დრაკონის ნავების დღესასწაული, ასევე ცნობილი როგორც ”ტუან უ ძიე”, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინეთში, რომელიც წელს 22 ივნისს აღინიშნება. ამ დროს ჩინეთში ოფიციალურად ისვენებენ.

დღესასწაული, რომელიც არსებობის 2,000 წელზე მეტს ითვლის, ჩინური მთვარის კალენდრის მე-5 თვის მე-5 დღეს აღინიშნება და გამოითქმის როგორც: 端午节 ტუან უ ძიე. ამ დღის საპატივსაცემოდ, რეგიონებში ეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელთა შორისაა ნაოსონობა, ციოუ იუენისადმი მიძღვნილი აქტივობები და სხვა. ფესტივალის ძირითად კერძი გახლავთ ”წუნგ წ’”(粽子) – ლერწმის ფოთოლში შეხვეული, ორთქლზე მოხარშული წებოვანი ბრინჯი, ლობიოს, ფინიკის ან სხვა შიგთავსით.
დრაკონის ნავის ფესტივალის თარიღი განისაზღვრება მთვარის კალენდრის მიხედვით, ამიტომ თარიღი წლიდან წლამდე იცვლება.
დრაკონის ნავების ფესტივალი არის საყოველთაო ხალხური დღესასწაული, რომელიც სავსეა ტრადიციებითა და ცრურწმენებით, რომელებიც, შესაძლოა, წარმოიშვა დრაკონის თაყვანისცემიდან, ციოუ იუენის მოხსენიებისა და თაყვანისცემის დღიდან.
დრაკონის ნავების ფესტივალი – ლეგენდიდან სპორტულ ღონისძიებამდე
ნაოსნობა, როგორც უკვე ვთქვით, მომდინარეობს ხალხური ლეგენდიდან. ლეგენდის თანახმად, ქალაქის მცხოვრებლები სხდებოდნენ ნავებში და ეძებდნენ მდინარეში დამხრჩვალი პოეტის, ციოუ იუენის (ძვ.წ 343–278) სხეულს.
ორიათასწლიანი უწყვეტი განვითარებით, დრაკონის ნავების შეჯიბრი, გახდა სპორტის მნიშვნელოვანი და საკმაოდ კონკურენტუნარიანი სახეობა. ჩინეთში ფესტივალის დროს არაერთ ადგილას ეწყობა შეჯიბრების ეს სახეობა. მათგან ყველაზე პოპულარული კი შემდეგი ოთხია:
- ჰონგ კონგის დრაკონის ნავების ფესტივალი: ვიქტორიას პიკი, კოვლუნი, ჰონგ კონგი
- იუეიანგის საერთაშორისო ნაოსნობის ფესტივალი: მდინარე მილუო, საერთაშორისო დრაკონის ნავის შეჯიბრის ცენტრი, იუეიანგი, ხუნანის პროვინცია
- კუეიჭოუსს დრაკონის ნავების ფესტივალი მიაოს ხალხისათვის: მდინარე ცინგშუეი, სოფელი თაიძიანგი, ციენტუნგნან მიაო და ტუნგი, კუეიჭოუს პროვინცია
- ხანგჭოუს დრაკონის ნავების ფესტივალი: სისის ეროვნული პარკი, თიენმუშანი, ქალაქი ხანგჭოუ, ჭეძიანგის პროვინცია
დიდი ხნის განმავლობაში, ფესტივალის დროს არაერთი ღონისძიება და წესჩვეულება დამკვიდრდა, როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელი ხალხის გავლენით. ყველაზე ტრადიციულ წესად კი მიიჩნევა: ნაოსნობა, წებოვანი ბრინჯის ”წუნგ წ’ -სს” ჭამა, ღვინის დალევა და პატარა სურნელოვანი ჩანთების ტარება. დღეს, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ გაქრა.
როგორც უკვე ვთქვით, წებოვანი ბრინჯის ”წუნგ წ’ ს” ჭამა, დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ნაოსნობის მსგავსად, ეს კერძიც ციოუ იუენის ხსოვნას უკავშირდება. როგორც ლეგენდა ამბობს, წებოვანი ბრინჯის ბურთულებს ყრიდნენ მდინარეში, რათა თევზებს შეეწყვიტათ პოეტის ჩაძირული სხეულის ჭამა. წებოვანი ბრინჯის ბურთულების არაერთი სახეობა არსებობს, რომელიც მზადდება წებოვანი ბრინჯისა და ხორცისაგან, ბრინჯისა და მარცვლებისაგან ან სხვა ბოსტნეულისაგან, რომელიც გახვეულია ლერწმის ან ბამბუკის ფოთლებში.
დღესასწაულის დადგომამდე, მშობლები როგორც წესი, პატარა სურნელოვან ჩანთებს ამზადებენ თავიანთი შვილებისათვის. ქსოვენ სხვადასხვა ფერის აბრეშუმისგან. ჩანთებს სუნამოს აპკურებენ ან მცენარეული მედიკამენტებით ავსებენ და შემდეგ, აბრეშუმის ძაფებით კრავენ. ღონისძიების დროს, ბავშვებს ჩანთები გულზე უკიდიათ ყელსაბამის მსგავსად ან ტანსაცმელზე ამაგრებენ, როგორც ერთგვარი აქსესუარი. ერთ-ერთი ხალხური ლეგენდის მიხედვით, რომ პატარა სურნელოვანი ჩანთები ცუდი აურისგან იცავს.
