Home კულტურა ჩინეთი კოსმოსშიც აქტიურობს – წარმატებული მისია მთვარეზე

ჩინეთი კოსმოსშიც აქტიურობს – წარმატებული მისია მთვარეზე

ავტორი: მარიამ გოგუა

0
51

 

3 იანვარს ჩინეთმა, მთვარის ჯერ კიდევ შეუსწავლელ, მის შორეულ მხარეს კოსმოსური ზონდი წარმატებით დასვა. ჩინეთის Chang’e 4 მისია პირველად დაეშვა მთვარის ე.წ. „ბნელ მხარეს“. აშშ, ევროკავშირი, ინდოეთი და იაპონია, ასევე გეგმავენ მისიის გაგზავნას მთვარეზე, თუმცა Chang’e მისია აღმოჩნდა პირველი, რომელმაც უკვე შეძლო გაეგზავნა ორი სატელიტი და უპილოტო როვერი დედამიწის უახლოეს მეზობელთან. უკანასკნელ პროგრამას შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ამბიციურიც კი, რადგან მიზნად ისახავს მთვარის ჯერ კიდევ უცნობი ნაწილების შესწავლას.

ჩინეთის ეროვნული კოსმოსის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ Chang’e 4 სამეცნიერო ამოცანები მოიცავს ასტრონომიულ დაკვირვებას დაბალი სიხშირული რადიოთი; რელიეფის და მიწის ფორმების კვლევას; მინერალური შემადგენლობისა და მთვარის არაღრმა ზედაპირის სტრუქტურის გამოვლენას; ნეიტრონული გამოსხივებისა და ნეიტრალური ატომების გაზომვას -ეს ყველაფერი კი საჭიროა მთვარის შორეული, იგივე ბნელი მხარის შესასწავლად. მისიას თან ახლავს ინსტრუმენტების მთელი კომპლექტი, რომელიც აუცილებელია რეგიონის გეოლოგიურად შესასწავლად და ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

 

რა ისტორია აქვს პროგრამის სახელს და რატომ აირჩია ის ჩინეთმა?

ქალღმერთი ჩანგ’ე ჩინური ფოლკლორისა და მითოლოგიის ცნობილი პერსონაჟია, რომელიც მთვარეზე ცხოვრობს მის კურდღელთან ერთად. მთვარის ქალღმერთი შუა-შემოდგომის ფესტივალის მთავარი გმირიც გახლავთ, რომლის დროსაც მისი მეუღლე- ჰოუი ამზადებს ნამცხვარსა და ხილს მისი სახელის უკვდავსაყოფად.

არსებობს განსხვავებული ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ჩანგ’ე მთვარეზე უკვდავების ელექსირის დალევის შემდეგ. ერთ-ერთი პოპულარული ისტორიის მიხედვით, მას მოუწია ამ ელექსირის დალევა, რათა ის ბორტმოქმედის ხელში არ აღმოჩენილიყო. ამ ვერსიის თანახმად, ათასწლეულების წინ, ცაზე 10 მთვარე იყო. ჰოუი იყო შესანიშნავი მშვილდოსანი და ფლობდა ჰერკულესის ძალას. სწორედ მან ჩამოაგდო 9 მზე და დატოვა მხოლოდ ერთი, რათა დაეცვა ადამიანები გაუსაძლისი სიცხისგან. ღმერთებმა კი ის დააჯილდოვეს უკვდავების ელექსირით. ჰოუიმ ელექსირი ცოლს გადასცა შესანახად იმ მიზეზით, რომ არ სურდა ჩანგ’ე-ს გარეშე ეცხოვრა სამუდამოდ.

სამწუხაროდ, ჰოუის ბოროტმა მოსწავლემ-ფენგმენგმა შეიტყო ამ ელექსირის შესახებ და სახლში შეიჭრა მისი იქ არყოფნის დროს. იმისთვის, რომ ფენგმენგს ელექსირი არ დაელია ჩანგ’ემ თავად დალია ის და მაშინვე ცაში აფრინდა, თან კი კურდღელიც გაიყოლა. როგორც ცნობილია, იმ დროს სავსე მთვარე იყო. სწორედ ამიტომ დაერქვა ჩინეთის ამ მისიას ეს სახელი. აპოლო 11 მისიის დროს, ნასას შტაბმა ასტრონავტები გააფრთხილა მთვარეზე გადასვლის შემდეგ ეპოვათ „საყვარელი გოგო დიდ კურდღელთან ერთად“.

საიდან მოდის სატელიტ Queqiao (ციუეციაო)-ს სახელი?

ჩინური ფოლკლორის თანახმად, ციუეციაო, რომელიც ითარგმნება როგორც „კაჭკაჭების ხიდი“, არის ადგილი კოსმოსში, სადაც დაშორებული წყვილები წელიწადში ერთხელ ერთმანეთს ხვდებიან. ეს ისტორია მოგვითხრობს ორი ადამიანის, მენახირისა და ფერიას შესახებ, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ ქორწინებამ განარისხა ღმერთები, რომლებმაც ისინი ერთმანეთს დააშორა. ასე აღმოჩნდნენ შეყვარებულები „ირმის ნახტომის“ სხვადასხვა მხარეს. მათ  წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ ერთმანეთის ნახვა, მეშვიდე მთვარის თვის მეშვიდე დღეს, როდესაც ათასობით კაჭკაჭი ქმნის ხიდს, რომლის დახმარებითაც შეყვარებულები „ირმის ნახტომის“ ზუსტად შუა ადგილას ხვდებიან ერთმანეთს.

სატელიტის სიმბოლური სახელი კი დაკავშირებულია ლოჯისტიკურ გამოწვევასთან. მთვარის შორეულ მხარეს არსებული როვერი ვერ ახერხებდა დედამიწასთან პირდაპირ კომუნიკაციას, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი აუცილებელი გახდა სატელიტ-Queqiao-ს გაგზავნა. დედამიწიდან 400,000 კილომეტრით დაშორებული Queqiao არის შუამავალი დედამიწასა და მთვარეზე განთავსებულ როვერს შორის.

რომელი უფრო სწორია, მთვარის შორეული მხარე, თუ ბნელი მხარე?

ტექნიკურად, მთვარის შორეული მხარე უფრო სწორია, რადგან მისი დანახვა დედამიწიდან შეუძლებელია. ეს ხდება იმიტომ, რომ მთვარე დედამიწას უვლის ყოველ 27 დღეში ერთხელ, იგივე დროა საჭირო მის ღერძის გარშემო შემოსატრიალებლად. ეს არის ფენომენი, რომელსაც ასტრონომები სინქრონულ როტაციას უწოდებენ. ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ ეს ადგილი მანამ, სანამ 1959 წელს, საბჭოთა სატელიტმა პირველი ფოტო გამოაგზავნა დედამიწაზე. ეს რეგიონი ბნელი სულაც არ არის, რადგან მზის სინათლე ჩვეულებრივად აღწევს ამ ადგილამდეც.

1990-იან წლებში, მთვარის შესწავლის სურვილი თითქოს გაქრა მას შემდეგ, რაც იაპონიის ორბიტულმა მფრინავმა აპარატმა დაკარგა კონტაქტი მის ცენტრთან. თუმცა, 2004 წელს, ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მთვარეზე საკუთარი პროგრამა უნდა დაეწყო. იყო დებატები, უნდა დაეხარჯა თუ არა ჩინეთს მისი დრო და რესურსის მთვარის შესწავლაზე, თუმცა ამ იდეამ სახელმწიფო საბჭოს თანხმობა დაიმსახურა. ჩინეთის პროგრამა 2007 წელს ამოქმედდა და სამ ფაზას მოიცავს: ფრენა მთვარის ორბიტაზე, მთვარეზე დაჯდომა და ბოლოს მთვარის ნიმუშებთან ერთად დედამიწაზე დაბრუნება. ჩინეთი მეორე ფაზის დასასრულს უახლოვდება. შემდეგი მისიის, Chang’e 5-ის მიზანია ნიმუშების შეგროვება და დედამიწაზე დაბრუნება 2020 წლისთვის. 2030 წლამდე მთვარეზე ადამიანთა ეკიპაჟის დასმასაც იგეგმება. პირველი ფოტოები, რომელიც ჩინურმა როვერმა დედამიწაზე გამოაგზავნა, აჩვენებს, რომ მთვარის ეს ნაწილიც საკმაოდ განათებულია.

ჩინეთის ამ პროგრამას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. როგორც ვიცით, ცივი ომის პერიოდში კონკურენცია ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მძვინვარებდა, რაც ხელს უწყობდა კოსმოსის აქტიურ ათვისებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას. მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, დასრულდა ცივი ომი, აშშ-ს არ ჰყოლია ძლიერი კონკურენტი, თუმცა 21-ე საუკუნეში ასპარეზზე გამოჩნდა ჩინეთი, რომელიც მყარად იმკვიდრებს თავს. ჩანგ’ე მისია სწორედ ამისი დადასტურებაა. თავის მხრივ, აშშ კოსმოსური ძალების ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლის მიზანიც, იდეის ავტორთა აზრით, იქნება ჩინეთიდან მომავალ „საფრთხეების“ განეიტრალება. როგორც 2018 წელს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აღნიშნა, „მეტოქე ქვეყნებმა კოსმოსი ახალ საომარ სივრცედ აქციეს, ამერიკის შეერთებული შტატები კი არ აპირებს გაექცეს ამ გამოწვევას“.

[:]

NO COMMENTS