ძველ ჩინეთში ციურ სხეულებსა და ვარსკვლავთა ჯგუფებზე დაკვირვების გზით, გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის, ოთხი სეზონის მონაცვლეობის ციკლი ოდითგანვე შეამჩნიეს. ამავდროულად შენიშნეს, რომ მთვარე ფორმას იცვლიდა, თუმცა ამ ცვალებადობაში შეინიშნებოდა გარკვეული კანონზომიერება. მთვარე გადიოდა ფაზებს ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, შემდეგ კი სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე. პერიოდს, რომელიც მთვარეს ერთი სრული ფაზისთვის სჭირდებოდა, თვე უწოდეს. ასე შეიქმნა პირველი ჩინური ტრადიციული კალენდარი, სიას კალენდარი (夏历), რომელსაც მთვარის კალენდარსაც უწოდებდნენ. სიას კალენდარი ხუთ სხვა ჩინურ კალენდართან ერთად ცნობილია, როგორც „ექვსი უძველესი კალენდარი.“

დღეს ჩინეთში მთვარის კალენდრის პირველ თვეს მეორენაირად ხშირად 正月-ს (ჭენგიუე) უწოდებენ. ეს იქიდან მომდინარეობს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩინეთში დინასტია იცვლებოდა, ის ცვლიდა კალენდარსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უძველეს ჩინეთში რომელი თვე იქნებოდა წლის პირველი თვე, განსხვავდებოდა დინასტიების მიხედვით. სიას დინასტიისთვის პირველი თვე იანვარი იყო, შანგის დინასტიისთვის – დეკემბერი, ხოლო ჭოუს დინასტიისთვის პირველ თვეს ნოემბერი წარმოადგენდა. ეს დინასტიები თვეების თანმიმდევრობის ყოველი შესწორების შემდეგ, შეცვლილ თანმიმდევრობაში პირველ თვეს უწოდებდნენ 正月-ს. 正 (ჭენგ) აქ შესწორებას ნიშნავდა. ის, რომ 正月 დღეს მთვარის კალენდრის პირველ თვეს ეწოდება, ხანის დინასტიის იმპერატორ უს (ძვ.წ. 141-87წწ.) გადაწყვეტილების შედეგია.

რატომ წარმოითქმება სიტყვა 正月-ში იეროგლიფი 正 პირველ ტონში, ისევე როგორც იეროგლიფი 征(ჭენგ)? არც ესაა შემთხვევითობა; იმპერატორ ცინშიხუანგის ნამდვილი სახელია 嬴政(ინგჭენგი). მას შემდეგ, რაც მან სამყარო გააერთიანა, ის უკმაყოფილო იყო, რომ იეროგლიფი 正 მის სახელში არსებული 政-ის მსგავსად გამოითქმოდა, ამიტომ მან მოითხოვა, 正月 გამოეთქვათ როგორც 征月. ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა, იმპერატორი მას სიკვდილით სჯიდა. სწორედ ამიტომაა, რომ 正月-ში არსებული იეროგლიფი 正, ვერბალურად დღესაც გამოითქმის, როგორც 征, ანუ პირველ ტონში.