იუენსიაოძიე[1] მთვარის კალენდრის პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს აღინიშნება. დღესასწაულს ფარნების ფესტივალსაც უწოდებენ, რადგან ამ დღეს ხალხში გავრცელებულია ფარნების დაკიდება, ტარება, ყურება და სხვა მრავალი ფარნებთან დაკავშირებული წეს-ჩვეულება.

ჩინელებმა ფარნების ფესტივალის აღნიშვნა ხანის დინასტიის[2] მმართველობის პერიოდიდან დაიწყეს. ეს იყო ბუდჰიზმის აყვავების ხანა. მთვარის კალენდრის პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს ერთმა იმპერატორმა ბრძანა, რომ აენთოთ ფარნები იმპერიულ სასახლესა და ტაძრებში, რათა გამოეხატათ პატივისცემა ბუდას მიმართ. მოგვიანებით ეს ბუდჰისტური რიტუალი თანდათანობით ჩამოყალიბდა გრანდიოზულ დღესასწაულად და გავრცელდა ცენტრალური დაბლობებიდან მთელ ჩინეთში.

დასავლეთ ხანის დინასტიაში წამოწყებული დღესასწაული, განსაკუთრებით სუეისა[3] და თანგის[4] დინასტიების პერიოდში განვითარდა. ფარნების დაკიდების რიტუალი ინარჩუნებდა პოპულარობას მომდევნო დინასტიებშიც და ტრადიციისამებრ გადაეცემოდა მომავალ თაობებს.

ფარნების ფესტივალი ცნობილი გახდა, როგორც სიყვარულისა და მაჭანკლობის დღე თანგისა და სუნგის დინასტიების პერიოდში. ეს იყო იმ მცირერიცხოვან ღამეთაგან ერთ-ერთი, როდესაც არ მოქმედებდა მკაცრი შეზღუდვა გარეთ გასვლაზე. იმპერატორი ნებას აძლევდა ხალხს ბოლომდე დამტკბარიყვნენ სადღესასწაულო მხიარულებით. ასაკოვანი ქალბატონები ახალგაზრდა გოგონებს ახლდნენ ქუჩებში და აიმედებდნენ, რომ ისინი შეძლებდნენ სიყვარულის პოვნას. მაჭანკლები დაკავებული იყვნენ ადამიანების დაწყვილებით. კაშკაშა ფარანი იყო კარგი იღბლისა და იმედის სიმბოლო.

თანამედროვე პერიოდში ფარნების ფესტივალი ხალხისთვის იქცა მხიარულებისა და გართობის დღედ. პირველი თვის მეთხუთმეტე დღის დადგომამდე, ქუჩები ფარნებით, კაშკაშა დეკორაციებით, სხვადასხვა განათებით ივსება, ხოლო მეთხუთმეტე დღის საღამოს იწყება მთელი მხიარულება. ხშირია ცხოველების, ჩიტების, ყვავილებისა და მცენარეების ფორმის ფარნები. უძველეს პერიოდში მხოლოდ იმპერატორსა და არისტოკრატებს ჰქონდათ დიდი დახვეწილი ფარნების ფლობის საშუალება, ხალხში ჩვეულებრივი უბრალო დიზაინები იყო გავრცელებული. დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმის, ზომის, სირთულისა და დიზაინის ფარნები, რაც დღესასწაულს ხიბლსა და ხალისს მატებს.

[1] 元宵节 – ფარნების ფესტივალი, აღინიშნება მთვარის კალენდრის პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს.

[2] ხანის დინასტია – ჩინეთის მეორე ყველაზე დიდი საიმპერატორო დინასტია (ძვ.წ 206 – ახ.წ 221) ჭოუს დინასტიის შემდგომ.

[3] სუეის დინასტია – (581 – 618 წწ.) ჩინეთის დინასტია, რომელმაც შეძლო ოთხწლიანი დანაწევრების შემდეგ ქვეყნის გაერთიანება. შექმნა კარგი საფუძველი კულტურული განვითარებისთვის.

[4] თანგის დინასტია – (618 – 907 წწ.) სუეის დინასტიის შემდგომი დინასტია, რომელმაც განაგრძო წარმატებული სამმართველო და ადმინისტრაციული ფორმის ჩამოყალიბება სუეის დინასტიის მოდელზე.