[:ka]

ჩინეთისთვის უმნიშვნელოვანესი ბოლო რამდენიმე დღე იყო, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ეროვნული კონგრესის ხუთწლიანი ანგარიშის წარდგენასა და მომავალი ხუთი წლის გეგმების დასახვას ითვალისწინებდა. წლევანდელი კონგრესი წინამორბედებისგან განსხვავებული იყო თავისი ღიაობითა და გლობალურობით. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, წელს ჩინეთი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ღონისძიებას 1800-მდე ჟურნალისტი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ კონგრესში 2400-მდე დელეგატი იღებდა მონაწილეობას, კონგრესის დელეგატები სხვადასხვა სექტორებს წარმოადგენდნენ, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ დელეგატთა 8.7% მუშებს, 3,8% ფერმერებს და 12% ტექნიკოსებს წარმოადგენდნენ. ასევე კონგრესზე მნიშვნელოვნად იყო მომატებული მდედრობითი სქესის დელეგატთა და ეთნიკური ჯგუფთა რიცხვი.

ჩინეთის თანამედროვეობისაკენ სწრაფვას ადასტურებს კონგრესის ახალგაზრდა, 55 წლამდე დელეგატთა სიმრავლეც, რომელმაც 70% შეადგინა.

მე-19 ეროვნული კონგრესის დახურვის სესიაზე აირჩა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი ცენტრალური კომიტეტი, პოლიტიკურ ბიურო, პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი და გენერალური მდივანი.

ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მსოფლიოსთვის სწორედ ბოლო რამდენიმე წელიწადში გახდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთმა ახალ განზომილებაში გადაინაცვლა, გამოაცხადა ღიაობა, მსოფლიოს აჩვენა თუ, რა ხდება ჩინეთის დიდი კედლის მიღმა.

ვფიქრობ, რომ ჩინეთის დღევანდელ “გლობალურობაში” პრეზიდენტ სი ძინფინგის ინიციატივამ “სარტყელი და გზა” ძალიან დიდი როლი ითამაშა. პროექტმა საერთო მიზნებისთვის უკვე მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა გააერთიანა, ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც. 13 მაისს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ორი ქვეყნის სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე მიუთითებს.

ჩინეთმა გამოიარა უამრავი ბრძოლა, დაძაბული პერიოდი, შიმშილი, გადატრიალება, რევოლუციები და მოვიდა აქამდე, დგას მყარად 21-ე საუკუნეში დიადი ქვეყნების რიგებში მოწინავე ადგილას. ამისთვის ჩინელ ხალხს დასჭირდა ძალიან ბევრი შრომა, ძალისხმევა, მოთმინება, რომელიც ნამდვილად შესაშურია. უძველესი კულტურა ჩინელების კოდია, წესრიგის სიყვარული, პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, წინსვლის სურვილი, ტრადიციების პატივისცემა, მეგობრულობა, პატრიოტიზმი და სხვა არის ჩინეთის წარმატების ძირითადი კომპონენტი და საიდუმლო.

რა მიმართულებით იცვლება დღეს ჩინეთი? მაღალტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით შემიძლია მაგალითად “უბანკნოტო საზოგადოება” მოგიყვანოთ, გადახდის სისტემა ჩინეთში დიდ ტრანსფორმაციას განიცდის, ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჩინეთი “ბარათების საზოგადოებად” ყალიბდებოდა და დღეს უკვე ბარათით გადახდა მობილურმა აპლიკაციებმა ჩაანაცვლა, ანუ ჩინურ საზოგადოებას სულ რაღაც 5 წელი დასჭირდა, რომ ულტრათანამედროვე გადახდის სისტემა აეთვისებინა. დღეს ჩინეთში თქვენ შეგიძლიათ მობილური აპლიკაციის მეშვეობით გამოიძახოთ და გადაიხადოთ ტაქსის მომსახურეობა, შეუკვეთოთ საჭმელი და რესტორანში ადგილი, იყიდოთ კინოთეატრის ბილეთები და ა.შ ასევე ხუთი წლის წინ, მოსახლეობის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის სამიზნე გახდა, მაგრამ ჩინეთო არ მიისწრაფვის მხოლოდ ხალხის მატერიალური მოთხოვნილებების გაუმჯობესებისკენ. მსოფლიოში ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში მან წლების მანძილზე უზარმაზარი ძალისხმევა განახორციელა სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში, სამუშაო ადგილების შექმნასა და დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში.

2012 წლიდან მოყოლებული 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ამავე პერიოდში ყოველწლიურად ქალაქში საშუალოდ 13 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

კონგრესზე დელეგატებმა საჭირო საკითხები განიხილეს და სამომავლო მიზნებიც დაისახეს, ჩინეთის მთავრობამ ხაზი გაუსვა “ხალხზე ორიენტირებულ მიდგომას”, რომელიც კონგრესზე წინ წამოწეული და საუკეთესო საკითხი იყო, სი ძინფინგი თავის გამოსვლაში ორიენტირდა საზოგადოებაზე და ჩინელი ხალხის “უკეთეს ცხოვრებაზე”.

პარტიის გათვლებით სოციალისტური მოდერნიზაცია 2035 წლისთვის უნდა რეალიზდეს, ჩინეთი საკუთარ თავს 21 საუკუნის შუა პერიოდში ხედავს, როგორც “დიად, თანამედროვე სოციალისტურ ქვეყანას, რომელიც აყვავებული, ძლიერი, დემოკრატიული, კულტურული, ჰარმონიული და მშვენიერი” იქნება.

მსოფლიო ცნობისმოყვარეობით არის განმსჭვალული, ყველას გვაინტერესებს, თუ რამდენად შორს შეუძლია ჩინეთს წასვლა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანა დიადი წარსულით უფრო და უფრო ძლიერდება. ახლა ჩინეთის ხმა მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, მას შეუძლია მსოფლიო მშვიდობის მიმართულებით ძალიან დიდი როლი ითამაშოს.

ფაქტი ერთია, ჩინეთი შეცდომებზე სწავლობს, დასახულ მიზნებს ახორციელებს. ჩვენ მოვლენების განვითარებას ველოდებით, ვვარაუდობთ, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში ჩინეთი წამყვანი სფეროების გლობალურ ლიდერად მოგვევლინება.

 [:]