აპრილი17 , 2024

ქალების სამეფო – მოსუო

-

- Advertisment -spot_img

წარმოიდგინეთ საზოგადოება მამების გარეშე, ქორწინებების (განქორწინებების) გარეშე, ოჯახი, სადაც სადილობისას ბებია სუფრის თავში ზის, მისი ქალიშვილები და ვაჟები კი მასთან ცხოვრობენ. 

ეს ფემინისტური სამყარო ან მატრიარქალური საზოგადოება, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ, სამხრეთ დასავლეთ ჩინეთში, ტიბეტის საზღვართან, ბოლო დასახლებული პუნქტიდან 10 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. ეს მოსუოს ხალხის სამშობლო და ჩინეთის უკანასკნელი მატრიარქალური საზოგადოებაა. 

საუკუნეების განმავლობაში, მოსუოს ტომი ლუგუს ტბის გარშემო, ჰიმალაის მთების ჩრდილში ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ჩინგის ხანის ასეულს ამ ტბასთან გაუვლია. ამ ადგილისა და ტბის სილამაზით მოხიბლულებმა, დარჩენა გადაწყვიტეს და სწორედ მათი შთამომავლები არიან მოსუოს ტომში, რომლის რიცხვი დღეს 50 000 ადამიანს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მოსუო ეთნიკურ უმცირესობას განეკუთვნება, ის ქვეყანაში არსებულ 56 ეთნიკურ ჯგუფში არ შედის როგორც ცალკეული უმცირესობა, ჩინეთი მოსუოს ხალხს ნასის უმცირესობას მიაკუთვნებს.

თანამედროვე ცივილიზაციამ მოსუოს ხალხთან 1990-იან წლებში შეაღწია, როდესაც პირველი გზატკეცილი დაიგო. 2015 წელს კი პირველი აეროპორტი გაიხსნა, რამაც ჩინელი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. თანამედროვე ელემენტები ტრადიციებს შეერწყა, მაგრამ ეს გავლენა ნაკლებად თვალშისაცემია და იქ მოხვედრისას საუკუნეებით უკან ინაცვლებთ. 

მოსუოს ხალხის უნიკალურობა უძველეს ტრადიციებსა და ცხოვრების წესშია. ტურისტებს მათში „მოსიარულე ქორწინება“ (ჩინ: 走婚; zouhun) იზიდავთ. მოსუოს ხალხში არ არსებობს ქორწინების ჩვეულება და არც ცოლისა და ქმრის თანაცხოვრებაა პოპულარული. აქ არავინ ამბობს: „თანახმა ვარ“. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს ქალი უძღვება, შესაბამისად ქალიც წყვეტს როდის და ვის უნდა დაუკავშიროს „ბედი“. ეს კავშირი კი იქამდე გრძელდება, სადამდეც ერთ-ერთი მათგანი წასვლას არ გადაწყვეტს, რაც ყოველგვარი ტრაგედიისა და დრამის გარეშე მთავრდება. მამაკაცი ქალს მხოლოდ ღამით სტუმრობს, დილით კი ვალდებულია სახლი დატოვოს. მოსუოს ბავშვებს მამობას ბიძები უწევენ. ბავშვებმა უმეტეს შემთხვევაში, მამების ვინაობა არც იციან. 

როდესაც „მოსიარულე ქორწინების“ ცერემონიის ასაკი მოდის, მოსუოს ქალები თავიან საბედოს თავადვე ირჩევენ, იქნება ეს სახალხო დღესასწაულებსა თუ თავშეყრის ადგილებზე. ქალი მამაკაცს სარეცელის გაზიარების ნიშანს აძლევს. იმის გამო, რომ ქალს ერთზე მეტი პარტნიორის ყოლა შეუძლია, მასთან მისული მამაკაცი, ოთახის სახელურზე ქუდს კიდებს, რაც სხვებისთვის გამაფრთხილებელი ნიშანია. 

მოსუოს მამაკაცების როლი ძირითადად, ხელოსნობით, ნადირობა-თევზაობითა და ვაჭრობით განისაზღვრება. იმის გამო, რომ მათ საკუთარი შვილების ვინაობა არ იციან, ფინანსურად თავიანთ დის შვილებს ეხმარებიან. ხალხს თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები ახსენდებათ, როდესაც მამამ შვილის ვინაობა იცოდა და მათ შორის ურთიერთობაც გაგრძელდა. ახალი თაობა ამ ტრადიციას ინარჩუნებს და ხანელ ჩინელებს თავიან ბედს ნაკლებად უკავშირებენ. თუმცა მოსუოს ქალებს ბევრი ხანელი თაყვანისმცემელი მამაკაცი ჰყავთ. 

რეგიონში მოგზაურობისას, ადგილობრივ გიდს, ჩაცუოს დავუახლოვდი, რომელმაც რამდენიმე სოფელსა და ფოლკლორულ ფესტივალზე წამიყვანა. ჩაცუო (chacuo) ახალგაზრდა მოსუო ქალია. ის რეგიონის ერთადერთი ინტერნეტ კაფისა და რესტორნის მესაკუთრეა. „ჩინელ ტურისტებს „თავისუფალი სიყვარული“ იზიდავთ“ , – ამბობს ჩაცუო. 

ჩაცუო (chacuo)

„ხშირად მეკითხებიან თუ რამდენ „მოსიარულე ქორწინებაში“ ვყოფილვარ. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც „ქორწინებას“ მეც მთავაზობენ და ყოველთვის ვპასუხობ: ნამდვილად ფიქრობ, რომ ასეთი მიმზიდველი და კარგი ხარ? და ამის შემდეგ ისინი ჩუმდებიან“, – გვიყვება ჩაცუო. 

„აქ ხალხს ქორწინების არ სჯერა. რატომ უნდა გავთხოვდეთ? აქ წყვილები ვალდებულებებს არ ინაწილებენ და ცალ-ცალკე მუშაობენ. ჩვენ გვჯერა, რომ თუ სიყვარული ქრება, წყვილი მშვიდობიანად უნდა დაშორდეს ერთმანეთს. მაშინ რა გამოდის ქორწინების აზრი? ბორკილები რატომ უნდა დავიდოთ? ხომ მართალია?“, – ჩაცუო იცინის და ჩვენს თანხმობას ელოდება, თან ნავის ნიჩაბს ძლიერად უსვამს. 

იმის გამო, რომ სოფლები ძირითადად ტბის გარშემოა განლაგებული, მოსუოს ხალხის ძირითად ტრანსპორტს დღემდე ხის ნავები წარმოადგენს. ტბა ლუგუ ადგილობრივ ფოლკლორში საკრალურ ადგილად ითვლება და მოტორიანი ნავი აქ აკრძალულია. ტბა ლუგუს წარმოშობის ლეგენდა აქ ყველამ იცის. ქალღმერთი ჯემუ, რომელიც ჰიმალაის მთებში ცხოვრობს, სატრფომ მიატოვა და განშორებით გამოწვეულმა ქალღმერთის ცრემლებმა კი ტბა ლუგუ წარმოქმნეს. 

ტბის გარშემო ადგილობრივები რელიგიურ რიტუალებსა და სხვადასხვა აქტივობებს აწყობენ. 

ეს უძველესი ტომი თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად ცხოვრობს. ქალებს მამაკაცებთან თანაბარი (მეტი თუ არა) უფლებები აქვთ, ორივე მათგანს იმდენი პარტნიორის ყოლა შეუძლიათ, რამდენიც სურთ და ამისთვის არავინ განსჯით. მათთვის გადამწყვეტი მხოლოდ გრძნობებია და როგორც მოსუოს ქალები ამბობენ „მუცელში პეპლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვალდებულებები, ამიტომ თუ ამას ვეღარ ვგრძნობთ, ურთიერთობასაც ვამთავრებთ“. 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები