Home "სარტყელი და გზა" ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში უფრო აქტიური როლი ითამაშონ

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში უფრო აქტიური როლი ითამაშონ

ავტორი: მარიამ გოგუა

0
56

[:ka]

ევროპელი ლიდერები ცდილობენ ჩინეთის დარწმუნებას, რომ მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების პროტექციონიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკისა, ისინი მიესალმებიან „სარტყელი და გზის“ ინიციატივას და ღიაობას აცხადებენ ეკონომიკური თანამშრომლობისადმი.

სი ძინფინგმა ევროპული ვიზიტები საფრანგეთში დაასრულა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პარიზის შეხვედრაზე ასევე მიიწვია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. ამ შხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მულტილატერალიზმისა და ორმხრივი ნდობის განმტკიცებაზე.

როგორც სი ძინფინგმა განაცხადა, ჩინეთი მზადაა მხარი დაუჭიროს მულტილატეალიზმს, რასაც ადასტურებს მისი „ღიაობის პოლიტიკაც“. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა ჩაბმულიყვნენ იმ პროექტში, რომელსაც ვაშინგტონმა „ამაო“ უწოდა. თავდაპირველად, ამ პროექტმა ევოპაშიც გარკვეული ეჭვები აღძრა, რაც დაკავშირებულია ჩინეთის გავლენის ზრდასთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდი ოციანის ერთ-ერთმა ქვეყანამ, იტალიამ გადაწყვიტა შეერთდებოდა ინიციატივას, თუმცა მერკელმა განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელში ჩართვაც ევროპელებს კვლავ სურთ, რადგან ინიციატივა არის ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების საუკეთესო ვიზიუალიზაცია.

ჩინეთთან სავაჭრო ომში ჩაბმული ამერიკა, განსაკუთრებულად აკრიტიკებდა იტალიას მიღებული გადაწყვეტილების გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოები შეიკრიბნენ დასავლეთ საფრანგეთში, სადაც  გამოაქვეყნეს ერთობლივი კომუნიკე, რომელიც ჩინეთს აკრიტიკებდა. G7-ის ქვეყნები: აშშ, კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია -2013 წლიდან ეჭვქვეშ აყენებენ ჩინური ინიციატივის გამჭირვალობასა და რეალურ პოლიტიკურ ზრახვებს, თუმცა კონსესუსის მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა. ეს იმით აიხსნება, რომ დასავლეთში ერთიანი პოზიცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი დასავლური სახემწიფო მხარს უჭერს ჩინეთის ინიციატივებს.

როგორც ცნობილია, შვეიცარიაც ხელს მოაწერს „სარტყელისა და გზის“ შეთანხმებას, როდესაც ული მაურერი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩინეთს. ნეიტრალური შვეიცარია მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება იქნება ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური მხარდამჭერის გამომხატველი. როგორც შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის კარგი შესაძლებლობა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების განსავითარებლად. მაურერი დაესწრება ინიციატივის შესახებ გამართულ მეორე ფორუმს, რომელიც დაახლოებით მსოფლიოს 40 ლიდერს გააერთიანებს.  შეგახსენებთ, რომ პირველი სამიტი 2017 წელს გაიმართა.  არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ შვეიცარია იყო ერთ-ერთი პირველი დასავლური სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ხოლო კონტინენტური ევროპის პირველი სახელმწიფო, რომელმაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა ჩინეთთან, რომელიც თანდათან გახდა შვეიცარიის უმსხვილესი პარტნიორი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ალექსის ციპრამ, ღიად გამოხატა სურვილი, შეუერთდეს 16+1 ჯგუფს, რომელიც მოიცავს ჩინეთის მხარდამჭერ ცენტრალურ და აღმოსალეთ ევროპის ქვეყნებს. ეს პლატფორმა შეიქმნა 2012 წელს. ჩინეთი მას განიხილავს, როგორც ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების ხელშემწყობ ჯგუფს. საბერძნეთი ფინასური კრიზისის შემდეგ საკმაოდ დაუახლოვდა ჩინეთს და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი დამკვირვებლები მიწვეულნი არიან 16+1 ჯგუფის სამიტზე, რათა თავად დარწმუნდნენ, გაფორმებული ხელშეკრულებები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, წესებსა და კანონებს.

ევროკავშირში ხშირად შიშობდნენ, რომ ჩინეთი ცდილობდა საბერძნეთზე, ჩეხეთზე და უნგრეთზე ეკონომიკური გავლენის ზრდით ევროკავშირის ორად გახლეჩას, თუმცა ბრიუსელში გამართული ბოლო სამიტი ცხადყოფს, რომ ჩინეთი ახერხებს ევროპის ნდობის მოპოვებას.

ბრიუსელში გამართულ ყოველწლიურ სამიტზე, ჩინეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს წლის განმავლობაში  თანამშრომლობის შედეგს. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, ევრო-ჩინური ყოვლისმომცველი საინვესტიციო შეთანხმების დადებისკენ, რომელიც მომავალი წლისთვის გააუმჯობესებს ბაზრის ხელმისაწვდომობას და აღმოფხვრის დისკრიმინაციას უცხოური ინვესტიციების მიმართ. ჩინელი  დიპლომატები დადებითად აფასებენ ამ ნაბიჯს. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ევროკავშირიც დათანხმდა გარკვეულ კომპრომისებს, რომელიც ეხება კიბერუსაფრთხოებას, ჰუავეისა და „სარტყელი და გზის“ ინიციატივას. სწორედ ეს არის დიპლომატია.

[:]

NO COMMENTS