[:ka]

თანამედროვე მსოფლიოში ბევრი გაყინული კონფლიქტი არსებობს, გაურკვეველი მომავლითა და ბუნდოვანი პერსპექტივით. კონფლიქტების წარმოშობის მიზეზები ზოგ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულია და მისი დარეგულირება საკმაოდ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისთვის.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აფრიკის და აზიის კოლონიები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ დამოუკიდებლობას, კოლონიზატორი ქვეყნები ზოგ შემთხვევაში მშვიდობიანად ხოლო, ზოგჯერ სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ყოფილი კოლონიების შენარჩუნებას.

1949 წლის პირველ ოქტომბერს თიანანმენის მოედანზე მაო ძედუნმა გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება, რომელმაც დაასრულა ქვეყანაში მრავალწლიანი სამოქალაქო ომი, თუმცა ქვეყანაში მაინც არსებობდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. კერძოდ, სამოქალაქო ომში დამარცხებული ნაციონალისტების პარტია (კუომინტანგი) თავისი მხარდამჭერებითა და პოლიტიკური ხელმძღვანელობით კუნძულ თაივანზე გადავიდა და იქ გამოაცხადა ჩინეთის რესპუბლიკა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილსაც კი იკავებდა დაახლოებით 20 წელი, ამავდროულად ბრიტანეთის კოლონია ჰონგ-კონგი და პორტუგალიის კოლონია მაკაოც აგრძელებდა არსებობას. იმჟამად მაკაოცა და განსაკუთრებით ჰონგ-კონგი მატერიკული ჩინეთის ქალაქებთან შედარებით განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზე იყვნენ. თიანანმენის მოედანზე შეკრებილი კომუნისტები ალბათ რთულად თუ წარმოიდგენდნენ რა ბედი ეწეოდა მაკაოსა და ჩინეთს ან როგორ შეიძლებოდა მათი შემოერთების პოლიტიკა წარმართულიყო სამომავლოდ.

 ჰონგ-კონგისა და მაკაოს წარსული

ჰონგ-კონგსა და მიმდებარე ტერიტორია ადამიანის ცხოვრების ნიშნები თარიღდება 6000 წლით, თუმცა წლების განმავლობაში ის მხოლოდ მეთევზეების საპორტო სოფელი იყო. ცინგის დინასტიის დროს (1644-1912) კი შედიოდა კუანგჭოუს პროვინციაში.პირველი (1840-1842, 1856-1860) და მეორე ოპიუმის ომების შემდეგ გაფორემბული ნანძინგისა და თიენძინის ხელშეკრულებებით და ასევე პეკინის 1860 კონვენციით ბრიტანეთმა მიიღო უფლება სხვადასხვა ჩინურ ქალაქებში ევაჭრა და გამოეყენებინა ჰონგ-კონგი როგორც ლოჯისტიკური ცენტრი, თუმცა მოგვიანებით 1898 წელს ცინგის დინასტია აიძულეს და ბრიტანეთს მართვაში გადაეცა ჰონგ-კონგი 1997 წლის 30 ივნისამდე.

 რაც შეეხება მაკაოს, პორტუგალიელი კოლონისტები მაკაოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1557 წელს მინგის დინასტიის დროს შევიდნენ, თუმცა უშუალოდ პორტუგალიის გამგებლობაში პორტი  1887 წელს გადავიდა.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის

 გასული საუკუნის 80იანი წლების დასაწყისში როდესაც მოახლოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, სულ უფრო გააქტიურდა მხარეებს შორის საუბარი იმაზე თუ რა ბედი ეწეოდა ჰონგ-კონგსა და მაკაოს. ამ პერიოდში ჰონგ-კონგი შეიძლება ითქვას აზიის ფინანსური ცენტრი იყო, ხოლო მაკაო აზიური ლას-ვეგასი. მათი ჩინეთის იურისდიქციაში დაბრუნება არამხოლოდ პოლიტიკური ღირსების საქმე იყო, არამედ წმინდა ფინანსური ინტერესიც არსებობდა.

1984 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფაქტობრივი ხელმძღვანელი ტენგ სიაოფინგი ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ. სადაც ოფიციალური პეკინი უარს ამბობდა ოფიციალური ვადის გასვლის შემდეგ კიდევ გაეხანგრძლივებინა ვადა, რასაც შემდგომში მოჰყვა ერთობლივი განცხადების გავრცელება, რომლის შედეგადაც ბრიტანეთი ადასტურებდა რომ შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებასა ვადის გასვლის შემდეგ.

მარგარეტ ტეტჩერი და ტენგ სიაოფინგი პეკინში

რაც შეეხება პორტუგალიის მთავრობას პეკინმა მოლაპარაკებები ერთი წლის შემდეგ ლისაბონთანაც დაიწყო. პორტუგალიელი პოლიტიკოსები აცნობიერებდნენ რომ ბრიტანეთის ნაბიჯის შემდეგ მათ სხვა გამოსავალი არც ექნებოდათ, მათაც უნდა შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დაეტოვებინათ მაკაო, თუმცა აქ მთავარი თავსატეხი ლონდონისთვისაც და ლისაბონისთვისაც იყო თუ რა პირობებში მოხდებოდა ორი ყოფილი კოლონიის მატერიკული ჩინეთისთის გადაცემა.

ჩინურ-პორტუგალიური შეხვედრა 1986 წლის 30 ივნისს მაკაოს საკითხზე

პეკინის არაორდინალური გადაწყვეტილება და ორი სისტემის შექმნა

80იანი წლების შუახანებში მაკაოც და მით უმეტეს ჰონგ-კონგი აზიაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ურბანული სივრცე იყო, განვითარებული კაპიტალისტური სისტემით და ფინანსური ბაზრით. ჰონგ-კონგში თავს იყრიდა ფაქტობრივად მთელი აღმოსავლეთ აზიური კაპიტალი, ხოლო მაკაოს გეზი ლას-ვეგასობისკენჰქონდა აღებული. იმ პერიოდის მატერიკულ ჩინეთში ალბათ შანხაის გარდა ვერც ერთი ქალაქი ვერ იქნებოდა განვითარების ისეთ დონეზე, როგორც ზემოთ აღნიშნული ორი.

ერთი ქვეყანა, ორი სისტემის იდეა ტენგ სიაფონგს ეკუთვნის, რომელიც ჩინეთის უახლეს ისტორიაში ცნობილია როგორც პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი, რომელიც არ ერიდებოდა ერთულ ექსპერიმენტებსა და შედარებით თავისუფალი იყო იდეოლოგიური კლიშეებისგან. სწორედ მასვე ეკუთვნოდა 1978 წელს დაწყებული გახსნილობის რეფორმა, რომელმაც გეგმიური ეკონომიკაში საბაზრო ელემენტები შემოიტანა და ამავდროულად პოლიტიკურ ტრანსფორმაციასაც დაუდო დასაბამი.

 ამჯერად ფსონი კონფლიქტების მოგვარების სრულიად ახალ მიდგომაზე იყო, რომელიც ერთ სახელმწიფოში ორი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის არსებობას დაუშვებდა. როდესაც ტენგ სიაოფინგს ჰკითხეს თუ რას უპირებდა ის ჰონგ კონგს მან ოსტატურად უპასუხა ჟურნალისტებს „ ჰონგ-კონგი ოქროს კვერცხის მადებარ ქათამს ჰგავს და რა თქმა უნდა არავინ აპირებს დაკლას ის“ რაც გულისხმობდა იმას რომ პეკინში კარგად ესმოდათ ის სარგებელი რაც ყოფილ კოლონიებს მატერიკული ჩინეთისთვის შეიძლება მოეტანა. შესაბამისა დაიწყო მოდელზე მუშაობა, რომელიც დაახლოებით 10 წელი იხვეწებოდა და 1997 წელს ჯერ ჰონგ-კონგი და ორი წლის შემდეგ მაკაოც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდნენ როგორც სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები ავტონომიის უმაღლესი დონით.

უშუალოდ პეკინი იღებდა პასუხისმგებლობას თავზე საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვის საკითხებზე, ხოლო დანარჩენი ფინანსური, საგანმანათლებლო და მიგრაციული საკითხებიც კი რჩებოდა სპეციალური ადმინსიტრაციული რეგიონების მთავრობების იურისდიქციის ქვეშ.

პოლიტიკური მოწყობა

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ურთიერთობას პეკინი წარმართავს თუ უშუალოდ საკითხი ეხება ჰონგ-კონგსა დ მაკაოს, მის წარმომადგენლებს აქვთ უფლება იყვნენ ჩინური მხარის დელეგაციაში.
მხარეებში არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელთა წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ასარჩევად გამართულ არაპირდაპირი წესით გამართულ არჩევნებში, რომელსაც არჩევის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამტკიცებს.
ორივე ქალაქს აქვს საბაზისო კანონი, ე.წ მინი კონსტიტუცია რომელიც მთავარი სამართლებრივი დოკუმენტია
დედაქალაქ პეკინში არსებობს წარმომადგენლობითი ოფისები, რომელიც არის დამაკავშირებელი ორგანო ქვეყნის ხელისუფლებასთან.

ფინანსური საკითხები

ჰონგ-კონგსაც და მაკაოსაც აქვთ თავიანთი ვალუტა, რომელიც მთავარი საშულება საბაზრო ურთიერთობებში ადმინისტრაციების შიდა ტერიტორიაზე.
შენარჩუნებულია თავისუფალი ბაზრის ელემენტები და ადმინისტრაციებში არ ვრცელდება ის ფინანსური რეგულაციები, რომლებიც პეკინის მიერ არის შემოღებული მატერიკულ ჩინეთში.

მიგრაცია და განათლება

მიგრაციაც და განათლების სისტემაც ასევე არის ავტონომიების ხელში, მაგალითად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიზა ავტომატურად არ ნიშნავს რომ მოქალაქე შეძლებს სპეციალურ ადმინისტრაციულ ზონაში გადასვლას, თუ მას არ აქვს უშუალოდ ნებართვა მხარეებისგან.

 განათლების საკითხი შეიძლება ითქვას არჩევნებთან ერთად ყველაზე სენსიტიური პრობლემებია პეკინსა და ადმინისტრაციულ რეგიონებს შორის. გამომდინარე იქედან რომ განათლების სისტემა სრულიად დამოუკიდებელია პეკინის გავლენისგან სტუდენტები ხშირად გამოხატავენ კრიტიკულ პოზიციებს და განსხვავებულ ხედვებს.

 სწორედ ერთი ქვეყანა, ორი სისტემა არის სიგნალი თაივანისთვის რომ პეკინი მზად არის წავიდეს მაქსიმალურ დათმობებზე და შექმნას ისეთივე უნიკალური მოდელი როგორიც შეიქმნა ჰონგ-კონგსა და მაკაოსთან მიმართებით, თუმცა რა იქნება 50 წლის შემდეგ როდესაც ერთი ქვეყანა, ორი სისტემის ვადა გაივლის ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია, არადა სულ უფრო ხშირად საუბრობენ და და ისმევა კითხვები ექნება თუ არა პეკინს პოლიტიკური ნება გაახანგრძლიოს არსებული პირობები. ძალიან რთულია იმის თქმა თუ რა იქნება 30 წლის შემდეგ თუმცა მიუხედავად გარკვეული ტიპის პრობლემებისა შეიძლება თამამად ითქვას რომ მეოცე საუკუნის კონფლიქტების ისტორიაში „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ აშკარად პოზიტიური მაგალითია კოფნლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით.

[:]