ჩუსის (除夕) უწოდებენ ახალი წლის ღამეს, რაც გულისხმობს ძველსა და ცუდთან გამომშვიდობებასა და ახალთან შეგებებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩუსი, ჩვეულებრივ, მთვარის კალენდრით მე-12 თვის 29 ან 30 რიცხვში აღინიშნება, მას ტანიენ სანში-საც (大年三十)[1] უწოდებენ.

ძველი დროიდან მოყოლებული ახალი წლის ღამეს თან სდევს წეს-ჩვეულებები: წინაპრების გახსენება, ვახშმობა და ახალი წლის ოჯახთან ერთად შეხვედრა, ნიენხუნგების (年红)[2] გაკვრა, გარემოს წითელი ფარნებით გაფორმება და ა.შ. მიუხედავად მრავალი წლის გასვლისა, ეს ტრადიციები დღემდე არის შემორჩენილი ჩინელ ხალხში. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩინელებისთვის: სადაც არ უნდა იყვნენ და რამდენად შორსაც არ უნდა იყვნენ საკუთარი ოჯახიდან, აუცილებლად ბრუნდებიან სახლში და ახლობლებთან ერთად იკრიბებიან, ამ ცერემონიით ისინი  ემშვიდობებიან ძველ წელს და ახალ წელს ფოიერვერკებთან ერთად ხვდებიან.

ყველა წეს-ჩვეულებას საკუთარი წარმოშობის ისტორია აქვს, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავიგოთ მისი არსი. ლეგენდის თანახმად, დიდი ხნის წინათ არსებობდა ურჩხული სახელად სი (夕), რომელიც ხშირად იტაცებდა და აშინებდა მოსახლეობას. სისგან შეწუხებულმა მამაცმა ცი ლანგმა (七郎) თავის ძაღლთან ერთად გადაწყვიტა სის შეპყრობა. მან დაიწყო ქალაქიდან ქალაქში სიარული და აგროვებდა ყველანაირ ინფორმაციას სის შესახებ, ის დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა, მაგრამ ამაოდ, მან სის ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო. ერთ დღესაც ცი ლანგმა გზის პირად ატირებული მოხუცი დაინახა და მასთან გასაუბრების შედეგად შეიტყო, რომ მისი პატარა შვილიშვილი სიმ გაიტაცა და შეჭამა. განრისხებულმა ცი ლანგმა 1 წელი გაატარა სის ძებნაში, მაგრამ მის კვალს მაინც ვერ პოულობდა. ერთი წლის გასვლის შემდგომ, ზუსტად 30 რიცხვში ცილანგი მიადგა ერთ მხიარულ და ხმაურიან ქალაქს, შეიტყო, რომ სი მზის ჩასვლის შემდგომ ესხმოდა ხალხს თავს, გაიგო, რომ სის ძალიან ეშინოდა უცნაური ხმების, ცი ლანგმა მოსახლეობას მოუწოდა, როდესაც დაღამდებოდა და სის დაინახავდნენ, მაშინვე დაეწყოთ ნივთებზე კაკუნი, რათა ერთობლივად შექმნილი ძლიერი ხმაურით სი შეეშინებინათ და განედევნათ.

მზე მალე ჩავიდა, ქალაქში სიჩუმემ დაისადგურა, სიმაც არ დააყოვნა და ერთი ლამაზი გოგონას შეჭმა გადაწყვიტა. როგორც კი მისმა ოჯახის წევრებმა სი დაინახეს, მაშინვე გამაყრუებელი ბრახუნი ატეხეს, ხმის გაგონებაზე მთელმა მოსახლეობამ სახლში არსებულ ქვაბებზე ბრახუნი დაიწყო, ძლიერმა ხმაურმა სი ძალიან შეაშინა და გაიქცა. ცი ლანგის ძაღლმა დრო იხელთა, გაეკიდა სის და ძლიერად უკბინა, ცი ლანგმა კი თავისი მშვილდ-ისრით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ურჩხულს. ამ მოვლენის შემდეგ მოსახლეობა ახალი წლის ღამეს არ იძინებდა და იწყებდა მეტალის ნივთებზე კაკუნს. სწორედ ეს ლეგენდა წარმოადგენს სის განდევნის ისტორიას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, დღესდღეობით კი სის განსადევნად ბრახუნის რიტუალი ფოიერვერკების ხმაურმა ჩაანაცვლა.

[1] გაზაფხულის დღესასწაულის პირველი ახალი წლის ღამე

[2] წითელი საახალწლო მოსართავები