ჩინეთი მეგაქალაქების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი, ექსპრესიული, დატვირთული და მდიდარი ქვეყანაა. ალბათ გაგიჭირდებათ ქალაქების დიფერენციაცია ცხოვრების ყველაზე მჩქეფარე რიტმითა და მრავალფეროვნულობის ნიშით, მაგრამ ეს გახლავთ ქალაქი გუანჭოუ, სიდიდის მიხედვით რიგით მესამე ქალაქი, პეკინისა და შანხაის შემდეგ, ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს. პირადი გამოცდილების საფუძველზე იმ ფაქტსაც დაგიდასტურებთ, რომ სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობა სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით მეტად სხარტი და მოხერხებულია, გადაწყვეტილების მიღებაც მოკლე დროში უყვარს და მიზნის გასახორციელებლადაც პირდაპირი და მარტივი გზით მიიწევს.

 ქალაქი გუანჭოუ არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ სრულიად აზიის კომერციულ ჰაბს წარმოადგენს, მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო დედაქალაქიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. ქალაქი 25 მილიონიანი მოსახლეობით, ჩინეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პორტებით, 167 მეტრო სადგურით, რომელიც მსოფლიოში რიგით მეექვსე ყველაზე დატვირთულ მეტროდ მოიაზრება, უამრავი ღირსშესანიშნავი დანიშნულების ადგილით, მარადმწვანე გარემოთი, თავისი ნახევრად სუბტროპიკული კლიმატითა და გლამურული ღამის ცხოვრებით ყოველ წლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს.

ღამის გუანჯოუ

 გუანჭოუს ყველაზე საქმიანი სეზონი უცხოელი ბიზნესმენებისთვის წელიწადში ორჯერ დგება, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასიათასობით ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს ყველაზე გახმაურებულ ,,კანტონის ბაზრობაზე” (Canton Fair ) სხვადასხვა პროდუქციის გასაცნობად და შესაძენად. გარდა საქმიანი ვიზიტისა, აქ უამრავი საინტერესო და გასართობი ადგილია, რომლის მასშტაბურობა და თანამედროვეობა ნამდვილად აღგაფრთოვანებთ.

კანტონის საგამოფენო ცენტრი

 დავიწყოთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ტურისტული წერტილით, გუანჯოუს თანამედროვე რაიონის ‘’Tian He’’- ს შუაგულ ცენტრში აღმართული მისი უდიდებულესობა ,,კანტონის კოშკი” (Canton Tower). იგი ჩინეთის ყველაზე  და მსოფლიოში რიგით მეორე მაღალი კოშკია, რაც კი ოდესმე გვინახავს. მასზე მოწყობილი ობსერვატორია, დამონტაჟებული ეშმაკის ბორბალი, ხედი რომელიც კოშკიდან იშლება საოცარ შეგრძნებებსა და ემოციებს იწვევს.

კანტონის კოშკი

ჩინეთის დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელია ძველისა და ახლის შერწყმა, ტრადიციულობისა და თანამედროვეობს სინთეზი, ამ მხრივ არც ქალაქი გუანჯოუა გამონაკლისი. კოლონიური მმართველობის სისტემამ ქალაქზე თავისი კვალი დატოვა, რაც კარგად აისახა ადგილობრივი კულტურის განვითარებაში. ქალაქში თვალშესამჩნევია ტრადიციული ჩინური სტილის ქუჩები, ისტორიული ნაგებობები, მაგრამ ის ასევე საინტერესოა იმ არქიტექტურული ღირებულებით, რაც ბრიტანულ, ფრანგულ და გერმანულ კულტურას შემოაქვს. საინტერესოა და ნამდვილად სანახაობრივი, როდესაც ქალაქის ძველ ცენტრში დასავლური კულტურულ-რელიგიური არქიტექტურული ძეგლი გხვდება თვალში კათოლიკური ეკლესიის სახით, რომელიც ულამაზეს ნაგებობას წარმოადგენს და მოქმედია, ჩინელი და უცხოელი კათოლიკე მრევლისთვის იქ ყოველ კვირას წირვა-ლოცვა აღევლინება.

კათოლიკური ეკლესია გუანჭოუს ძველ ცენტრში

 ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი და მყუდრო გარემო, რომელიც კანტონის კოშკის მიმდებარედ გახლავთ, გუანჭოუს ეროვნული ბიბლიოთეკაა, უზარმაზარი და ვიტრაჟული კონსტრუქციით აგებული შენობა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს იტევს. იქ შეგიძლიათ ისეთი სამეცნიერო წყაროს მოპოვება, რაზეც წვდომა საჯაროდ შეუძლებელია. თუკი სტუდენტი ხარ ან უბრალოდ შენთვის საინტერესო წასაკითხ მასალას ეძებ, სადაც გონებას არაფერი გაგიფანტავს და იქ არსებული გარემო უფრო მოტივირებულს გაგხდის, მაშინ გუანჭოუს ეროვნული ბიბლიოთეკა საშენო ადგილია.

გუანჯოუს ეროვნული ბიბლიოთეკა

 ქალაქის კლიმატური პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ დატკბეთ  მარადმწვანე გარემოთი. ტროპიკული ხეები, პალმები და სხვდასხვა ასორტიმენტის ტროპიკული ხილი, შეგიქმნით იმის ეგზოტიკას თითქოს მუდმივად დასასვენებელ კურორტზე იმყოფებით. ასე რომ არ გაგიკვირდებათ, როდესაც ქალაქის შუაგულ ცენტრში უზარმაზარ პარკებს წააწყდებით, რომელთა დასათვალიერებლადაც  რამდენიმე დღე უნდა განსაზღვროთ. მიუყვები გამწვანებულ ბილიკებს, ათვალიერებ ტროპიკულ მცენარეებს, შადრევნებს, თევზის საცავ აუზებს, შიგნით არსებულ მუზეუმებს, და ეს ყველაფერი გაკვირვებს, როგორ შეიძლება შუაგულ ცენტრში ამდენი ოაზისის მოწყობა, მაგრამ შეიძლება რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი რეალობაა.

 ერთ-ერთ სინტერესო ადგილად ,,ჩიმელონის გასართობ პარკს” წარმოგიდგენთ, რომელიც ჰონგკონგის ოკეანის პარკისა და დისნეილენდის შემდეგ ჩინეთში მეორე გასართობ ადგილად ითვლება. პარკი ოთხ საინტერესო სივრცეს გვთავაზობს: საფარი პარკს, ატრაქციონების პარკს, აკვა პარკსა და ცირკს. ჩინეთის მასშტაბებიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ თუკი გეტყვით რომ აღნიშნული პარკის მოსანახულებლად ერთი დღე სრულიად არ არის საკმარისი.

,,ჩიმელონის” გასართობი პარკი

 ვინ გითრათ რომ საშოპინგო სამოთხის სტატუსით მხოლოდ ჰონგკონგი სარგებლობს, გუანჯოუ სწორედ რომ ამ სტატუსს არაჩვეულებრივად იფერებს. ქალაქის  თანამედროვე რაიონი გადატვირთულია უმაღლესი დონის სავაჭრო ცენტრებითა და ძვირადღირებული ბრენდული მოლებით. სასიამოვნო დღის დასასრული იქვე განთავსებულ მაღალი კლასის რესტორნებში  შეგიძლიათ აღნიშნოთ, სადაც არა მხოლოდ ადგილობრივი სამზარეულოთი არამედ როგორც დასავლური ისე სხვადასხვა აზიური ქვეყნის კერძებით გაგიმასპინძლდებიან.

ქალაქს, რომელსაც არ სძინავს, ეს ქალაქი გუანჭოუა, რომლის ღამის ცხოვრება შეუდარებელია. ღამის კრუიზის შემდეგ შეგიძლიათ ,,ბარ სტრიტს” (Party Pier) შეუერთდეთ, ბოლოს კი შუაღამეს გამოფენილი ,,დახლის კერძები” დააგემოვნოთ, რაც გუანჭოუს  ღამის ცხოვრების ე.წ. 夜宵-ს განუყოფელი ნაწილია.

ღამის გემრიელობები ე.წ. 夜宵

გუანჯოუ ეს არის ქალაქი, რომელსაც ახასიათებს ცხოვრების მოუსვენარი ტემპი, საქმიანი და მეგობრული გარემო, რომელიც არასდროს მოგადუნებს და ყოველთვის შენი მოტივატორი იქნება აკეთო საქმე ხარისხიანად და შექმნა საუკეთესო.