შოუ სუეი

Kristina Etsadashvili

0
56

შოუ სუეი (守岁)[1] არის ჩვეულება, რომლის თანახმად ჩინელები ძველი წლის ბოლო ღამეს ფხიზლობენ იმისათვის, რომ შეეგებონ ახალი, იმედებით აღსავსე  წლის დადგომას. ამ ჩვეულებას ასევე უწოდებენ „ჩუსი შოუ სუეი“ (除夕守岁), ასევე, გავრცელებული სახელწოდებაა „აონიენი”(熬年).

ჩინეთში საუკუნეების განმავლობაში ოჯახის წევრები ტრადიციული საახალწლო ვახშამის შემდეგ, ერთად სხდებოდნენ და გათენებამდე სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, ანთებდნენ მანათობლებს და მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლობდნენ. ამით მათ საფუძველი ჩაუყარეს ჩვეულებას, რომელსაც “აონიენ შოუ სუეი” (熬年守岁) ეწოდება. ისინი ამას ყველა ძველი ჭირის განსადევნად და იმედებით აღსავსე ახალი წლის დასახვედრად აკეთებდნენ. ეს ჩვეულება დღესდღეობითაც არსებობს ჩინეთში და ჩინური ახალი წლის განუყოფელი და ულამაზესი წეს-ჩვეულებაა. ისინი კვლავ ერთად, მთელი ოჯახით, უყურებენ გაზაფხულის ფესტივალის თემატიკაზე ჩატარებულ კონცერტებს, საუბრობენ გათენებამდე და ახალი წლის დადგომის დროს ფოიერვერკებს უშვებენ.

ჩინურ კულტურაში მრავალი ლეგენდაა გავრცელებული ამ ჩვეულების წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჩინეთის მაღალ მთებსა და უღრან ტყეებში უხსოვარი დროიდან არსებობდა ერთი ურჩხული სახელად ნიენი (年)[2], რომელიც სასტიკი ხასიათითა და გოროზი გარეგნობით გამოირჩეოდა და ადამიანებს ძალიან აშინებდა. იკვებებოდა ყველაფრით, რისი მირთმევაც შესაძლებელი იყო და არც ცოცხალი ადამიანების შეჭმას თაკილობდა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა შეიტყვეს, რომ იგი ხალხზე სანადიროდ 365 დღეში ერთხელ გადიოდა, როგორც წესი, ტყიდან მზის ჩასვლის შემდეგ გამოდიოდა და შინ მაშინ ბრუნდებოდა, როცა პირველი მამალი დაიყივლებდა.

ვინაიდან საზოგადოებაში ცნობილი იყო, თუ როდის გამოვიდოდა ურჩხული გარეთ, ისინი ამ დღეს ადრიანად ამზადებდნენ სადღესასწაულო სუფრას, კეტავდნენ ყველა შემოსასვლელ კარსა და ფანჯარას, ერთად იკრიბებოდნენ და შუქებს ანთებდნენ. ერთად შეკრებას, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან ამით ოჯახები აჩვენებდნენ ურჩხულს, რომ მათ მისი არ ეშინოდათ და საკუთარ ერთობას უსვამდნენ ხაზს.

რა თქმა უნდა, არც-ერთი ჩინური დღესასწაული არ ჩაივლის დიდებული სუფრის გარეშე. ჩინელი ხალხი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კერძებს და ეს ნიუანსი არც აქაა გამოტოვებული. ღამის თორმეტ საათზე, როდესაც დგება დრო და ახალი წელი ძველს ანაცვლებს, ოჯახები მათ მიერ მომზადებულ ძიაოწის (饺子)[3] მიირთმევენ, რომელიც ამ წეს-ჩვეულების განუყოფელი ნაწილია. ამ კერძის მირთმევის ტრადიცია დღესაც არსებობს. ვინაიდან მისი ფორმა ოქროს ზოდს ჰგავს. ჩინელ ხალხს მიაჩნია, რომ ახალ წელს ძიაოწის მომზადება და მირთმევა სიმდიდრის დაგროვების სიმბოლოა.

სადღესასწაულო ვახშამის შემდეგ ბავშვებს ხშირად ფულს ჩუქნიან. ითვლება, რომ რაც უფრო გვიან დაიძინებენ ბავშვები, მით უფრო დიდხანს იცოცხლებენ მათი მშობლები.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, ეს წეს-ჩვეულება სამხრეთ და ჩრდილოეთის დინასტიების[4] დროს ჩამოყალიბდა. ცნობილია, რომ ლიანგის[5] პერიოდში, ბევრი პოეტი ამ ულამაზეს ტრადიციას ლექსებსაც კი უძღვნიდა.

[1] ახალი წლის წინა ღამე

[2] წელი

[3] თხელ ცომში მოთავსებული ხორცი წვრილად დაჭრილ ბოსტნეულთან ერთად. კერძის ტრადიციული შიგთავსია ღორის ფარში, კრევეტები, ადგილობრივი ქათამი, საქონლის ხორცი და ბოსტნეული.

[4]დინასტია, რომელიც 420-581წლებს მოიცავს

[5] ასევე ცნობილია, როგორც სამხრეთ ლიანგის დინასტია, რომელიც 502-557 წლებში არსებობდა