Home "სარტყელი და გზა" ჩინეთის ექსპერტი 2019 ქორწინების ტრადიციები ჩინეთში

ქორწინების ტრადიციები ჩინეთში

თამარ ქვლივიძე

0
71

ქორწინება ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩინელი ხალხიც.

ქორწინებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყება (ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ჰონგკონგში, შეიძლება 1-2 წელსაც გაგრძელდეს). ეს დამოკიდებულია ქორწილის მასშტაბზე და თარიღზე (ჩინელები თარიღს დიდ მნიშვნელობას აქცევენ, ამიტომ მრავალი წყვილი ერთსა და იმავე „იღბლიან დღეს“ ირჩევს, შესაბამისად, საქორწინო დარბაზების, ცერემონიისთვის საჭირო ადგილებისა და ადამიანების რესუსრსი კიდევ უფრო იზღუდება).

ქორწინების წინა დღეს მომავალი მეუღლეები ერთმანეთისგან განცალკევებით, საკუთარ სახლებში ატარებენ. საღამოს ორივეს სახლში ინთება სანთლები, და ტარდება მათი „განწმენდის“ და ქორწინებისთვის მომზადების ცერემონია: ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათ ვარცხნის თმას და სიტყვიერად ამზადებს ქორწინებისთვის; ეუბნება, რომ იგი უკვე ზრდასრულია, დიდ გადაწყვეტილებას იღებს და უსურვებს, რომ ამ გრძელ გზაზე მუდამ წარმატებით იაროს საკუთარ მეუღლესთან ერთად. ამ დღეს საცოლეც და საქმროც წითელ პიჟამოს იცვამს და წითელი ფერის თეთრეულში იძინებს.

ქორწილის დღეს, საქმრო თავისი მეჯვარეებით ადრიანად მიდის საცოლის სახლში. აქ მას კარებთან საცოლის მეჯვარეები ხვდებიან. „საცოლეს უნდა ნამდვილი გული, მის მეჯვარეებს – ნამდვილი ფული“, – ასე ეგებებიან საქმროს საცოლის მეჯვარეები. მამაკაცი თავისი მეჯვარეებიანად მათ აძლევს „წითელ კონვერტებს“, სადაც ფული დევს. საცოლის მეჯვარეები ითვლიად და რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავენ, უნდა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, თუ ფულის დამატება მოითხოვონ.

შემდეგი ეტაპი თამაშებია. საქმროს საცოლის წაყვანის უფლების მისაღებად მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს. თანამედროვე ჩინეთში ეს თამაშები მოიცავს სიმღერას, სასაცილო ცეკვას, სახალისო კოსტიუმების ტარებას, ფიზიკური აქტივობების შესრულებას, უგემური საკვების მირთმევას ან სითხის დალევას და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია მეჯვარეების ფანტაზიაზე. თუკი საქმრო რომელიმე თამაშს თავს ვერ ართმევს, მისი მეჯვარეები ეხმარებიან მას. ამიტომ სხვადასხვა კუთხით ძლიერი მეჯვარე საქმროს უპირატესობაა.

შემდეგ ეტაპზე საქმრო საცოლის ოთახის კართან მიდის და მას სიყვარულს უხსნის, მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარში დგომას ჰპირდება. როგორც წესი, ამის შემდეგ საცოლე მამას გამოჰყავს და საქმროს აბარებს. ამის შემდეგ საქმრო-საცოლე მშობლების წინ მუხლმოყრილი ჯდება და მათ ჩაის ასმევს. მშობლები მათ ლოცავენ და საქორწინო ძვირფასეულობას გადასცემენ.

ამ ცერემონიის შემდეგ საქმროს საცოლე თავის სახლში მიჰყავს და ახლა იქ ტარდება ჩაის სმის ცერემონია. საქმროს მშობლებიც ლოცავენ წყვილს და ძვირფასეულობას გადასცემენ.

ბოლო ეტაპი სტუმრებთან ერთად ვახშმობაა. დარბაზის შესასვლელში მეჯვარეები იღებენ სტუმრების წითელ კონვერტებს, შეგროვებულ თანხას ქორწილის ბოლოს წყვილს გადასცემენ. ვახშმის დაწყების წინ წყვილი ოფიციალურად ქორწინდება – ხელს აწერს. ვახშმის დროს კი წყვილი თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად რიგ-რიგობით ყველა მაგიდასთან მიდის, რათა ყველა სტუმართან ჰქონდეს კომუნიკაცია. ამგვარად, ქორწილის დღე დიდი მხიარულებით მთავრდება.

NO COMMENTS