[:ka]

ამ კვირაში ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის ვიცე პრემიერი ლიუ ხე თავის დელეგაციასთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აშშ-ს  მხარის წარმომადგენლებთან ორ ქვეყანას შორსი არსებულ ყველაზე მწვავე საკითხზე – სავაჭრო ომზე.

ჩინური დელეგაციის განცხადებით, ორმა მხარემ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში.  ამის მიუხედავად, 2 დღიანი შეხვედრების შემდეგ არ იქნა მიღწეული რაიმე კონკრეტული შეთანხმება პეკინსა და ვაშინგტონს შორის.

დონალდ ტრამპის განცხადებითაც, მიღწეული შედეგები პოზიტიურია. ორი მხარე ცდილობს, კონკრეტულ შეთანხმებას 1 მარტამდე მიაღწიოს, რათა თავიდან აირიდონ ტარიფების ესკალაცია.

დონალდ ტრამპმა ლიუ ხე-სთან საუბრისას სურვილი გამოთქვა სი ძინფინგთან შეხვედრის, რათა საბოლოო შეთანხმება იქნას მიღწეული. სინხუას ცნობის მიხედვით, ჩინური მხარე დათანხმდა აშშ-ს სასოფლო-სამეურნო, ენერგო, ინდუსტრიული წარმოების პროდუქტებისა და სერვისების იმპორტის გაზრდას ქვეყანაში.

შეიძლება თუ არა ბოლო დროს მიმდინარე პროცესები მართლაც პროგრესად აღვიქვათ?

მიუხედავად იმისა, რომ ორი მხარე შეეცდება შეთანხმებას 1 მარტამდე მიაღწიოს, აშშ მაინც აპირებს $200 მილიარდის ღირებულების ჩინური პროდუქციაზე ტარიფი 10%-დან 25%-მდე გაზარდოს.  მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, თებერვლის შუა რიცხვებში ხელახალი შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ჩინეთი და აშშ შეთანხმდა 90 დღიან მოლაპარაკებების პერიოდზე, რათა სიტუაციის განმუხტვის დრო ყოფილიყო და არ მომხდარიყო სავაჭრო ომის ესკალაცია.

სავაჭრო ომი დამაზარალებელი იყო ორივე ქვეყნისთვის. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტად შენელდა. აშშ-ს ქმედებებზე პასუხად დაწესებულმა ჩინურმა სანქციებმა კი სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამერიკელ ფერმერებს. ჩინეთი მსოფლიოში სოიოს მარცვლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანაა. ბოლო პერიოდში ჩინეთმა აშშ-სგან 1,13 მილიონი ტონა მარცვალი იყიდა. თეთრი სახლის განცხადებით, იგეგმება დამატებითი 5 მილიონი ტონის ექსპორტი აშშ-დან ჩინეთში.  სოიოს მარცვლებით ვაჭრობის საკითხი მოლაპარაკებებში აქტიურად განიხილება, რადგან ამერიკელ ფერმერებს სავაჭრო ომის პირველ ეტაპზე მოაკლდათ ბევრი მყიდველი. მაგალითისთვის, 2017 წლის მანძილზე ჩინეთმა აშშ-სგან 30 მილიონი ტონა სოიოს მარცვალი შეიძინა. ეს მაჩვენებელი კი მას შემდეგ საგრძნობლად შემცირდა.

აშშ-ს მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულმა სავაჭრო წარმომადგენელმა – რობერტ ლაითჰაიზერმა განაცხადა, რომ მრადენიმე მთავარ საკითხზე მხარეები ჯერაც ვერ თანხმდებიან.  აშშ აქტიურად მოითხოვს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და უცხოური კომპანიების ჩინეთში ოპერირების საკითხის გადაჭრას.  ამასთან, ჯერ რთულია იმის თქმა, რამდენად წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, თუმცა ჩვენ სწორედ ამისკენ ვისწრაფვით და იმედია, ყველაფერი გამოვა,- ამბობს ლაითჰაიზერი.

[:]