[:ka]

როგორც, ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით გახდა ცნობილი, გუშინ, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ცნობილია, რომ სტუმრები საქართველოში “ჰუალინგ ჯგუფის“ მოწვევით იმყოფებიან.

შეხვედრაზე პრემიერმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა და სტუმრებს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და ბიზნეს-გარემო გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ შეთანხმების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისათვის.

შეხვედრაზე ჩამოსულმა სტუმრებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მხრივ დიდი დაინტერესებაც გამოიჩინეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტექსტილის წარმოება, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვ.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისინი ეწვევიან დასავლეთ საქართველოს, მათ შორის, ქუთაისსა და წყალტუბოს, სადაც კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაათვალიერებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ  ჩინური კერძო ინვესტორების დაინტერესება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ჩინეთიდან პოტენციური ინვესტორების წარმომადგებლობითი დელეგაციის შემადგენლობაში ორი მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კონგლომერატის – “Wuhan Contemporary Science and Technology Industry Group”-ისა და „Shenzhen LanRun Financial Holding Group“-ის ხელმძღვანელი პირები შედიან.

[:]