ფაფას, სახელად „ლაპა“, მიირთმევენ მთვარის კალენდრის მეთორმეტე თვის მერვე დღეს. ფაფა „ლაპა“ ასევე ცობილია, როგორც „ბუდას ფაფა“, „სადილი ყველასთვის“ ან „რვა საგანძურის ფაფა”, (ვინაიდან ტრადიციულად ფაფა ლაპა მზადდება რვა მთავარი და რვა დამატებითი ინგრედიენტისგან[1]) არის სხვადასხვა მრავალფეროვანი ინგრედიენტისგან დამზადებული კერძი.  ამ კერძის მირთმევა კი ლაპას ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. ფაფა „ლაპას“ ტრადიციული ინგრედიენტებია : ბრინჯი, ფეტვი, ხორბალი, ჩინური მარგალიტის ქერი, წითელი ფინიკი, ლოტუსის მარცვლები, არაქისი, ლონგანი (ასევე ცნობილი, როგორც დრაკონის თვალი) და სხვადასხვა სახის ცერცვი : აძუკი, მუნგი, იგივე მაში, სოიოს მარცვლები, შავი სოიოს მარცვლები და ა.შ.

ჩინეთში „ლაპას“ კერძს მიირთმევენ სუნგის დინასტიის პერიოდიდან (960-1279წწ). ამ პერიოდში, როგორც მონასტრებში, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ სამთავრობო დაწესებულებებში, ყოველ ლაპას ფესტივალზე ამზადებდნენ ფაფა „ლაპას“. ეს წესი კიდევ უფრო განმტკიცდა ცინგის დინასტიის დროს (1644-1911 წწ), როდესაც იმპერატორი და დედოფალი უმასპინძლდებოდნენ მსახურებს და მოხელეებს ფაფით და უგზავნიდნენ მონასტრებს ბრინჯსა და ხილს “ლაპას” მოსამზადებლად.  გარდა ამისა,  ყველა ჩინურ ოჯახში ეს კერძი წინაპრების პატივსაცემად მზადდებოდა და მას არა მხოლოდ თავად ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, არამედ სხვა ოჯახებსაც უგზავნიდნენ კეთილი სურვილების გამოხატვის ნიშნად.

ჩინეთში ბუდიზმის გავრცელების შემდეგ, ვხვდებით ლაპას ფესტივალის წარმოშობის მეორე ვერსიას, რომლის მიხედვითაც „ლაპას“ ფაფის მირთმევის წეს-ჩვეულება ბუდიზმიდან იღებს სათავეს. ლეგენდის თანახმად, ეს დღე არის ბუდა შაკიამუნის გასხივოსნების დღე, ასევე ცნობილი, როგორც „ბუდას სწავლების დღესასწაული“. ჩინელებს აქვთ გამოთქმა, „ლაპას მოსვლასთან ერთად, ახალი წელიც გვიახლოვდება“, შესაბამისად, ლაპა ასევე ერთგვარად ვედრების მნიშვნელობასაც ატარებს, რათა ახალ წელს ადამიანებს ჰქონდეთ უხვი მოსავალი, მოსავლისთვის ხელსაყრელი კარგი ამინდი, ჯანმრთელობა და სიმშვიდე ოჯახში. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ჩინეთში არის ასევე დამწნილებული ნივრის, იგივე „ლაპას ნივრის“, მომზადების ტრადიცია. მას ახალ წელს ძიაოწისთან[2] ერთად მიირთმევენ.

  ზოგიერთ, უფრო მეტად დეტალებზე ორიენტირებულ ოჯახში, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ ფაფის ფერს და უპირატესობას ანიჭებენ შედარებით უფრო ღია ფერებს, ვინაიდან ღია ფერის ფაფა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ უფრო ესთეტიკურიცაა. ასევე,  ფაფის მომზადებისას ხილისგან მითოლოგიური ცხოველებისა და  ადამიანების ფორმებს აკეთებენ, თუმცა, ეს წესი დღესდღეობით მხოლოდ დიდ მონასტრებშია შემორჩენილი.

[1] სიტყვა ლაპას მეორე მარცვალი, პა (八) ჩინურად რვას ნიშნავს.

[2] ძიაოწი – ტრადიციული ჩინური პელმენი,  თხელ ცომში მოთავსებული ხორცი წვრილად დაჭრილ ბოსტნეულთან ერთად.