Home კულტურა მხატვრული ბრწყინვალების სიმბოლო: ჩინური ფაიფური

მხატვრული ბრწყინვალების სიმბოლო: ჩინური ფაიფური

0
5623

[:ka]

ფაიფურის სამშობლო ჩინეთია. ჩინური წყაროების თანახმად, ფაიფური შექმნეს ხანის დინასტიის პერიოდში, მსოფ ლიოს დასავლეთმა ნაწილმა ის აბრეშუმის გზის მეშვეობით გაიცნო. ხანისა და თანგის დინასტიების დროს დაიწყო მისი აქტიური ექსპორტი. ფაიფური თიხისა და კერამიკული ნაკეთობების დამზადების ტექნიკის გაგრძელება და განვითარებაა. მას იყენებდნენ ნებისმიერი ფორმის ჭურჭლის დასამზადებლად. აღმოსავლეთ ხანის დინასტიის პერიოდიდან იწყება ფაიფურის წარმოების სწრაფი განვითარება. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში შეიქმნა ფაიფურის ცნობილი მანუფაქტურები. მათ ახასიათებდა თავიანთი მხატვრული ღირსებები და ყოველი მათგანი ფაიფურის განსაკუთრებულ სახეობებს წარმოადგენდა.
თანგის პერიოდში აწარმოებდნენ მომწვანო ლურჯ ფაიფურს (იუე-იაოს მანუფაქტურა ჭეძიანგის პროვინციაში) და თეთრ, თხელ ფაიფურს (სინგ-იაოს მანუფაქტურა ხეპეის პროვინციაში). სუნგის დინასტიის დროს ასევე აწარმოებდნენ ცნობილ თეთრ ფაიფურს (ტინგ-იაოს მანუფაქტურა ხეპეის პროვინციაში; ძიუნ-იაოს მანუფაქტურა ხენანის პროვინციაში); და მომწვანო ლურჯ ფაიფურს (ლუნგციუენ-იაოს მანუფაქტურა ჭეძიანგის პროვინციაში).
იუანის დინასტიის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა ფაიფურის წარმოება ძიანსის პროვინციის ქალაქ ძინგტეჭენში, რომელსაც ახლაც ეწოდება „ჩინური ფაიფურის დედაქალაქი“ და რომლის ფაიფურიც გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით, სითხელითა და ფორმის დახვეწილობით. განსაკუთრებით ფასობს ღია მწვანე, მომწვანო, ლურჯი, ვარდისფერი, გამჭვირვალე ლურჯი და ძალიან თხელი ფაიფური.
მინგის დინასტიის ცნობილმა მოგზაურმა ჭენგ ხემ მრავალჯერ იმოგზაურა აზიისა და აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირებამდე და მას თან მიჰქონდა დიდი რაოდენობით ფაიფურის ნაკეთობები.
იუანის დინასტიის დროს ყველაზე მეტად იყო განვითარებული ფერადი ფაიფური. იმ დროს, თეთრთან ერთად, ლურჯი ფერიც შემოვიდა. ძირითადად ამგვარი იყო მინგისა და ცინგის დინასტიის ფაიფური და ეს ხანა ფეოდალური ხელოვნების ყველაზე ნაყოფიერ ხანად მიიჩნეოდა ჩინეთის ისტორიაში (იუენის, მინგის და ცინგის დინასტიების ფაიფური). მე-19 ს. ჩინეთში ფაიფური კარგავს თავის წამყვან მნიშვნელობას. მსოფლიოში უკვე გავრცელებულია ფაიფურის წარმოება და სხვა ქვეყნები საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ ჩინეთს, რაც გარკვეულწილად ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობითაც აიხსნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული რევოლუციის დასრულების შემდეგ ჩინეთში იწყება ფაიფურის წარმოების ახალი ხანა.

წყარო: ცნობარი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?”

[:]

NO COMMENTS