მარტი24 , 2024
ანალიტიკახუთიათასწლოვანი ჩინური ცივილიზაცია?!

[:ka]ხუთიათასწლოვანი ჩინური ცივილიზაცია?![:]

ოთარ ჭიღლაძე, ახალგაზრდა სინოლოგი

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

    ყველასათვის ცნობილია, რომ ჩინური ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მაგრამ, საინტერესოა ზუსტად რამდენ წელს მოითვლის ჩინეთის ისტორია? ამ საკითხზე ჩინელებს თავიანთი აზრი აქვთ. თუ ჩაატარებთ მარტივ გამოკითხვას და ჩინეთში ჩვეულებრივ ქუჩაში გამვლელებს ჰკითხავთ რამდენ წელს მოითვლის ჩინეთის ისტორია, მინიმუმ 90 პროცენტის პასუხი იქნება 5 000 წელი. ხუთიათასწლოვანი ჩინური ცივილიზაციის იდეის გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს ჩინურ სკოლებსა და ისტორიის სახელმძღვანელოებში. მეტიც, არაერთი ისტორიის წიგნი სწორედ ამგვარი სათაურით გამოდის. „ხუთიათასწლოვანი ჩინური ცივილიზაცია“- ამ ცნების თითოეული სიტყვა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ- არის კი ჩინეთის ისტორია ხუთიათასწლოვანი? რას გულისხმობენ ტერმინში „ცივილიზაცია“? როდიდან შეიძლება ჩინეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მთავარ ეთნოსს ჩინელები ვუწოდოთ?

ისტორიის  სახელმძღვანელო ბავშებისათვის ჩინეთში. სათაური: „ჩინეთის კულტურის ხუთი ათასი წელი“.

   უნდა ითქვას, რომ კონკრეტულად ხუთი ათასი წლის დასახელება შემთხვევითი არაა და თანამედროვე ისტორიკოსების ფაბრიკაციას ნამდვილა არ მიეკუთვნება. ამ თარიღამდე მივყავართ ძველ ჩინურ წყაროებში დაცულ მასალებს. უძველესი ჩინური ისტორიული თუ ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც იქმნებოდა ძვ.წ. პირველ ათასწლეულში, მოგვითხრობენ დინასტიამდელ პერიოდზე, უხსოვარ დროზე, როცა ჩინურ ტომებს მიმდევრობით მართავდნენ ლეგენდარული „სამი მთავარი და ხუთი იმპერატორი“. თითოეული მათგანი ხანგრძლივი სიცოცხლით იყო დაჯილდოვებული და მინიმუმ ასი წლის განმავლობაში ეკავათ მმართველის პოზიცია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანტიკური პერიოდის ქრონოლოგიები ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ეპოქაში იყო შედგენილი, მომდევნო პერიოდების ჩინელ სწავლულებს არასოდეს არ უცდიათ გამოეთვალათ რამდენი წელი იყო დაშორება უძველეს მმართველებსა და მათ პერიოდს შორის, ანუ წერილობითი წყაროების მიხედვით განესაზღვრათ ჩინეთის ისტორიის ხანგრძლივობა.

ჩინეთის ისტორიის მამად წოდებული ს’ მა ციენის (司马迁- ძვ.წ. 145-86 ) „ისტორიული ჩანაწერები“ ( 史记 ) ყველაზე სისტემატიზირებულად გვაწვდის ცნობებს დინასტიამდელი ხანის ჩინეთზე.

      პირველი პიროვნება, ვინც  ეს მისია შეასრულა იყო არა ჩინელი, არამედ დასავლელი, იტალიელი იეზუიტი მისიონერი- მარტინო მარტინი ( 1614-1661 ). მან შეისწავლა ზემოთ ნახსენები ძველი ჩინური წყაროები და შეადგინა ჩინეთის ისტორიის ქრონოლოგია მოყოლებული დინასტიამდელი პერიოდიდან ვიდრე ცინგის დინასტიის ( 1644-1611 ) საწყის წლებამდე. მისი ქრონოლოგიის მიხედვით ლეგენდარული სამი მთავარიდან პირველი- ფუ სი ძვ.წ. 2958 წლიდან იწყებს მმართველობას. ჩინელმა სწავლულებმა მოიწონეს მარტინის ქრონოლოგია და აქტიურად იყენებდნენ და იყენებენ მას დღემდე. რამდენადაც მარტინის გამოთვლებით ჩინელ მეფეთა ისტორია ძვ.წ. 30-ე საუკუნეში იწყება, ამჟამად კი 21-ე საუკუნის დასაწყისია, შესაბამისად ჩინეთის ისტორიის ხანგრძლივობა 5 000 წელი გამოდის.

მარტინო მარტინი ( 1614-1661 ).

     შეესაბამება თუ არა რეალობას მარტინის გამოთვლები და შესაბამისად ძველი ჩინური წყაროები? ამ საკითხის გასარკვევად მხოლოდ ძველ ჩინურ ისტორიებზე დაყრდნობა არ გამოგვადგება, რადგანაც ისინი აღწერილი პერიოდიდან 2 500 წლის შემდეგ იქმნებოდნენ. თანამედროვე პერიოდში ისტორიკოსები იყენებენ არამხოლოდ წერილობით, არამედ არქეოლოგიურ წყაროებსაც, რომელიც ამჟამად მრავლადაა აღმოჩენილი ჩინეთის ტერიტორიაზე. თავის მხრივ, ისტორიული წყაროების ორივე ჯგუფში გადის უძველესი ჩინური დამწერლობის- ძიაკუვენის ( სამკითხაო ძვლების წარწერები ) ნიმუშები, რომელიც მხოლოდ გასულ საუკუნეში აღმოჩნდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ეს ძვირფასი მასალები მოყოლებული შანგის დინასტიიდან ( ძვ.წ. 1 600- 1045 ) ვიდრე მე-20 საუკუნემდე მიწაში იყო დაფლული. შესაბამისად, მასში დაცული ინფორმაციაც მიუწვდომელი იყო თვით შანგის შემდგომი- ჭოუს დინასტიისათვისაც ( ძვ.წ. 1045-256 ).

     სამკითხაო წარწერებითა და არსებული არქეოლოგიური მონაცემებით ვერ მტკიცდება ძვ.წ. მესამე ათასწლეულში ჩინეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი გაერთიანებების არსებობა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასევე წერილობით წყაროებში ჩინეთის პირველ დინასტიად დასახელებული სიას დინასტიის ( ძვ.წ. 2 100- 1 600 ) რეალურობაც. დღესდღეობით, პირველი დინასტია ჩინეთის ტერიტორიაზე, რომლის არსებობაც დაზუსტებულია, არის შანგის დინასტია ( ძვ.წ. 1 600- 1045 ). ამგვარად, არსებულ მასალაზე დაყრდნობით ჩინეთის ისტორიის ათვლის წერტილი ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-16 საუკუნემდე ჩამოვიდა. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ასევე ის, რომ ჩინეთის უძველესი ისტორია ჯერ კიდევ არაა კარგად შესწავლილი. თავის დროზე შანგის დინასტიის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მანამ სანამ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში არ აღმოაჩინეს ამ დინასტიის დედაქალაქი, სადაც იმარხებოდა სამკითხაო ძვლების წარწერები. შესაძლოა, მომავალში კვლავ გაკეთდეს ისეთი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ისტორიის ამ პერიოდზე არსებულ ხედვებს.

შანგის დინასტიის ( ძვ.წ. 1600-1045 ) სავარაუდო საზღვრები

     რა იგულისხმება ტერმინით „ცივილიზაცია“? ზოგადად ამ ტერმინის განმარტების ერთი ვერსია არ არსებობს და მეცნიერებს შორისაც დიდი კამათის გამომწვევია. თუმცა, შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ცივილიზაციად წოდებისთვის უნდა გააჩნდეს ამა თუ იმ საზოგადოებას. ეს კომპონენტებია- დამწერლობა და საზოგადოებრივი მოწყობის კომპლექსური სისტემის არსებობა, რომლის ყველაზე კარგი ვარიანტი სახელმწიფოს არსებობაა. ჩამოთვლილთაგან ორივე კომპონენტი ჩინეთის ტერიტორიაზე პირველად შანგის დინასტიის დროს გვხვდება. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შესაძლოა ჩინეთის მიწა კიდევ ისეთ მრავალ სამხილს მალავდეს, რომლებიც უძველესი ჩინური წერილობითი წყაროების ცნობებს დაამტკიცებს და ჩინური ცივილიზაციის ისტორიის კიდევ უფრო ანტიკურ ხანაში გადაწევასაც ლოგიკურს გახდის.

    და ბოლოს, რას გულისხმობს სიტყვა „ჩინური“? რა პერიოდიდან შეიძლება ჩინეთის მიწებზე მოსახლე მთავარ ნაციას ჩინელი ვუწოდოთ? იმისათვის, რომ ადამიანთა კოლექტივს ვუწოდოთ ერი, მათ უნდა ჰქონდეთ ეროვნული აზროვება, ისინი საკუთარ თავს უნდა თვლიდნენ ერის ნაწილად, რომელსაც საერთო ისტორია და კულტურა აერთიანებს. ჩინელი ერის ჩამოყალიბება მოხდა ხანის დინასტიის ეპოქაში ( ძვ.წ. 202- ახ.წ. 220 ). ხანის დინასტიამ ხანგრძლივი პერიოდით გააერთიანა ჩინეთი და შესაბამისად ხალხშიც ერთიანობის განცდა გაჩნდა. ამაზე მიუთითებს ის, რომ ჩინელი ხალხი საკუთარ ერს უწოდებს „ხანს“, რომელიც იწერება ხანის დინასტიის იეროგლიფით- 汉. თუმცა, ჭოუსა და შანგის დინასტიები ხანის დინასტიის უშუალო წინაპარია, როგორც ისტორიული, ასევე კულტურული კუთხით. ის რწმენა-წარმოდგენები თუ კულტურული ელემენტები, რომელმაც გააერთიანა ხანის ეპოქაში ჩინური ერი, სწორედ ამ დინასტიების ხანაში ყალიბდებოდა. ამიტომ, შეიძლება ტერმინი „ჩინელი“ შანგის დინასტიასთან მიმართებაშიც გამოვიყენოთ.

ძიაკუვენი ( 甲骨文 )- უძველესი ჩინური დამწერლობა

    როგორც ვნახეთ, ჩინეთის ისტორია, იქნება ეს უძველესი სახელმწიფოს, ცივილიზაციისა თუ ნაციის წარმოქმნის პერიოდიდან გამოანგარიშებული, შანგის დინასტიიდან აითვლება, რაც მის ხანგრძლივობას დაახლოებით 3 600 წლით განსაზღვრავს. არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ მიმდინარეობს „ხუთიათასწლოვანი ჩინური ცივილიზაციის“ იდეის რეკლამირება. ამ მეთოდით ჩინეთის მთავრობა ცდილობს ახალგაზრდებს შეასწავლოს ძველი ჩინური ნაწარმოებები და ისტორიის ტრადიციული ჩნური ხედვა. მეორე მხრივ კი ეს უბრალო არის მცდელობა საკუთარი ისტორიის დაძველებისა. ასეთი რამ ნებისმიერ ერს ახასიათებს, მითუმეტეს თუ ამას წერილობითი წყაროებიც უწყობს ხელს. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავა იმისა, რომ ჩინეთის ისტორიის რეალური ათვლის წერტილი 5 000 წლის წინ არ იწყება და ის საუკუნეებით  ჩამორჩება ძველ ეგვიპტესა და შუმერს, მათგან განსხვავებით ჩინურ ცივილიზაციას არსებობა არ შეუწყვეტია. არამედ, მოყოლებული ძვ.წ. მე-16 საუკუნიდან ვიდრე დღემდე ქმნის ისტორიული განვითარების უწყვეტ, ყველაზე ხანგრძლივ ჯაჭვს მსოფლიო ისტორიაში. ამიტომაც არაერთი მეცნიერი ჩინურ ცივილიზაციას მეგაცივილიზაციას უწოდებს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები