მეგაპოლისში ცხოვრებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას რომ ვერ ავცდებოდი, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პეკინის მეტროში ყოველდიურად 2-3 საათის გატარება დამჭირდებოდა. ამ ყველაფრის დადებითი მხარე აღმოჩნდა სისწრაფე და მოქნილი სისტემა, რომელმაც 22 მილიონიანი ქალაქის საცობებში საათობით დგომისაგან მიხსნა.

მეტროთი პეკინის მოსახლეობის დაახლოებით 60% მგზავრობს. დანარჩენი ნაწილი ველოსიპედით ამჯობინებს გადაადგილებას.  მანქანის მესაკუთრეთა რაოდენობა კი მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს შეადგენს.
ჩინეთში ჩამოსვლის პირველ დღეებშივე ვისარგებლე მეტროთი. სოციალურ ქსელის მეშვეობით, ჩინეთის ქალაქებში გადატვირთული მეტროს ვაგონებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების უამრავი ფოტო თუ ვიდეო მასალა მქონდა ნანახი, ამიტომ მსგავსის ნახვას დიდი ინტერესით ველოდი.

პეკინის მეტრო, 18 ხაზითა და 334 გაჩერებით (თუმცა დღითიდღე იზრდება), ნიუ იორკის შემდეგ, სიდიდით მეორე მეტროა მსოფლიოში. ერთი პუნქტიდან მეორემდე მისასვლელად რამდენიმე ხაზის გამოცვლაც კი მიწევს, რაც პეკინის მასშტაბების ფონზე დიდ დროს მოითხოვს.

90-იანებგამოვლილს, გადაჭედილი სატრანსპორტო საშუალება არ უნდა გამკვირვებოდა. და მაინც, პეკინის მეტროთი მგზავრობა ჩემთვის ერთგვარი მარათონი აღმოჩნდა. აქ “მოთამაშეები” პირველობისკენ ყველა წესის დაცვით მიისწრაფიან. მეტროსადგურებში გზის მაჩვენებლები ძირითადად რკინის ჯებირებით არის გამოყოფილი. მოძრაობისა და ქცევის წესებს ყველა “მონაწილე” ზედმიწევნით იცავს. თავიდან ძალიან რთული აღმოჩნდა მოფუსფუსე ჭიანჭველების ბუდეში თავისუფლად გადაადგილება ისე, რომ ვინმეს ფეხებში არ წამოვდებოდი ან მათი მოძრაობის ზოლი არ დამერღვია, ან სულაც ტელეფონში თავჩარგული ჩინელი არ დამჯახებოდა, თუმცა ამ სწრაფ ტემპს მეც მალე ავუწყე ფეხი.
ყოველდღიურად პეკინის მეტროთი 9 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს და მოძრაობის წესებში ყოველი მათგანი კარგად გაწრთვნილი და გამოცდილია.
მეტროში ფეხის შედგმისთანავე სწრაფი ტემპი და ენერგიული მუსიკაა საჭირო. მატარებელი ბაქანზე მანიშნებლებთან სრული სიზუსტით ჩერდება და ამ ხაზებში თუ სწორად დადგები, ვაგონშიც სწრაფად შეაღწევ. თუმცა ვაგონში უსაფრთოდ შესვლაში რამდენიმე საცდელი “გაკვეთილის” გავლა მოგიწევს. პირადად მე, რამდენჯერმე დავრჩი ვაგონს გარეთ, რადგან ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლება თამამად “შევმხტარიყავი” ხალხით სავსე ვაგონში. ეს ფაქტი არავის ადარდებდა და მატარებლის გასვლამდე ვაგონი უფროდაუფრო ივსებოდა, ვერც ერთ მათგანს სახეზე შეწუხებასაც კი ვერ ვამჩნევდი. რამდენჯერმე ასე მომიწია დგომა და ყურება მანამ, სანამ ვაგონში შემსვლელთა რიგის თავში არ აღმოვჩნდი. არც ისე ადვილი აღმოჩნდა უსაფრთხოების წესების დაცვა. ჩემ უკან ტალღასავით მოვარდნილმა ხალხის მასამ ვაგონის ერთი თავიდან მეორე ბოლოში გადამისროლა. თითის წვერებზე დამდგარი ვცდილობდი რაიმე ხელჩასაჭიდი ჭერზე მაინც მეპოვნა. ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე გაჩერების გავლა მომიწია. ამ გზაზე ჩემი ყოველი მგზავრობა მსგავსი სიტუაციებით სრულდებოდა. თუმცა რამდენიმე ცდისა და სხვა “მოთამაშეებზე” დაკვირვების შემდეგ, ვაგონში უვნებლად შევაღწიე და კარის გვერდით, კუთხესთან დავდექი, რაც ჩემთვის უკვე ერთგვარი გამარჯვება იყო. ვაგონი წამში გაივსო, მე კი მაინც კომფორტულად ვიყავი კედელს აკრული.

თამაშის შემდეგი საფეხურს, ვაგონში უვნებელ შესვლასთან ერთად, სკამზე მოთავსება წარმოადგენდა. ჩემი დაკვირვებით, ეს ცალკე დახელოვნებას მოითხოვდა. აქ კონკურენტები წლების მანძილზე გაწრთვნილი “მოთამაშეები” იყნენ და ახალბედებს არ წყალობდნენ. უნდა გენახათ რა სისწრაფით შერბოდნენ ვაგონში და პირდაპირ სკამზე თავსდებოდნენ. ხშირად შევსულვარ ვაგონში პირველებს შორის, თუმცა სკამზე დაჯდომას მაინც ვერ ვახერხებდი, ისეთი სისწრაფით ჩამიქროლებდნენ ხოლმე სხვა მგზავრები… მაგრამ როგორც ამბობენ, დამწყებებს უმართლებსო და კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად დაჯდომა მოვახერხე. იმ დღესაც, როგორც ყოველთვის, ხალხის ტალღამ გამიტაცა და სრულიად შემთხვევით, ისე რომ არც კი ველოდი, თავისუფალ ადგილთან შევჩერდი. ისე დავჯექი სკამზე, თითქოს რამე დამეშავებინოს,  აქეთ-იქით ხალხს ვათვალიერებდი, ვინმემ დამინახა თუ არა-მეთქი. შემდეგ კი ხალხით სავსე ვაგონში უკვე სიამაყით ვიჯექი. მე ხომ მათზე სწრაფად შევძელი ადგილის დაკავება?!

ამასობაში პეკინში უკვე დაწყებულია მაგლევ (უბორბლო მატარებელი, რომელიც მაგნიტური ლევიტაციის მეთოდით გადაადგილდება) მატარებლებლებისთვის განკუთვნილი ხაზის გამოცდა და წლის ბოლოსთვის მისი ექსპლოატაციაში გაშვებაც იგეგმება. ეს ხაზი პეკინის დასავლეთ ნაწილში, ორ რაიონს დააკავშირებს და 10.2 კილომეტრს დაფარავს. ამჟამად ამ მონაკვეთში მეტროს სადგურები გაყვანილი არ არის და ავტობუსს ამ მანძილის დასაფარად ერთ საათზე მეტი სჭირდება, იმავე მანძილს კი მაგლევ მატარებელი 20 წუთს მოანდომებს. უბორბლო, სწრაფი მატარებელი პეკინისთვის “ახალი ხილია” და დიდი იმედი მაქვს, მალე ყველა მატარებლის მისით ჩანაცვლება მოხდება.

უკვე მეორე წელია პეკინში ვარ და მეტროში თავს გადამხდარი არაერთი ისტორია დამიგროვდა. ყოველდღიურად ვმოგზაურობ მოფუსფუსე ჭიანჭველების ბუდეში დილის 7 საათიდან, ნახევრადმძინარე ჩინელებთან ერთად და საღამოს 6 საათზე, გადაღლილ და ისევ ნახევრადმძინარე მგზავრების თანხლებით. ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობაა. დღეს მეც უკვე მეტროს ერთ-ერთი მარათონელი ვარ.

LEAVE A REPLY