიო პროგრამა ჰქვია. რას ნიშნავს საპრემიო პროგრამა? სპორტსმენები, რომლებიც გაიმარჯვებენ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე უნდა მიიღონ ფულადი პრემიები, რომლისთვისაც საჭიროა მთავრობის განკარგულება. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში უშუს სახეობა იქნება ჩასმული საპრემიო განკარგულებაში.

14. უშუს რა სახეობები ისწავლება დღეს ფედერაციაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უშუში 300-ზე მეტი სტილია, რომლებიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა სტილს ვასწავლით საქართველოში, მაგრამ 20-ზე მეტ სახეობას ნამდვილად ასწავლიან ჩვენი ინსტრუქტორები სპორტსმენებს. რაც შეეხება შეჯიბრს, ის ტარდება ორი მიმართულებით: საჩვენებელ და კონტაქტურ სტილებში. ყველა სტილი განსხვავდება ერთმანეთისაგან თავისი მოძრაობის სპეციფიკით.

15. მოკლედ სამომავლო გეგმებზე

მომავალ წელს იგეგმება ჩინელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რათა გადავამზადოთ ჩვენი სპორტსმენები. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის უშუს ასოციაციასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს. აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს ევროპისა და მსოფლიო ჩემოიონატზე.

 

 

[:]

NO COMMENTS