[:ka]

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სკეპტიციზმის მიუხედავად, იტალია გახდა პირველი დასავლეთ-ევროპული სახელმწიფო, რომელმაც ხელი მოაწერა „სარტყელი და გზის“ ინიციატივას. 23 მარტს, რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გააფორმეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის საკითხთან დაკავშირებით.

ხელმოწერილ 29 შეთანხმებას შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კავშირგაბმულობის მშენებლობა და ჯენოას პორტის საკითხი, რომელიც ყველაზე დიდია იტალიაში. მიუხედავად ჯენოას პორტის ზომისა, ჩინეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს ადრიატიკის ზღვის ტრიესტეს პორტი იმდენად, რამდენადაც ეს ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია ისეთ ქვეყნებთან, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. ასეთი ქვეყნებია: ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და სერბეთი. ჩინეთი იმედოვნებს, რომ „სარტყელი და გზის“ პროგრამა სწორედ ამ ქვეყნებს მოიცავს.

სხვა შეთანხმებები ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ელექტრონული კომერცია, საქონლის იმპორტი, მედია, კულტურა, საბანკო სექტორი, ბუნებრივი აირი, ფოლადი და სხვა. ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა მეცნიერების განვითარებაზე, ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ფინანსთა მინისტრების დიალოგის მექანიზმის შემუშავებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის დეტალები უცნობია, იტალიის მედია იტყობინება, რომ ეს შეთანხმებები 20 მილიარდი ევროს ღირებულებისაა .

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV- ის მეშვეობით გავრცელებულ ერთობლივ კომუნიკეში ჩინეთი და იტალია აცხადებდნენ, რომ სურთ თანამშრომლობის გაღრმავება პორტების, ლოჯისტიკისა და საზღვაო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება შექიმნას AIIB- აზიური ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, რომელსაც პეკინი უხელმძღვანელებს.

იტალია გახდა დიდი შვიდეულისა თუ ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც გადადგა გაბედული ნაბიჯი და ხელი მოაწერა ინიციატივას, რომელსაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები „ვალის ხაფანგს“ და ნეოკოლონიურ პროექტს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ პორტთან დაკავშირებული დეტალები ცნობილი არ არის, ევროპული სახელმწიფოები კრიტიკულად უყურებენ ჩინური ინვესტიციების ზრდას რეგიონში, რასაც შეიძლება მოჰყვეს ჩინური სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხომალდები იმყოფებოდნენ პირეოსის პორტში, რომელიც უდიდესია საბერძნეთში, თუმცა დიდ ნაწილს ჩინური Cosco Shipping ფლობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ ჩინური კომპანიებისთვის ისეთი ევროპული ინფრასტრუქტურის მიყიდვა, როგორიც პორტებია, იყო „სტრატეგიული შეცდომა“. შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირას, სი ძინფინგი სწორედ საფრანგეთს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით.

ვაშინგტონმაც არაერთგზის გააფრთხილა რომი, არ ჩართულიყვნენ „ამაო პროექტში“, როგორც ისინი მას უწოდებენ. მიუხედავად დასავლეთის წინააღმდეგობისა, იტალიის მთავრობამ, რომელიც ათწლეულის განმავლობაში მესამე რეცესიას ებრძვის, გადაწყვიტა ვაჭრობის გაძლიერება ჩინეთთან და ამით ეკონომიკის აღორძინება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიამ უარყო მონაცემთა გაზიარება და 5G ტელეკომისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკითხები. როგორც ცნობილია, ამერიკა მოკავშირეებისგან ითხოვს, ჰუავეის აუკრძალონ 5G ქსელების განვითარება.

მაშინ, როცა იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა სი ძინფინგს შეხვდა, არსებობდა ეჭვები, რომ გაფორმებული შეთანხმებები მხოლოდ ჩინეთს მოუტანდა სარგებელს, თუმცა შემდეგში აშკარა გახდა იტალიისთვის, რომ ეს იყო საუკეთესო საშუალება არა მხოლოდ საქონლის, არამედ ახალი იდეების, ცოდნისა და პროექტების გაცვლისთვის.

თავის მხირვ, ევროკავშირმაც შეცვალა თავისი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ.  გასულ კვირას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს წარედგინათ ახალი გეგმა-„10 ქმედება“, რომელიც ეხება ბაზარზე წვდომას, ინვესტიციებს, უსაფრთხოების რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც დაკავშირებულია უცხოური ინვესტიციებთან კრიტიკულად მნიშვნელოვან აქტივებში, ტექნოლოგიებსა თუ ინფრასტრუქტურაში. მიუხედავად ამისა, ჩინეთი ყველანაირად ცდილობს, დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ჩინური ინვესტიციები საფრთხეს არ წარმოადგენს.

[:]