Home "სარტყელი და გზა" ჩინეთის ექსპერტი 2019 დრაკონი ჩინურ კულტურაში

დრაკონი ჩინურ კულტურაში

ოთარ ჭიღლაძე

0
77

დრაკონი აღმოსავლეთ აზიისა და განსაკუთრებით ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ისინი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან გამოჩნდნენ ხალხის რწმენა-წარმოდგენებში და დღემდე პოპულარული მისტიური ქმნილების იმიჯს იტოვებენ. ანტიკური დროიდან დღემდე დრაკონი აერთიანებდა საზოგადოების ყველა კლასს, რამეთუ თითოეული მათგანი პოულობდა დრაკონის თვისებებთან კავშირს.

დრაკონის კულტის უძველესი კვალი ჩინეთში ჯერ კიდევ იანგშაოს კულტურის ( ძვ.წ. 5000- 3000 ) სამარხებში ჩანს. მოგვიანებით ეპოქაში ხშირად ვხვდებით დრაკონის მოტივების ნეფრიტის ნაკეთობებს. ხანის დინასტიიდან ( ძვ.წ. 202-ახ.წ. 206 ) დაიწყო დრაკონის შესახებ არსებული მითების სისტემატიზირება და მისი დაკავშირება იმპერატორთან. უკვე თანგის დინასტიიდან ( 618-907 ) დრაკონი გამოისახებოდა იმპერატორის სამოსზე. იუენის დინასტიის დროს ( 1271-1368 ) ხუთ ბრჭყალიანი დრაკონი იმპერატორის პრივილეგია გახდა და ყველა სხვა ვინც მის გამოყენებას გაბედავდა სახელმწიფო ღალატად ეთვლებოდა. განსაკუთრებით გაძლიერდა დრაკონის კულტი ცინგის დინასტიის ( 1644-1911 ) ფარგლებში- დრაკონი სახელმწიფო დროშაზე გამოისახა.

განსხვავებით დასავლური მითოლოგიის ბოროტი და დამანგრეველი დრაკონისაგან, ჩინური დრაკონი გამოირჩევა სიბრძნითა და სიკეთით. იგი განასახიერებს უკვდავ ქმნილებას, რომელიც ინახავს საუკუნეების ცოდნას. ის ასევე არის სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლო, თუმცა არასოდეს არ იყენებს თავის შესაძლებლობებს უბრალო სურვილების გამო.  ჩინური და დასავლური დრაკონი ერთმანეთისაგან არამარტო შინაარსით, ასევე გარეგნობითაც განსხვავდებიან. დასავლური მითოლოგიის დრაკონის განუყოფელი ატრიბუტია ცეცხლი და ფრთები. ჩინური დრაკონი ამ ორივე მოტივს მოკლებულია. როგორც წესი, ჩინური დრაკონი წარმოდგენილია, როგორც ამინდის მმართველი და წვიმის მომყვანი არსება. რამდენადაც წვიმა აუცილებელია სოფლის მეურნეობისათვის, დრაკონის კულტი უბრალო ხალხში ძალიან პოპულარული იყო. გარდა ამისა, ჩინურ დრაკონს არც ფრთები გააჩნია. ჩინურ კულტურაში დრაკონის სხეულის ნაწილები დეტალურადაა აღწერილი. ის წარმოდგენილია სხვადასხვა ცხოველის სხეულის ნაწილებით- ირმის რქები, ნიანგის თავი, დემონის თვალები, გველის კისერი, ვეფხვის ტორები, არწივის ბრჭყალები, კუს მუცელი, საქონლის ყურები.

იმდენად დიდია დრაკონის მნიშვნელობა ჩინურ კულტურაში, რომ ჩინელები ხშირად საკუთარ ერს „დრაკონის შთამომავლებად“ მოიხსენიებენ. გარდა კინოფილმებისა და ანიმაციებისა, დრაკონის სახე კიდევ შემორჩა რიგ ტრადიციულ დღესასწაულებში. უპირველეს ყოვლისა ესაა დრაკონის ცეკვა, რომელიც ჩინური ახალი წლის პერიოდში იმართება. ასევე აღსანიშნავია „დრაკონის ნავების ფესტივალი“ ჩინური მთვარის კალენდრის მეხუთე თვის მეხუთე დღეს. დრაკონის არის ჩინური ზოდიაქოს ერთ-ერთი ცხოველი. რამდენადაც დრაკონი ბედნიერების, სიძლიერისა და სიბრძნის სიმბოლოა, მიაჩნიათ, რომ ეს თვისებები მის წელში დაბადებულ ბავშვებზე გადავა. ამიტომაც, ჩინეთში დრაკონის წელში უფრო მეტი ბავშვი იბადება ხოლმე, ვიდრე სხვა წლებში.

NO COMMENTS